სემინარები

მიმდინარე წლის 15 ივლისი, 12 საათზე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი, მეცნიერი თანამშრომელი ირინე ვარშალომიძე ჩაატარეს სემინარს თემაზე: რომაული მონეტები სოფელ მახოდან

ახ.წ. I-IV სს-ში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული რომაული თავდაცვითი ხაზის, ე.წ. პონტოს ლიმესის ფუნქციონირების, ქრონოლოგიის, სამხედრო შენაერთების იდენტიფიკაციის, მომარაგების, ჯარის ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის, ეკონომიკური ყოფის და კოლხეთის სამონეტო მიმოქცევის სრულყოფილად შესწავლისათვის ინფორმაციულია აქ მოპოვებული ნუმიზმატიკური მასალა. ამ მიმართებით ინფორმაციულია მახოში არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილი რომის იმპერიის მონეტები.

სოფელ მახოს არქეოლოგიურმა ძეგლებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მიიპყრო  სპეციალისტთა ყურადღება. 1964 წელს აქ შემთხვევით აღმოჩნდა ოქროს ნივთები: ბალთა, ყელსაბამი, საკიდი, ცილინდრისებრი და კონუსუსებრი სამკაულები. 2010 წელს ჩატარდა მცირემასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები, გამოვლინდა განძის თანადროული ქვევრის ნაშთები. 2013 წელს სოფელ მახოში 5 რომაული ხანის სამარხის გათხრების დროს აღმოჩნდა საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა, ესენია: წელშეზნექილი კოლხური ამფორები, სამეურნეო ნაკეთობის ადგილოვრივი თუ რომანიზებული ფორმები. იმპორტული წითელ-ლაკიანი ლანგარი, მინის ჭურჭელი, რომაული მონეტები (მე–3სამარხში ამათი რიცხვი 41–ს შეადგენს), ვერცხლის სამაჯური, მშვილდსაკინძები, ბეჭდები. რკინის სატევარი, ხიშტისებური იარაღი (მუჯირა) და ცული. ზომიერად იყო წარმოდგენილი მინისა და მინისებური პასტის მძივები, მათ შორის იშვიათი ნიმუშები. სამაროვანი III საუკუნის დასასრულითა და IV დასაწყისით თარიღდება.

სამარხებში სულ 50-ზე მეტი ამავე პერიოდის მონეტა გამოვლინდა.საფასეები მიცვალებულებს პირში ჰქონდათ ჩატანებული. მათგან 12 კარგად დაცული ვერცხლის დრაქმა მოჭრილია: ადრიანეს(117-138 წწ), ანტონინუს პიუსის(138-161), ლუციუს ვერუსის  (161-169 წწ) სეპტიმიუს სევერუსი (193-211 წწ.) - 3, იულია დომნა (†217) - 3, კარაკალა (198-217 წწ.) - 2, პესცენიუს ნიგერი(193-194 წწ) სახელებით. ისინი მოჭრილია კაპადოკიის კესარიაში.

კაბადოკიაში მოჭრილი მონეტები საქართველოში შემოდის ჯერ კიდევ პირველი მეფის არიარათეს I (ძვ.წ. 333–322) დროიდან. ელინისტური ხანის კაბადოკიური მონეტები საქართველოში აღმოჩენილია მხოლოდ ვანში, აღაიანსა და მცხეთაში.  ახ. წ. II-III საუკუნეებში, კოლხეთის სამონეტო ცირკულაციაში გაბატონებული ადგილი ეკავა კესარიულ მონეტებს, რომელთა აღმოჩენის ტოპოგრაფია საქართველოში ფართოა.

კესარია ტიბერიუსის ეპოქიდან  იქცა  რომაულ იმპერიულ ზარაფხანად, რომელიც გამოსცემდა როგორც ვერცხლის, ასევე სპილენძის მონეტებს. ისინი , ბერძნული ლეგენდების გამოყენების მიუხედავად, სრულიად რომაულია. იმპერიული პორტრეტი მჭიდროდ მიჰყვება რომაული ზარაფხანის მიერ მიღებულ სტილს; და, გარდა მთა არგეოსისა, რომელიც ერთადერთი ,,წმინდა’’ ლოკალური ტიპია, რევერსის ტიპების უმეტესობა დასავლეთის მონეტებზე გამოსახული პერსონიფიკაციების მსგავსია. ამრიგად, ქრისტიანული ეპოქის პირველი ორნახევარი საუკუნის განმავლობაში, კესარია შეიძლება ჩაითვალოს დამაკავშირებელ რგოლად აღმოსავლეთისა და დასავლეთის მონეტებს შორის; იმპერიული ზარაფხანის დაარსების თარიღი, როგორც ჩანს, დაახლოებით ახ.წ. 30 წელი უნდა იყოს. საიმპერატორო ზარაფხანას, ძირითადად ვერცხლის პროდუქციის ემისია  აინტერესებდა.   საზღვართან ახლოს მდებარე კესარიაში ვერცხლის მონეტები განსაკუთრებული ინტენსივობით იჭრებოდა მაშინ, როცა ეწყობოდა სამხედრო კამპანიები რომის იმპერიის აღმოსავლეთი მეზობლების ( პართია, სპარსეთი) წინააღმდეგ ცნობილია, რომ ტრაიანემ თავისი პოლიტიკის გაძლიერების ფინანსური უზრუნველყოფისათვის, მე-6 კონსულობის დროს 112-117 წწ. ყველაზე მასშტაბური სამონეტო ემისია განახორციელა.აქ მოჭრილი საფასეები ძირითადად  უმთავრეს უწყებას , კაბადოკიის პროვინციებში მდგარ გარნიზონებს ხმარდებოდა.

მახოს სპილენძის მონეტები ცუდათაა დაცული, სანიმუშო ცალები  მოჭრილია შემდეგი იმპერატორების სახელებით: პრობუსი (277-282 წწ), დიოკლეტიანე (284-305 წწ), მაქსიმიანე (286-310 წწ).  III საუკუნის II ნახევრის მონეტები აღმოჩენილია  ჩაქვში, ციხისძირში, ბიჭვინტაში, სოხუმში.  ისინი ძირითადად, სპილენძისაა და მოჭრილია რომში, ანტიოქიაში,კიზიკში. IV საუკუნის  პირველი ნახევრის მონეტები აღმოჩენილია ჭარნალში განძის სახით (230 ცალი); ასევე 500-ზე მეტი მონეტა გამოვლენილია ბიჭვინტაში. მათ შორის განძიც. სადაც, ჭარბობს ანტიოქიაში, კონსტანტინეპოლში, ნიკომედიაში, კიზიკში მოჭრილი სპილენძის ფულები. ამ პერიოდში არმიას ხელფასი ძირითადად სპილენძის მონეტების სახით ურიგდებოდათ. ამაზე მიუთითებს ე.წ. საარმიო ტიპი, წარწერა ,,დიდება არმიას’’, ვიქტორია, ჯარისკაცები შუბებით და ა.შ. მახოში გამოვლენილი სპილენძის მონეტები რომის ჯარისკაცების კუთვნილება უნდა ყოფილიყო.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა