სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ზეინაბ გვარიშვილი, ამა წლის 28 ივნისს, 12 საათზე, 41 აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე "კენინგის გენეზისის შესახებ "

ანოტაცია

თანამედროვე ინგლისური ენის ნეოლოგიზმების მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაფორულ/მეტონიმიურ იდიომატურ შედგენილ არსებით სახელებზე მოდის. აღნიშნულ შედგენილ ნეოლოგიზმთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს ე.წ. “კენინგი” იწვევს.

 კენინგი ეგზოცენტრული შედგენილი არსებითი სახელია, სადაც სემანტიკურ ბირთვსა და რეფერენტს შორის კავშირი არაპირდაპირი, მეტაფორულია. შედგენილი სახელის ორივე ნაწილის მონაწილეობით ისეთი მეტონიმიური ან მეტაფორული შედგენილი ლექსიკური ერთეული მიიღება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ინტერპრეტატორისთვის გასაგები ხდება იმ პირობის დაცვით, თუ იგი ნაზიარებია მოცემული საზოგადოების სოციალური, კულტურული და ისტორიული განვითარების მომცველ ინფორმაციას.

თანამედროვე ინგლისურ ენაში დამკვიდრებული კენინგების თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენენ ისეთი მეტაფორული/მეტონიმიურ შედგენილი ნეოლოგიზმები როგორებიცაა: “knee mail” რომელიც ორი ლექსიკური ერთეულის “მუხლი” და “ფოსტა”– შერწყმით მიიღება და მუხლმოყრილ ლოცვას ნიშნავს; “devil dandruff " – “ეშმაკი” + ქერტლი” _ კოკაინი; “mouse word” “მაუსი” + “სიტყვა” – კომპიუტერით დამყარებული კომუნიკაცია; “mouse potato” “მაუსი” + “კარტოფილი” ადამიანი, რომელიც მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს; “kitchen pass“; “სამზარეულო” + “გასასვლელი” _ მეუღლისაგან (ცოლისაგან) მიღებული ნებართვა წვეულებაზე წასასვლელად; “road hog“ “გზა” + “ტახი” – მძღოლი, რომელიც აგრესიულად იკავებს იმაზე მეტ ადგილს, ვიდრე ესაჭიროება და ა.შ.

საყურადღებოა, რომ კენინგი, როგორც სიტყვათწარმოების ერთ-ერთი მხატვრული გზა ძველი ინგლისური ენის პერიოდიდან იღებს სათავეს, რაც სკანდინავიური პოეზიის ზეგავლენის შედეგად უნდა მივიჩნიოთ. კენინგების გამოყენება განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო სკალდებისათვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ძველ ინგლისური (დასავლეთ გერმანიკულ) კენინგებისგან, რომლებიც მეტწილად მეტაფორული შედგენილი არსებითი სახელებია, სკალდური (სკანდინავიურ) კენინგები მეტონიმიურია და მითოლოგიურ ალუზიებზეა აგებული. ცნობილ ძვ.ინგლ. კენინგთა შორისაა მაგალითად: “hron rode” (whale road)- “ზღვა” ; “bán hús” (bone house’) “სხეული”; “gleo beam” (glee wood’) –“არფა”; “beode leoma” (battle light)-“ხმალი”; “swan rad“ (swan road) “ზღვა”; “heofon-candel” (heaven candle) –“მზე” და ა.შ

ძველ ინგლისურ პოეზიაში მართალი მცირე ოდენობით მაგრამ დაფიქსირებულია მეტონიმიური კენინგების მაგალითებიც. ასე მაგალიოთად “Goldgyfan’’ (gold giver) - “მეფე” და “medeorn hús“ (honey house) -“სამეფო დარბაზი”. აღნიშნული კენინგები უშუალოდ წინარექრისტიანულ, ჰეროიკულ პერიოდს უკავშირდება. კამიტატუსის წევრი მამაკაცი ხელმძღვანელობდა იდეალებით, რომლებიც მეფისთვის, ბატონისთვის თავგანწირვას და მორჩილებას ემყარებოდა, საპასუხოდ ბატონი, მეფე იცავდა თავის მებრძოლებს, ასაჩუქრებდა ოქროთი და უმართავდა წვეულებებს თავის დარბაზში, სადაც მებრძოლებს თაფლისგან დამზადებული სასმელით უმასპინძლდებოდნენ. სწორედ ეს კულტურულ-ისტორიული ფაქტები უდევს საფუძვლად აღნიშნულ  მეტონიმურ კენინგებს.

მეტონიმიური კენინგები მენტალური და სოციალურ-კულტურული კოდებია, რომლებიც იმდროინდელ საზოგადოებრივ ყოფასა და რეალობას ასახავენ. . კულტურული და ლინგვისტური განვითარების შედეგად იმავე ენის მატარებელი სოციუმისათვისაც კი მოცემული ლექსიკური ერთეულები გაუგებარი რჩება აც თავისთავად  იწვევს ასემიას,  იმდენად , რამდენადაც  ტრიქოტომიის სამი ელემენტიდან – ობიექტი, აღმნიშვნელი, ინტერპრეტატორი ეს უკანასკნელი მოკლებულია კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებულ წინარე ცოდნას, რაც საშუალებას მისცემდა აღედგინა მეტონიმიური კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის.

დასკვნის სახით კი შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიუხედავად თანამედროვე  და ძველი ინგლისური კენინგები სტრუქტურულ მსგავსებისა,  თანამედროვე ინგლისური კენინგები  მკვეთრად განსხვავდებიან  შინაარსის პლანის თვალსაზრისით, წარმოადგენენ რა თანამედროვე სოციალურ-კულტურული რეალობის ამსახველ ლექსიკურ ერთეულებს, სადაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, განსხვავებით ძველი ინგლისური კენინგებისაგან, სიმბოლურია და არა ინდექსალური.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა