სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლალაი ზაქარაძე ამა წლის 20 ივნისს, 15 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე- "რეპრესირებული ფილოსოფია საქართველოში: გიორგი ცინცაძე"

რეპრესირებული ფილოსოფია საქართველოში: გიორგი ცინცაძე

 ქართველი რეპრესირებული ფილოსოფოსების შემოქმედება ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში საგანგებო და ფუნდამენტური კვლევის საგანი ჯერ არ გამხდარა. არადა, მე-20 ს-ის ქართულ ფილოსოფიაში იყვნენ რეპრესირებული ქართველი ფილოსოფოსები, რომლებმაც უდიდესი ბოროტების და დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში იგემეს და თავის თავზე გამოცადეს „არყოფნის რისკი“, იცხოვრეს „ცხოვრების გარეშე“, მუდმივი შიშის, გინების, ეჭვის, ღირსების შელახვის და არათავისუფლების გარემოში. მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ღირსების, პატიოსნების, თავისუფალი და სააზროვნო სულისკვეთების შენარჩუნება. სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯილი გიორგი ცინცაძე, სტუდენტობისას, 21 წლის ასაკში, დააპატიმრეს და 12 წელი კოლიმას (მაგადანი) საკონცენტრაციო ბანაკის  მკაცრ პირობებში იმყოფებოდა.

წინამდებარე სამეცნიერო სემინარის კონტექსტში გაანალიზებული იქნება აგრეთვე ტერმინ „დისიდენტის“ გენეზისი და ისტორია; რადგან, რეპრესირებული მოაზროვნეები დისიდენტები იყვნენ და დისიდენტური აზროვნების ისტორიას ქმნიდნენ. ამდენად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ დისიდენტური აზროვნების წარმოშობის წინაპირობები, დისიდენტური მოძრაობების ტენდენციები და პერიოდები საბჭოეთში/საბჭოთა საქართველოში; რევოლუციური ცვლილებებით განადგურებული ღირებულებების რეაქტუალიზაციის პროცესები დისიდენტურ აზროვნებაში.

რეფლექსია დისიდენტურ აზროვნებაზე, დისიდენტი მოაზროვნებების შემოქმედების საფუძვლიანი კვლევა ხელს შეუწყობს დისიდენტური აზროვნების როლის გადააზრებას ახალი სამყაროს და ახალი საზოგადოების შენების გზაზე. გადააზრებული იქნება „დისიდენტური აზროვნების“ ცალმხრივობა, კერძოდ, მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტი და გააზრებული იქნება რეალური ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები, რაც ხშირად, შესაძლოა, იგნორირებული, მეორეხარისხოვანი, ან კიდევ, სულაც უცნობი იყო საზოგადოების ფართო წრეებისთვის. ამგვარი მიდგომა ობიექტურ სურათს შექმნის საბჭოთა ჰუმანიტარული მეცნიერების მიერ დანერგილი ანტიმეცნიერული ტენდენციების შესახებ.

გიორგი ცინცაძის საარქივო მასალების სისტემატიზაცია და მისი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ნაშრომების შესწავლა-ანალიზი ხელს შეუწყობს ამ დისიდენტი და, ამავდროულად,  რეპრესირებული ფილოსოფოსის შემოქმედების ადეკვატურ შეფასებას და დასავლური ფილოსოფიის საკვანძო თემების გააზრების ტრადიციას საქართველოში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა