სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარინა სიორიძე, ამა წლის 1 ივნისს 12 საათძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "ფემიციდის და ბავშვთა პროსტიტუციის პრობლემა თანამედროვე იტალიელი მწერლის დაჩა მარაინის რომანებში".

ფემიციდის  და ბავშვთა პროსტიტუციის პრობლემა თანამედროვე იტალიელი მწერლის დაჩა მარაინის რომანებში

ცოცხალი მწერლების დახარისხება ყოველთვის ძალიან პირობითი და უკიდურესად სუბიექტურია, მაგრამ დღევანდელ იტალიურ ლიტერატურას არ ჰყავს დაჩა მარაინის მსგავსი, მისი დონისა და სიღრმის ცოცხალი კლასიკოსი. მარაინიმ, რომელიც რამდენჯერმე იყო ნობელის პრემიაზე წარდგენილი. მართალია, ეს პრემია ჯერჯერობით ვერ მიიღო, მაგრამ აქვს მთავარი – მკითხველის დიდი სიყვარული, რომელიც ყველა პრემიაზე მეტია ყოველთვის, ყველა დროსა და ქვეყანაში! 83 წლის დიდი იტალიელი მწერალი ცხოვრება უკვე თვითონ არის ნამდვილი რომანი. დაჩა მარაინი იმდენი ერის, გენეტიკის, ისეთი განსხვავებული კულტურების ნაერთია, რომ შეუძლებელია, უინტერესო ადამიანი ყოფილიყო.

როდესაც მწერლობაზე ვლაპარაკობთ, ხშირად გულუხვად ვიყენებთ ეპითეტებს, მაგალითად, „დიდს“ ან „განუმეორებელს“ და ეს ეპითეტები ასევე ხშირად გამოიყურება ყოვლად შეუსაბამოდ და ცინიკურად, რადგან ზურგს მხოლოდ ამა თუ იმ მწერლის ერთი ნამუშევარი (ზოგჯერ – მართლაც ძალიან კარგი რომანი) უმაგრებს. დაჩა მარაინი კი ნამდვილად იმ თითებზე ჩამოსათვლელ მწერალთა რიცხვშია, ვისაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი და ვინც ამ მაღალ წოდებას მთელი თავისი შემოქმედებით, თავისი მართლაც გამორჩეული ბიოგრაფიით იმსახურებს.

დაჩა მარაინის მხოლოდ ცხოვრებასაც რომ თვალი გადავავლოთ,  მისი ბიოგრაფია თვითონვეა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ცოცხალი რომანი – ფაქტებით, ძიებებით, ადამიანური იმედგაცრუებებითა და სიხარულით აღსავსე დრამა, რომლის მთავარი გმირიც, ამ ცხოვრების პარალელურად, ახერხებს, არაფერი დარჩეს უყურადღებოდ და რაც კი ცხოვრებაში ხვდება წილად, ყველაფერი აღწეროს, ახალ – მხატვრულ განზომილებაში გადაიტანოს და ამით ხელახალი სიცოცხლე მიანიჭოს.

დაჩა მარაინის რომანი „ხმები“ იტალიისა და, როგორც რომანიდან ირკვევა, მთელი დასავლეთისათვის მნიშვნელოვან საკითხს – ფემიციდის პრობლემას ეხება. ამ რომანის წაკითხვის შემდეგ კი ისიც გავიგე, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ 25 წლის წინათ ისე მწვავედ მდგარა იტალიაში, რომ ამ დიდებულმა მწერალმა ასეთი სიღრმისეული რომანი მიუძღვნა. სამწუხაროდ, უკვე საერთოდ შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ლიტერატურას სინამდვილის გარდაქმნა შეუძლია. ასე რომ იყოს, თუნდაც დაჩა მარაინის ეს წიგნიც სრულიად საკმარისი იქნებოდა რეალობის უკეთესობისაკენ შესაცვლელად, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, სინამდვილეში ასე არ ხდება და ლიტერატურას მხოლოდ ის თუ შეუძლია, რომ დიაგნოზი დასვას და რამდენიმე ადამიანის, ცალკეული ადამიანების ბედისწერაზე მაინც იმოქმედოს.

თანაც მიუხედავად პრობლემის სოციალური ჟღერადობისა, დაჩა მარაინის რომანი სრულებითაც არ არის მშრალი მოხსენებითი ბარათი, რომელსაც რომელიმე ორგანიზაცია პრესაში გაავრცელებს. ის რთული სტრუქტურის მხატვრული ნაწარმოებია და სტატისტიკა აქ მხოლოდ ფონს ქმნის. ნაწარმოები ისეა აგებული, რომ ბელეტრისტიკის ყველა ჟანრის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებები დასაწყისი გვერდებიდანვე ოსტატურად არის გათამაშებული. იწყება, როგორც ჩვეულებრივი დეტექტივი და არსებითად ბოლომდე მისდევს ამ ჟანრის კანონს, რადგან ნამდვილ მკვლელს წიგნის ბოლო გვერდამდე ვერ გავიგებთ. ყოველი ახალი პერსონაჟის გაცნობისას კი გვიჩნდება ეჭვი, რომ მკვლელი სწორედ ეს პერსონაჟი უნდა ყოფილიყო.

გარდა ჟანრის კანონების დაცვისა, ამ ხერხით მჟღავნდება რომანის ძირითადი იდეაც, ან, როგორც ახლა ამბობენ, მწერლის უმთავრესი მესიჯიც: თითოეული მოკლული ქალის მკვლელი, ვინმე კონკრეტული ბოროტმოქმედი კი არა, მთელი საზოგადოებაა.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა