სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამილა დავითაძე 1 ივნისს, 11 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "ავტოფიქციური და ავტობიოგრაფიული თხრობის თავისებურებები თანამედროვე ევროპულ პროზაში"

ავტოფიქციური და ავტობიოგრაფიული თხრობის თავისებურებები თანამედროვე ევროპულ პროზაში

(ანოტაცია)

ავტოფიქცია, დღესდღეობით, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ პოპულარულ მიმდინარეობად ითვლება, რომელსაც ხშირად მიმართავენ ავტორები, რადგან, იგი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მწერლისთვის საკუთარი ცხოვრებისეული პრობლემების გადმოსაცემად, ასევე, წარსულიდან გამოყოლილი ტრავმების გააზრებისა და მათთან გამკლავების ერთგვარი საშუალებაცაა. ავტოფიქციური თხრობის გამოყენებით იმ დაფარულ და მტკივნეულ დეტალებს აღწერენ, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ხოლო წიგნი საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის და განსჯის საგანი ხდება. პირადი ურთიერთობები, ცხოვრებისეული ტრავმები, კარიერული წარმატება თუ წარუმატებლობა, ის თემებია, რასაც ხშირად ვხვდებით ავტოფიქციის ნიმუშებში, მკითხველი კი, დაბნეულია, ავტორის თუ გამოგონილი პერსონაჟის ცხოვრებას ეცნობა, რადგან, ძალიან დიდია მათ შორის მსგავსება. წარმოდგენილ სამეცნიერო სემინარში, რამდენიმე ავტორის მიხედვით, განვიხილავთ ავტოფიქციური და ავტობიოგრაფიული პროზის მაგალითს და თხრობის თავისებურებებს. ავტორები ავითარებენ ორ სხვადასხვა ტიპის თხრობას – ავტობიოგრაფიულსა და ავტოფიქციურს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს როგორც არაფიქციურ, ასევე, ფიქციურ თხრობასთან, რაც თავისთავად მეტ ინტერესს სძენს კვლევის საგანს. იგივე შეიძლება ითქვას სიუჟეტის შესახებაც. ორმაგი ნარატივის შესაბამისად, ავტორები გვთავაზობენ ორმაგ სიუჟეტს ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიუჟეტს სიუჟეტში, რომელთაგანაც პირველი ის ისტორიაა, რომელსაც მწერალი აგებს ავტობიოგრაფიულ მოვლენებზე დაყრდნობით, ხოლო მეორეა ამბავი, რომელიც ვითარდება მის გონებაში, წარმოსახვაში, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად მის ქვეცნობიერში. კვლევამ გამოკვეთა, რომ ავტოფიქცია თვითკრიტიკის გამოხატვის ერთგვარი საშუალებაცაა, სადაც ერთიანდება ცნობიერი და ქვეცნობიერი, ობიექტური და სუბიექტური რეალობა. საზოგადოებისაგან გაკიცხვის საგნად ქცეული ემოციები, საქციელები, მიდრეკილებები ავტოფიქციის მწერალთათვის ხდება ამოსავალი, როცა საკუთარ თავზე საუბარს იწყებენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჰიტომი კანეჰარას, ანი ერნოს, კატრინ მილეს, ნელი არკანის ავტოფიქციის ნიმუშები. ნაშრომში, განვიხილავთ რა, სხვადასხვა ავტორთა ნიმუშებს, ვადარებთ და ვადგენთ ავტოფიქციური ნარატივის გამოყენების მიზეზებს.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა