სემინარები

2024 წლის 12 ივნისს 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი არჩილ ვარშალომიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია - შავი ზღვის „სინერგია.“

ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია - შავი ზღვის ,,სინერგია.“  აბსტრაქტი

შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ზონას, სადაც იკვეთება მსოფლიო პოლიტიკის გამტარებელი სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტერესები. შესაბამისად, ეს რეგიონი, როგორც ენერგორესურსების სატრანზიტო ზონა და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი,  ევროკავშირის ყურადღებასაც იპყრობს. შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის ინტერესები მოიცავს მთელ რიგ სფეროებს: ეკონომიკა, ენერგორესურსების ტრანზიტი, უსაფრთხოება, ეკოლოგიური და კლიმატის პრობლემები, სოციალური და კულტურული ინიციატივები. შავი ზღვის რეგიონში გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო ნაკადები, ისევე როგორც ფართო ბაზრებზე წვდომის    შესაძლებლობა, წარმოადგენს რეგიონში ევროკავშირის ინტერესის ძირითად ფაქტორებს.

1990-იანი წლებიდან ევროკავშირი მუდმივად ზრდის ინტერესს შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ამ მიმართულებით მთავარ ინიციატივებს შორის აუცილებელია გამოვყოთ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, შავი ზღვის სინერგია,  აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, ასოცირების შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია. ამ ყველაფერმა კი საშუალება მისცა ევროკავშირს, თანდათან გაეფართოებინა თავისი ყოფნა რეგიონში.

2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოში და ტერიტორიების ოკუპაციამ, 2014 წელს განხორციელებულმა ყირიმის ანექსიამ და 2022 წელს დაწყებულმა ფართომაშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინაში კი მთლიანად შეცვალა შავი ზღვის რეგიონში ბალანსი და სერიოზული საფრთხე შექმნა ევროკავშირისთვის, რომელიც ამ რეგიონს განიხილავდა, როგორც ალტერნატიულ დერეფანს ენერგო რესურსების დივერსიფიკაციისათვის.

შავი ზღვა, საუკუნეების განმავლობაში დიდი იმპერიებისა და რეგიონალური ძალების დაპირისპირების ეპიცენტრი იყო და დღემდე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ წერტილად რჩება. იგი ევრაზიის ეკონომიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და წარმოადგენს კასპიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის დამაკავშირებელ ხაზს, ასევე, დერეფანს ახლო აღმოსავლეთამდე. შავი ზღვის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ ის არის ალტერნატიული ენერგო დერეფანი დასავლეთისთვის.

1990-იან წლებში შავი ზღვის ქვეყნებთან კონტაქტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ცალკეული რეგიონული პროექტების ფარგლებში წარიმართებოდა მხოლოდ(TRACECA, TACIS, INOGATE – მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი პროექტები შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებში, შესაბამისად, სატრანსპორტო და ენერგოდერეფნების განვითარებისთვის), ვინაიდან ბისეკი (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წარმოადგენდა პრაქტიკულად ერთადერთ ინკლუზიურ ფორმატს, შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობისათვის. თუმცა, უკვე 1990-იან წლების მეორე ნახევარში, რეგიონის საქმეებში ევროპული სახელმწიფოების უფრო მეტი ჩართულობის საჭიროება იქნა აღიარებული.

1997 წლის ნოემბერში ევროკომისიის მიერ გამოიცა "რეგიონული თანამშრომლობის  კომუნიკე", რომელიც შეიცავდა შავი ზღვის რეგიონების პოტენციალის შეფასებას და ევროკავშირსა და რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. იმავე წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა ამ ტერიტორიის მნიშვნელობა ევროპისთვის, ხოლო 1998 წელს ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება კასპიის ენერგორესურსებისთვის საექსპორტო მარშრუტების შემუშავების აუცილებლობის შესახებ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კეთილდღეობის ზრდისთვის.

2003 წლის გაფართოების მეხუთე ტალღის შემდეგ, მოსაზღვრე ტერიტორიის ქვეყნებში, კანონის უზენაესობის, კეთილდღეობისა და კარგი მმართველობის ნაკლებობის გათვალისწინებით, წარმოიშვა დებატები ახალ მეზობლებთან გაფართოების შემდგომი პოლიტიკის შესახებ, რათა დაცული ყოფილიყო ევროკავშირის უსაფრთხოება და სტაბილურობა. აღნიშნული განსაკუთრებით რელევანტური გახდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან ურთიერთობის კონტექსტში. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკამ (ესპ), რომელიც 2003 წელს დაიწყო (2004 წელს მოიცვა სამხრეთ კავკასია), მიზნად დაისახა ევროკავშირსა და რეგიონს შორის განვითარების თვალსაზრისით არსებული ნაპრალის შემცირება. ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში 16 ქვეყანა ჩაერთო (ალჟირი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, საქართველო, სირია, სომხეთი, ტუნისი, უკრაინა). აქედან, 12 ქვეყანა სრულად მონაწილეობდა სამეზობლო პოლიტიკაში, ხოლო 4 ქვეყნის (ალჟირი, ბელარუსი, ლიბია, სირია) მონაწილეობა ვრცელდებოდა მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკის ცალკეულ მექანიზმებზე. ევროკავშირის მცდელობა ერთ ინიციატივაში მოექცია ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებში არსებული ამბიციები, რეგიონებს შორის ფუნდამენტური განსხვავებებისა და სუსტი კულტურული, ეკონომიკური, ისტორიული და პოლიტიკური კავშირების გამო შეიძლება ითქვას წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, პრაქტიკულად ერთადერთ ინკლუზიურ ფორმატს შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობისათვის წარმოადგენდა ,,ბისეკი“, სადაც ევრო კავშირი დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა უფრო დიფერენცირებულ პოლიტიკაზე, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებდა ამოცანებს, მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის ქვეყნებისთვის (უფრო ზუსტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რადგან ბელარუსი არ ითვლება შავი ზღვის სახელმწიფოდ) და მეორე მხრივ, სამხრეთით ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონისთვის.

2007 წელს რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირში მიღებამ, ევროკავშირი გახადა შავი ზღვის მთავარი აქტორი, რამაც გაუჩინა მოტივაცია, რომ მონაწილეობა მიეღო რეგიონულ თანამშრომლობაში, ხელი შეეწყო რეგიონის კონსოლიდაციისა და კოლექტიური ინტერესების საკითხებში თანამშრომლობისათვის, ეპასუხა გამოწვევებისათვის და განევითარებინა პოზიტიური დღის წესრიგი მშვიდობის დამყარების,  ეკონომიკური კეთილდღეობის და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.

ევროკავშირის „სამეზობლო პოლიტიკის“ ინიცირებიდან სამი წლის შემდეგ, 2007 წლის აპრილიდან, სამიზნე ქვეყნებთან რაციონალური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, „სამეზობლო პოლიტიკის“ პროგრამის ბენეფიციარი სახელმწიფოები შეუერთდნენ ევროკავშირის ახალ ინიციატივას — „შავი ზღვის სინერგია“. შავი ზღვის სინერგია იყო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას კონკრეტული პროექტების საშუალებით, რაც ყველაზე ეფექტურად გამოიყენებდა ინსტრუმენტების ფართო სპექტრს ევროკავშირის განკარგულებაში. ამ პროგრამამ განსაზღვრა რეგიონში ევროკავშირის საქმიანობის ზოგადი მიმართულებები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება და გაყინული კონფლიქტები, ენერგეტიკა და ტრანსპორტი და ვაჭრობა.

,,Black Sea Synergy-ის ინიციატივა მიზნად ისახავდა რეგიონულ დონეზე არსებულ პრობლემებზე პოლიტიკური ყურადღების მიქცევას და თანამშრომლობის პროცესების გაძლიერებას. ინიციატივის მთავარი მიზანი იყო შემდგომი თანამშრომლობა შავი ზღვის მთლიან რეგიონსა და ევროკავშირს შორის. "სინერგია" ჩაფიქრებულია იყო, როგორც მოქნილი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა მოქმედებების თანხვედრის მაღალ ხარისხს. იგი ითვალისწინებდა პროგრესულ მიდგომას გარემოს, საზღვაო პროექტების, მეთევზეობის, საზღვაო ტრანსპორტის, ენერგეტიკის, განათლების, სამოქალაქო საზოგადოების, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და კვლევის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მისაღწევად. "შავი ზღვის სინერგია" მიზნად ისახავდა ურთიერთობების განვითარებას  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (BSEC). პროგრამის მიზნებს შორის მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების ინტენსიფიკაცია და რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა. სინერგია მიზნად ისახავდა თანამშრომლობის რიგ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას და უფრო მეტ თანამიმდევრობის უზრუნველყოფას.

სკეპტიკოსთა დიდი ნაწილის თვალსაზრისით, ევროკავშირის „სამეზობლო პოლიტიკა“ ვერ ჩამოყალიბდა ქმედით მექანიზმად იმ სახით, რა სახითაც იგი თავდაპირველად შეიქმნა ევროკომისიის მიერ. პროექტის უმთავრეს ამოცანას სამიზნე ქვეყნებში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა წარმოადგენდა, რომლის ერთგვარ წინაპირობად სამიზნე ქვეყნების დემოკრატიული განვითარება მოიაზრებოდა. თუმცა ევროკავშირი, ფაქტობრივად, უძლური აღმოჩნდა საგარეო საფრთხისა და კონფლიქტების თავიდან აცილების კუთხით, ვინაიდან მასში მესამე ძალა, რუსეთის ფედერაცია, იყო ჩართული. სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთი მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა, ის, პირდაპირ თუ ირიბად, ეწინააღმდეგებოდა რეგიონში ევროკავშირის ინტერესებს. ეს კი, ევროკავშირის მხრიდან, „სამეზობლო პოლიტიკაში“ წარმოდგენილ ქვეყნებში არა მარტო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და შიდა, ადგილობრივ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უდიდეს ძალისხმევასა და საერთო ხედვას მოითხოვდა. „სამეზობლო პოლიტიკასთან“ დაკავშირებულმა გამოწვევებმა ევროკავშირი აიძულა სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის თანამშრომლობის ახალი ფორმატი შეემუშავებინა, რაც, „სამეზობლო პოლიტიკისგან“ განსხვავებით, უფრო ქმედითი, ეფექტიანი და მრავალფუნქციური აღმოჩნდებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

2008 წელს საქართველოს რეგიონების ოკუპაციამ და ომით გამოწვეულმა მზარდმა დაპირისპირებამ რეგიონში დაასუსტა როგორც ბისეკის, ასევე ევროკავშირის „სამეზობლო პოლიტიკით“ ჩამოყალიბებული ფორმატი და ინკლუზიური თანამშრომლობის  შესაძლებლობები. ამიტომ, 2009 წლის პრაღის სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი პარტნიორი ქვეყანა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა) 2020 წლისთვის დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებაზე შეთანხმდა და საფუძველი ჩაუყარა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შექმნას. აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნამ საფუძველი დაუდო აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების უფრო მაღალი დონისა და ამბიციის ჩარჩოს, ვიდრე ნებისმიერი წინა ინიციატივამ. მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში შესთავაზა ევროკავშირმა პარტნიორ ქვეყნებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულების დადება.

2011 წლის იანვარში ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია შავი ზღვის სტრატეგიის (ევროკავშირის სტრატეგია შავი ზღვისთვის (2010/2087 (INI))1. ეს სტრატეგია მიღებულია რიგი დოკუმენტების გათვალისწინებით, კერძოდ: შავი ზღვის სინერგია (COM(2007) 0160), 2008 წლის 17 იანვრის რეზოლუცია შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის მიდგომების შესახებ, ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება (კიევი,  14 თებერვალი, 2008) და მრავალი სხვა. ევროკავშირის ,,შავი ზღვის სტრატეგიის” ტექსტი სამი სექციისგან შედგება: უსაფრთხოება და წარმატებული მმართველობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გარემო, ეკონომიკური, სოციალური და ადამიანის განვითარება. დოკუმენტის შინაარსის ანალიზი დამაჯერებლად ადასტურებს მასში არსებული პოლიტიკური დებულებების გავრცელებას ეკონომიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. ეს აშკარაა იმ საფრთხეების ვრცელი ჩამონათვალის არსებობაში, რომელსაც ევროპა  ოცდამეერთე საუკუნეში შეხვდება და ამ საფრთხეების   ბუნებას. აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონში ხუთი საფრთხე ყველაზე ნათლად ჩანს - მასობრივი განადგურების იარაღის, ტერორიზმის, რეგიონული კონფლიქტების, სახელმწიფოების დაშლის, ორგანიზებული დანაშაულის შესაძლო გავრცელება. დიდი ყურადღება ექცევა პოლიტიკურ ასპექტებს, კერძოდ, დემოკრატიული მთავრობების კონსოლიდაციას,  ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო კონფლიქტების პრევენციის ბაზარზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავება. გარდა ამისა, მაღალ თეორიულ დონეზე, ხორციელდება ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები, შავი ზღვის რეგიონში ენერგეტიკისა და სატრანსპორტო დერეფნების შექმნა. დოკუმენტის 25-ე პუნქტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მიწოდებული პირობების გამო და აღნიშნავს, რომ ეს გარემოება ამ რეგიონში სტაბილურობის შესაძლო გართულებებს წარმოადგენს. ამგვარად, ევროკავშირი თითქმის პირდაპირ აცხადებს, რომ რუსული ფლოტი შავ ზღვაში შესაძლო არასტაბილურობის მიზეზია.

32-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები ყოველდღიურად ხდება. შედეგად, დაასკვნეს, რომ ევროკავშირმა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) აქტიურად უნდა იმოქმედონ შავი ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის ტექსტის დასაწყისში, მე-10 პუნქტი ხაზს უსვამს არა მხოლოდ ადგილობრივი მთავრობების, ბიზნეს თემების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვას შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში არსებული რეგიონების პროექტების განხორციელებაში. ტექსტში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონი არის სტრატეგიული ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპას კასპიის ზღვასთან, ცენტრალურ აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან. აღნიშნულია, რომ ამ პროცესში ჩართული იქნება ევროკავშირი შავი ზღვის გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩინეთის, ევროკავშირის პარტნიორების - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ქვეყნებთან. აღნიშნული დოკუმენტით რუსეთი განისაზღვრა, როგორც "სტრატეგიული პარტნიორი". სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ადრე მიღებულმა შავი ზღვის სინერგიამ პირველად შავი ზღვა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების ზონად განსაზღვრა. ვინაიდან შავი ზღვის რეგიონი ევროკავშირის სტრატეგიულ რეგიონად არის განსაზღვრული, რადგან რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის ტერიტორიული ნაწილია. დოკუმენტი თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად განსაზღვრავს - შავ ზღვის რეგიონში დემოკრატიზაციის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, რეგიონული თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკას. ამავდროულად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ "ოკუპირებულ ტერიტორიებად" მოიხსენიებს.

გარდა ამისა, შავი ზღვის სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ის (სტრატეგია) უნდა გახდეს ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან ამ ხასიათის ყველა დოკუმენტი არ იღებს ევროკავშირში „ევროკავშირის პოლიტიკის კომპონენტის“ სტატუსს. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ აუცილებელია ევროკავშირის ბიუჯეტში შეიქმნას სპეციალური ხაზი უმაღლესი პრიორიტეტული რეგიონული პროგრამების მიზნობრივი დაფინანსებისთვის.

დოკუმენტში მითითებულია, რომ საჭიროა შეიქმნას ღონისძიებების პაკეტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას. სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აგრეთვე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის პრობლემებს. კერძოდ, მიზნად იქნა დასახული ალტერნატიული მარაგების განვითარების გზების ძიება და ერთგვარი ბარიერების დაყენება „მონოპოლიური რუსეთისთვის.“

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა