XVI საუკუნეში კახეთის სამეფოს პოლიტიკურ მესვეურთა ზომიერმა საგარეო პოლიტიკამ, დიპლომატიურმა სვლებმა განაპირობა მთელი საუკუნის განმავლობაში კახეთის შედარებით სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ და კულტურულ აღმშენებლობას, ხოლო ქვეყნის გარეთ უცხოეთში, განსაკუთრებით ,,წმინდა მიწაზე“ და ,,წმინდა ქალაქ“ იერუსალიმში ქართული ეკლესია-მონასტრების, ქართული სამონასტრო თემის მხარდაჭერას და უდიდესი ქრისტიანულ სიწმინდის ,,ქრისტეს საფლავისა“ და იქ ქართველთა უფლებების დაცვას. ქართველთა უფლებების ენერგიულ დამცველად XVI საუკუნის პირველ ათწლეულებში გვევლინება კახეთის მეფის ავგიორგის (1511-1513) მიერ ეგვიპტის მამლუქ სულთანთა კარზე წარგზავნილი ბეენა ჩოლოყაშვილი, ხოლო შემდეგ კახეთის მეფეები ლევანი (1518/1520-1574) და ალექსანდრე II (1574-1605) იერუსალიმში გზავნიან მდიდარ შეწირულობას, ზრუნავენ ოსმალთა მმართველობის დროს დაზიანებული გოლგოთას აღდგენაზე, სწირავენ კახეთში სოფლებს, ყმა-მამულს (აღდგომა, კისისხევი), აშენებენ ეკლესიებს და ცდილობენ ხელსაყრელი პოლიტიკური ამინდის დადგომისთანავე დაიცვან იერუსალიმის ქრისტიანული სიწმინდეები და ქართველთა უფლებები ,,წმინდა მიწაზე“ მიმოსვლისას, რასაც უკვე ცნობილი საისტორიო წყაროების გარდა, ადასტურებს უკანასკნელ ათწლეულებში გამოვლენილი არაბულენოვანი და ოსმალური დოკუმენტები.
XV ს. მიწურულს ფეოდალური საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ამიერიდან ცალკეული ,,საქართველოები“ დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ, თუმცა იერუსალიმის წმინდა ადგილების დაცვასთან დაკავშირებით ქართული სამეფო-სამთავროები ცდილობენ ერთიანად იმოქმედონ და საერთო ინტერესები დაიცვან. ამას სტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაზე კარგად კახეთის სამეფო ახერხებს, რასაც ადასტურებს ქართული და უცხოენოვანი საისტორიო წყაროები. ცნობილია, რომ XVI ს. განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორმა და, მათ შორის, კახეთის მეფეთა მოქნილმა დიპლომატიამ განაპირობა სამეფოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რაც აისახა ეკონომიკურ აღმავლობასა თუ კულტურულ აღმშენებლობაში. კახეთის მეფეები ასევე აქტიურად გამოდიან უცხოეთში არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების, ბერ-მონაზვნების და საერთო ქრისტიანული სიწმინდეების, მათ შორის, ,,ქრისტეს საფლავის“ (გოლგოთა, აღდგომა, ქრისტეს საფლავი) დასაცავად. უკანასკნელ ათწლეულებში სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული უცხოური (არაბულენოვანი, ოსმალური) წერილობითი წყაროები იერუსალიმთან ქართული სამეფო-სამთავროების ურთიერთობის ცალკეული საკითხების უფრო სიღრმისეულად გაშუქებისა და კვლევის საშუალებას იძლევა.
იერუსალიმის ,,წმინდა ადგილებში“ უპირატესობის მოპოვება საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ერისა და მიმდინარეობის ქრისტიანული თემებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ისინი ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ,,წმინდა საფლავს“ (გოლგოთა, ქრისტეს საფლავი, აღდგომა) დაუფლებოდნენ. მათ შორის იყვნენ ქართველებიც. აღსანიშნავია, რომ XIV-XV სს. მამლუქთა ბატონობისას იერუსალიმის ქართულმა სამონასტრო თემმა თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია და ,,წმინდა მიწაზე“ ქართველები ფლობდნენ როგორც ათეულობით ეკლესია-მონასტერს, ისე ,,წმინდა საფლავის“ სამლოცველოებსაც, რაც სხვა შესაძლო ფაქტორებთან (მამლუქი სულთნების კავკასიური წარმომავლობა, მამლუქთა რიგების შევსება, უსაფრთხო მიმოსვლა და ა. შ.) ერთად გამოწვეული იყო ქართველ მეფე-მთავართა რჯულშემწყნარებლური პოლიტიკით მუსლიმებისადმი. ამ პოლიტიკის გაგრძელება კი წარმოადგენდა აუცილებელ პირობას ყველასთვის, ვინც დაინტერესებული იყო ქართული და, ზოგადად, ქრისტიანული სიწმინდეების მოვლა-პატრონობით იერუსალიმში. ამასთანავე ეგვიპტის სულთნები თავს თვლიდნენ მუსლიმთა მფარველებად ყველა ქვეყანაში და ამდენად დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა ბედითაც. შესაბამისად, ქართველებმაც გადაწყვიტეს ესარგებლათ ამ ვითარებით და დაეცვათ საკუთარი თემი იერუსალიმსა და პალესტინაში, გაეფართოებინათ მისი იმუნიტეტი.
XVI ს. ,,წმინდა მიწაზე“ ქართული სამონასტრო თემის მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება: გაიზარდა ვალები, დაპირისპირება სხვა ქრისტიანულ თემებთან ეკლესია-მონასტრების კუთვნილების გამო, ოსმალო მოხელეთა ძალმომრეობა და ა.შ. ამიტომ ქართველმა მეფე-მთავრებმა გადაწყვიტეს მეტ-ნაკლებად სისტემატური შემოსავლის გაჩენის მიზნით იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და ქრისტეს საფლავისათვის შეეწირათ უძრავი ქონება - საეკლესიო ყმა-მამული. ასე აღმოცენდა საქართველოში XVI ს. მეორე ნახევარსა და XVII ს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და ,,ქრისტეს საფლავის“ კუთვნილი მიწათმფლობელობა და სხვა ქონებაც: ეკლესიები, სახლები, დუქნები და ა.შ. ამ წამოწყებას ტრადიციულად მხარი დაუჭირა კახეთის სამეფომ. ყმა-მამულის შეწირვის გარდა, კვლავინდებურად იგზავნებოდა შეწირულობანიც. კახეთის მეფეთა ზრუნვა იერუსალიმის ქართული ეკლესია-მონასტრების, სამონასტრო თემისა და ,,წმინდა ადგილებისადმი“ ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყო, ამას ქართული საისტორიო წყაროებიც ადასტურებს. გარდა ფინანსური შემწეობისა, აღსანიშნავია, რომ კახეთის სამეფოში იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ეკუთვნოდა სოფელი აღდგომა, ყმა-მამული სოფელ კისისხევსა და გუგუნაურში. ეს მამულები იხსენიება XVII- XVIII სს. საისტორიო წყაროებშიც.
საქართველოსა და ,,წმინდა მიწაზე“ განვითარებული პროცესების მიუხედავად, ოსმალთა ხელში გადასულ იერუსალიმის ,,წმინდა ადგილებზე“ ზრუნვა ქართველ მეფე-მთავრებს და, მათ შორის კახეთის მეფესაც, თავიანთ მუდმივ მოვალეობად მიაჩნდათ. ამიტომ ისინი შეწირულობების გაღების გარდა, ცდილობენ ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებაც ,,წმინდა ქალაქში“ ქართული ეკლესია-მონასტრების შესანარჩუნებლად და ქართველთა უფლებების დასაცავად გამოიყენონ. როგორც ამას ადასტურებს უკანასკნელ ხანებში სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული ოსმალური წერილობითი წყაროები. ცნობილია, რომ 1578 წ. ოსმალეთმა ამასიის ზავი დაარღვია და ირან-ოსმალეთის ომიც განახლდა. ოსმალეთი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ირანის სრულ განდევნას და ცდილობდა ქართველი მეფე-მთავრების გამოყენებას დაწყებულ სამხედრო კამპანიაში. კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1605) მუსტაფა-ფაშას სართიჭალაში შეეგება და მორჩილება აღუთქვა. როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზე გარდა მნიშნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური საკითხებისა, შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი თემა ალექსანდრე II-ის (1574-1605) ქვეშევრდომი მომლოცველების იერუსალიმსა და ,,წმინდა მიწაზე“ უსაფრთხო გადაადგილება, იერუსალიმში ქართველთა უფლებების დაცვა იყო. სულთან მურად III -ის (1574-1595) 1579 წ. 15 იანვარს გაცემული სამი განკარგულებით ოსმალო მოხელეებს ებრძანათ, რომ ქართველი პილიგრიმები ,,არავითარ შემთხვევაში არ შეაჩერონ და არ შეაყოვნონ ...ამიერიდან ქართველთა მსახურებაში მყოფი ქრისტიანების წმინდა იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე მოსალოცად მიმოსვლასთან დაკავშირებით ბრძანება გამოვეცი... წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ და უსამართლოდ ნუ მოექცევით“. სულთნის ბრძანებულებებიდანაც აშკარაა, თუ რამდენად რთული და ხიფათის შემცველი იყო ქართველთათვის იერუსალიმის ,,წმინდა ადგილების“ მოლოცვა და რამდენად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საქმედ მიაჩნდათ კახეთის სამეფოს მესვეურთ ,,წმინდა მიწაზე“ ქართველთა უფლებების დაცვა. როგორც ჩანს, ალექსანდრე II (1574-1605) შემდეგშიც სარგებლობდა ოსმალთა კეთილგანწყობით და აგრძელებდა იერუსალიმის ქართული სამონასტრო თემის მატერიალურ მხარდაჭერას. მისი პოლიტიკა კახეთის სამეფო სახლის მემკვიდრეებმა გააგრძელეს XVII საუკუნეშიც. ზემოაღნიშნული წყაროების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქართველი მეფე-მთავრები მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდნენ უცხო და მტრულ გარემოში ქართველთა უფლებებისა და ქრისტიანული სალოცავების დაცვას ,,წმინდა მიწაზე“ და ამისათვის კარგად იყენებდნენ ხელსაყრელ პოლიტიკურ სიტუაციას; ატარებდნენ რჯულშემწყნარებლურ პოლიტიკას საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმთა მიმართ; მიმართავდნენ დიპლომატიურ ნაბიჯებს ახლო თუ შორეულ მეზობელ ქვეყნებთან, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური, სამხედრო-სტრატეგიული და იდეოლოგიური ინტერესებისა.
ამრიგად, XVI ს. განმავლობაში კახეთის სამეფომ შეძლო საქართველოსა და იერუსალიმში არსებულ რთულ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ვითარებაში დაეცვა არა მარტო იერუსალიმის ქართული სამონასტრო თემის უფლებები, ქართული ეკლესია-მონასტრები სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანთა და ოსმალო მოხელეთა ძალმომრეობისაგან, არამედ გარკვეულწილად საერთო ქრისტიანული სალოცავები (,,ქრისტეს საფლავი“, გოლგოთა...) გადაერჩინა განადგურებისაგან; კახეთის სამეფოდან ,,წმინდა ქალაქში“ წარგზავნილი ფინანსური რესურსი, ადგილზე შეწირული ყმა-მამული ხმარდებოდა ,,წმინდა მიწაზე“ ქართველთა მოღვაწეობის გახანგრძლივებას, რაც ტრადიციული გაგრძელება იყო იმ ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ქართული საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა
უკან |