სემინარები

2023 წლის 14 ივნისს 12.00 საათზე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ნანი მამულაძე, ქეთევან შოთაძე და მარინე გურგენიძე წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: „სკოლამდელი განათლება და პირველკლასელთა აკადემიური მიღწევები“

2023 წლის 14 ივნისს 12.00 საათზე,  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორები ნანი მამულაძე, ქეთევან შოთაძე    და მარინე გურგენიძე წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: სკოლამდელი განათლება და პირველკლასელთა  აკადემიური მიღწევები

 

ნანი მამულაძე - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ქეთევან შოთაძე - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

მარინე გურგენიძე - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

 

სკოლამდელ ასაკში ბავშვისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მისი პიროვნებად ჩამოყალიბების, ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის ფორმირების აუცილებელ პირობაა.  შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდა სცილდება ბავშვის მხოლოდ სკოლისთვის მომზადების არეალს და მიზნად ისახავს მის პიროვნებაზე ისეთი ზეგავლენის მოხდენას, რაც მას შემდგომში საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ჩვევებს განუვითარებს.

პედაგოგიურ პრაქტიკაში, ტრადიციულად, სკოლამდელი ასაკი განიხილება პერიოდად, რომლის დროსაც ბავშვი აღწევს სკოლისთვის მზაობის დონეს. არის  შემთხვევა, როცა ზოგიერთი პედაგოგი და მშობელიც მიიჩნევს, რომ ზედმეტია სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, თუ ის ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია და 6-7 წლის შესრულებასთან ერთად, ავტომატურად, თავისით აღწევს სასკოლო მზაობის დონეს. ამავდროულად არის შეხედულებაც, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვის სკოლისთვის მომზადება დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიწოდებას, ბევრი ლექსის, ზღაპრისა თუ მოთხრობის დაზეპირებას გულისხმობს. ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის ბავშვობის ხანა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი ის კი არ არის, სწავლება დავაჩქაროთ და სკოლამდელი ბავშვი სასწრაფოდ ვაქციოთ მოსწავლედ, არამედ მნიშვნელოვანია ბავშვის ქცევისა და უნარების განვითარებასა თუ გამდიდრებას შევუწყოთ ხელი.

არის თუ არა სკოლამდელი განათლება  პირველკლასელთა აკადემიური მიღწევების წინაპირობა? აღნიშულ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია შევეხოთ საკითხს, თუ რა უნარების განვითარებას გულისხმობს ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და განვითარების სტანდარტი, რას გვთავაზობს სკოლამდელი განვითარების სასწავლო გეგმა  და ასევე, რა აკადემიური უნარები უნდა ჩამოუყალიბდეს მოზარდს სასკოლო ასაკში, რომელიც მომავალში მის პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

კვლევის განხორციელების ადგილი
ბათუმის (№1, №3, №4, №10, №18, №20 ) საჯარო და კერძო (,,ნიკე“, ,,ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი“, ,,თაობა XXI“) სკოლები

კვლევის მიზანი: არის თუ არა სკოლამდელი განათლება  პირველკლასელთა აკადემიური მიღწევების წინაპირობა? რას ეფუძნება სწავლების პრინციპები და მეთოდოლოგია სკოლამდელ საფეხურზე და შესაბამისად, რა აკადემიური უნარები უნდა ჩამოუყალიბდეს პირველკლასელს.

კვლევის შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები:

  • სკოლამდელი განათლება საგანმანათლებლო სისტემის საფუძველია, რომელმაც ბავშვი უნდა მოამზადოს განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად. შესაბამისად, განათლების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმაც ზოგადი განათლების მიზნებზეა ორიენტირებული;
  • ბავშვს სასკოლო მოთხოვნების შესასრულებლად, წერა-კითხვისა და მათემატიკის წარმატებით ასათვისებლად, აუცილებელია მომწიფებული ჰქონდეს: 1. შემეცნებითი უნარები: 2. მეტყველების უნარები; 3. პიროვნულ-ემოციური სფერო; 4. ნებელობა;
  • სკოლამდელი განათლება  ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ამოცანების გადაჭრას,  როგორიცაა: კომუნიკაციური უნარების განვითარება;  სოციალიზაციის ხელშეწყობა; აღქმის განვითარება;  მოტორული, სენსორული, კინესთეტიკური სისტემების დახვეწა-განვითარება;  კოგნიტური უნარების (მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება) განვითარება; წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარების განვითარება;  დამოუკიდებლობის უნარის განვითარება; დადებითი განწყობის ჩამოყალიბება სწავლისა და სასკოლო გარემოს მიმართ.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა