სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათელა ფარტენაძე 2024 წლის 23 მაისს, 16 საათზე, 37-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „სიტყვათა სინტაქსური შეკავშირების კერძო შემთხვევები და სამწვერა სინტაგმები ქართულში“.

როგორც წესი, სინტაგმას ქმნის ორი სრულმნიშვნელოვანი სიტყვა, რომელთა შორისაც არის დაქვემდებარებითი დამოკიდებულება და აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ფორმისა და შინაარსის თანხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში სინტაგმა ვერ იქნება. ის შედგება: 1. სახელისა და სახელისაგან; 2. სახელისა და ზმნისაგან; 3. სახელისა და უფორმო სიტყვისაგან; 4. უფორმო სიტყვისა და ზმნისგან. აუცილებელია თითოეული შემთხვევა  ჩაიშალოს და მოხდეს დეტალური განხილვა, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს ისეთი სინტაგმები, რომლებიც ზოგად წესს არ მიჰყვებიან და ცალკე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ან კიდევ დაზუსტდეს ყველა კერძო შემთხვევა, რომლებიც მოიაზრება თითოეულ შეკავშირებაში. 

იმის მიხედვით, თუ რა ფორმით გვევლინება წინადადებაში დამოკიდებული სიტყვა (წამყვან, გაბატონებულ სიტყვასთან მიმართებით), განისაზღვრება, სიტყვათა შორის დამოკიდებულების რა სახეა წარმოდგენილი. სახელისა და სახელისაგან შემდგარი სინტაგმა, როგორც წესი, ქმნის მსაზღვრელ-საზღვრულის   კონსტრუქციას. ატრიბუტული და სუბსტანტიური განსაზღვრებები სწორედ სინტაქსური დამოკიდებულების სახის მიხედვით განირჩევიან: 1. ატრიბუტული განსაზღვრება (მაღალი შენობა, წარმატებული უნივერსიტეტი…) ყველგან შეთანხმებულია ბრუნვაში,  2. სუბსტანტიური (დედის დარიგება, აგურის შენობა, ღვთის წყალობა…) ოდენ მართული ან მართულ-შეთანხმებული. თუმცა სახელისა და სახელისაგან შემდგარ სინტაგმებში გარდა აღნიშნული ორი შემთხვევისა უნდა გამოიყოს კიდევ ორი ქვესახეობა: 3. ატრიბუტული განსაზღვრებისა და თანდებულიანი სახელისაგან შემდგარი სინტაგმები: ძველ ქალაქში; მაღალ მწვერვალზე; მეორე სახლთან; ლამაზ ეზოსთან, დიდ საგონებელში, ვიწრო სკამისკენ და მისთ. ასევე: მძიმე სიჩუმეში; „მე   ამ   კაცში   ცუდს   ვერაფერს   ვამჩნევ“; ჩემს დედაზე ბევრს ვფიქრობ“… და 4. სინტაგმები, რომლებიც შედგება თანდებულიანი  სახელისა (სუბსტანტიური განსაზღვრება ან უბრალო დამატება) და ნაზმნარი სახელით გადმოცემული წევრისგან (მონადირისგან ხელშეუხებელი, ადამიანისგან მოკლული; სახლისკენ მიმავალი; სოროში მჯდომი…). ასევე თანდებულიანი სახელით გადმოცემული წევრისა (ძირითადად ვითარების გარემოება) და განსაზღვრებისგან  (დედასავით მართალი, ბავშვივით ლამაზი, ვაზივით ნაზი…).

ისმება კითხვა: ატრიბუტული განსაზღვრება ყველგან შეთანხმებულია ბრუნვაში? ყველა შემთხვევაში საზღვრული წევრია წამყვანი და მსაზღვრელი დაქვემდებარებული? ვფიქრობთ, საქმე ყოველთვის ასე არაა. როცა ატრიბუტული განსაზღვრება თანდებულიან სახელთანაა წყვილში, მაშინ შეთანხმება ვერ გვექნება, რადგან თანდებულიანი სახელით შეიძლება იყოს გადმოცემული როგორც უბრალო დამატება, ასევე გარემოება. არც ერთი და არც მეორე წევრი არაა შეთნხმებული და, ბუნებრივია, ასეთ სინტაგმებში გვაქვს მართვა და არა შეთნხმება, თან დაქვემდებარებული წევრია თანდებულიანი სახელი და წამყვანი - მსაზღვრელი. ამიტომ ცალკე უნდა მოხდეს ამ ტიპის სინტაგმების განხილვაც და სინტაქსური შეკავშირების სახის კვალიფიცირებაც.

რაც შეეხება მეოთხე ქვესახეობას, მართალია, სინტაქსური შეკავშირების კუთხით არ არის განსხვავება, ყველა წყვილში მართვაა, თუმცა მათზე ცალკე უნდა ვიმსჯელოთ, რადგან მათ ახასიათებთ გარკვეული თავისებურებები. კერძოდ, არ ეწარმოებათ ინვერსიული წყობა და წამყვანი სიტყვა უთანდებულო სახელია და დაქვემდებარებული თანდებულიანი.

სწორედ სინტაქსური კავშირის შექმნაში მონაწილე წევრთა ლექსიკურ-სემანტიკური თავისებურებებით განისაზღვრება სინტაქსური დამოკიდებულების ზემოხსენებულ სახეთა ქვესახეები (სახეობები); შესაძლოა მმართველი   იყოს წინადადების სახელით გამოხატული რომელიმე წევრი და, ასევე, მართავდეს ბრუნვაში სხვა სახელს... რასაკვირველია, აქ სინტაქსური ურთიერთობის ორი განსხვავებული ტიპი / სახეობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში მართვის დამოკიდებულებაა.

აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ე.წ. „სამწვერა სინტაგმებზეც“. როგორც წესი, ყოველი სრულმნიშვნელოვანი სიტყვა არის წინადადების წევრი, ორი წევრი კი ქმნის სიტყვათა შეკავშირებას, რომელსაც სინტაქსური წყვილი ანუ სინტაგმა ეწოდება. სიტყვები წყვილდებიან აზრობრივად, შინაარსის გათვალისწინებით და ფორმის დაცვით, ამიტომ ზოგჯერ სამი სრულმნიშვნელოვანი სიტყვა გვაძლევს წყვილს. ეს მაშინ, როცა გვაქვს: 1. მოქმედებით ბრუნვაში მდგარი დროის ერთეულის გადმომცემი უთანდებულო და თანდებულიანი სიტყვა  (საათი, დღე, წუთი, წამი, კვირა, წელიწადი...), მას, ჩვეულებრივ, მსაზღვრელად რიცხვითი სახელები ახლავს ხოლმე: სამი საათით დააგვიანა; ხუთი დღით გაემგზავრა; რამდენიმე წუთით გავიდა; ორი წუთით გამასწრო; მთელი დღით რჩებოდნენ... ასევე: ექვსი საათიდან დაკეტილია; დიდი ხნიდან გადმოსახლებული არიან; იმ დღიდან შეიცვალა...  2. ზმნასთან დაკავშირებული საზღვრული წევრი, რომელიც მსაზღვრელის გარეშე კარგავს შინაარსს. ასეთი მსაზღვრელები ძირითადად ნაცვალსახელებითა და რიცხვითი სახელებით გადმოცემული ატრიბუტული განსაზღვრებებია. მაგალითად: გავიდა რამდენიმე წელიწადი; ერთ ადგილას შევიყარენით; იმ დღეს დაბრუნდა… იმისთვის, რომ დაცული იყოს წყვილის სტრუქტურა და გათვალისწინებულიც იყოს ფორმისა და შინაარსის თანხვედრაც, ე. წ. „სამწვერა სინტაგმებში“  მსაზღვრელი შეიძლება ჩავსვათ ფრჩხილებში. კერძოდ: (იმ) დღიდან შეიცვალა; გავიდა (რამდენიმე) წელიწადი; (იმ) დღეს დაბრუნდა…

ამრიგად, კონკრეტული მაგალითების განხილვისას, საკმაო სხვაობა წარმოჩნდება ამა თუ იმ  წყვილის სინტაქსურ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია ამგვარი სხვაობის მიზეზის გარკვევა და საკითხის სიღრმისეული კვლევა.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა