მეორე საქალაქო არჩევნების (საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში-პირველის) ჩატარება საკმაოდ მძიმე და კრიზისულ ხანას დაემთხვა; ომი სომხეთთან, ქალაქის მოსამსახურეთა გაფიცვები, ომისწინა დაძაბულობა თეთრ რუსეთთან.
სხვადასხვა ქალაქის საბჭოებმა 1918 წლის შემოდგომის ბოლოდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაიწყეს იმის დაზუსტება, როდის და რა წესით ჩაეტარებინათ ქალაქის თვითმმართვეკობის მომდევნო არჩევნები, რადგან 1917 წლის დებულებით არჩეული საბჭოების უფლებამოსილების ვადა 1919 წლის 1 იანვარს იწურებოდა. თავის მხრივ, სამინისტრომ ქალაქებს სთხოვა, არჩევნების სამზადისს შესდგომოდნენ და ახალი საარჩევნო დებულება შეიმუშავა, რომელიც მთავრობამ 1918 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე განიხილა და მიიღო.
სამინისტროს განმარტებით, საარჩევნო დებულება ახალი რეალობის გათვალისწინებით დაიხვეწა და შეუთანხმდა მომავალი-საქართველოს დამფუძნებელი კრების საარჩევნო დებულებას.
დებულების პროექტი საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიამ 11 დეკემბერს განიხილა და შენიშვნების გარეშე მიიღო. კომისიამ გაითვალისწინა დროის სიმცირე და სხვა გარე ფაქტორები და თხოვნით მიმართა იურდიულ კომისიას, რომ მასაც სწრაფად განეხილა დებულების პროექტი. 13 დეკემბერს იურდიულმა კომისიამ მოისმინა და ცვლილებების გარეშე დაადასტურა პროექტი.
ქალაქთა საბჭოების ხმოსანთა არჩევნების დებულება საქართველოს პარლამენტის სესიაზე გავიდა 1918 წლის 14 დეკემბერს. დებულების განხილვას ხანმოკლე დებატები მოჰყვა-ფედერალისტთა დეპუტატმა წინადადება დააყენა საბჭოების უფლებამოსილების ვადა 3 წლამდე გაზრდილიყო, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
17 დეკემბერს დებულება საბოლოოდ დამტკიცდა და 24 დეკემბერს გამოქვეყნდა მთავრობის ოფიციალურ ორგანოში - „საქართველოს რესპუბლიკა“.
ახალი დებულება რამდენიმე საკვანძო ცვლილებას მოიცავდა:
ხმის უფლება ენიჭებოდა ყველას, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და ა.შ. - საქართველოს ქვეშევრდომობის (მოქალაქეობის) კანონით დადგენილი სტატუსის მქონე მოქალაქეებს. 1918 წლის 16 ივლისს მიღებული კანონით საქართველოს მოქალაქედ ითვლებოდა ყველა, ვინც 1914 წლის 19 ივლისის მდგომარეობით ფაქტობრივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და მიწერილი იყო რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, ასევე, უკვე არ იყო რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე.
არმიაში (სამხედრო სამსახურში) მყოფ პირებს შეუნარჩუნდათ მხოლოდ პასიური ხმის უფლება. ეს პუნქტი არ გავრცელდა სახალხო გვარდიის მოსამსახურეებზე, რადგან ეს უკანასკნელი სამილიციო და ტერიტორიულ სისტემაზე იყო მოწყობილი.
შემცირდა დიდი ქალაქების ხმოსანთა რიცხვი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხარჯების ეკონომიის აუცილებლობით ასაბუთებდა.
შესაბამისი ცირკულარით საარჩევნო დებულება სახელმძღვანელოდ დაეგზავნა თვითმმართველ ქალაქებს. დებულების დანართში განსაზღვრული იყო ქალაქთა სია, რომელთაც თვითმმართველობა უკვე გააჩნდა და მეორედ უნდა აერჩია, ასევე რამდენიმე ქალაქიც (შულავერი, აბასთუმანი, ბორჯომი, ონი) რომელთაც, სურვილის შემთხვევაში, შეეძლო დაეწყო თვითმმართველობის მოწყობა.
ქალაქთა სიაში სულ წარმოდგენილი იყო 34 ქალაქი. ყოფილი ტფილისის გუბერნიის-14, ქუთაისის გუბერნიის-12, სოხუმის ოლქის-4, სოჭის ოლქის-3 და ზაქათალის ოლქის-1 ქალაქი.
ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში, ახალი დებულების მთავარ პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლებას საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობაზე აფუძნებდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან წინასაარჩევნოდ მძაფრი უკმაყოფილება და ღია პროტესტი მოჰყვა რიგ ქალაქებსა და მხარეებში. ზოგიერთი პარტიისათვის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყო, წინააღმდეგობა გაეწია ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობის პოლიტიკის გატარებისათვის და ეს პოლიტიკა რევოლუციური დემოკრატიის პრინციპებისა და მონაპოვრის უარყოფად და ღალატად წარმოეჩინა. ზოგიერთს კი ეს ელექტორატის რეალური შემცირების საფრთხეს უქმნიდა -განსაკუთრებით, დაშნაკცუტინს, რომლის ამომრჩეველთა მასა ქალაქ ტფილისში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან არჩევანის გაკეთება უწევდა, დარჩენილიყო საქართველოს მოქალაქედ, თუ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გამხდარიყო. ანალოგიური პრობლემა გამოიკვეთა აფხაზეთშიც, სადაც მომდევნო თვეებში ერთმანეთის მიყოლებით არჩევნების მთელი კასკადი უნდა ჩატარებულიყო -საქალაქო, აფხაზეთის ეროვნული საბჭოს, საერებო და საქართველოს დამფუძნებელი კრების, ამ ინსტიტუტებს განსხვავებული დებულებები გააჩნდა (საქალაქო და ეროვნული საბჭოს დებულება სპეციფიკური იყო, დარჩენილთა ფონზე). ანალოგიურად, სოხუმის ძველი ქალაქის საბჭოს დეპუტატთა ნაწილმა მოითხოვა ისევ ძველი დებულების გამოყენება, რადგან ქვეშევრდომობის კანონის საფუძველზე მომავალი არჩევნების ჩატარება ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ხმის უფლების გარეშე დატოვებდა, თუმცა, როგორც სხვა ქალაქების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
დაშნაკცუტიუნი, ესერთა პარტიის რუსული ნაწილი, კადეტები და სხვა უპარტიო ჯგუფები პრესის ფურცლებზე თუ სხვა აქციებით მაქსიმალური მობილიზებით ცდილობდნენ დაესაბუთებინათ ახალი საარჩევნო დებულების უსამართლობა და საქალაქო არჩევნების ძველი-1917 წლის დებულებით ჩატარებას მოითხოვდნენ. კამპანიის უშედეგობის კვალდაკვალ მათ ბოიკოტს ტაქტიკა აირჩიეს და საქალაქო არჩევნების პირველ და ძირითად ეტაპში მონაწილეობა არ მიუღიათ.
1919 წლის იანვრის დასაწყისში საქალაქო არჩევნების დებულებაში შევიდა ცვლილება-დამატებები, რომელიც მთავრობამ 9 იანვარს მიიღო და პარლამენტს გადაუგზავნა, ამ უკანასკნელმა კი 13 იანვარს დაამტკიცა. შეიცვალა მე-10, მე-11 და მე-13 მუხლები. ცვლილება ეხებოდა არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცედურულ ვადებს, რომელიც იმდენად შემცირდა, რომ სასამართლო მოსმენები დამფუძნებელი კრების არჩევნებამდე დასრულებულიყო.
საქალაქო არჩევნების ძირითადმა ფაზამ დადგენილ ვადებში - 1918 წლის დეკემბრის ბოლოდან 1919 წლის მარტამდე ჩაიარა, თუმცა ადგილობრივი პირობებისა და პრობლემების გათვალისწინებით რიგ ქალაქებში არჩევნები გადაიდო. დენიკინის არმიასთან შეტაკებისა და უკანდახევის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკამ დაკარგა კონტროლი სოჭის ოლქზე და მის ქალაქებშიც. რა თქმა უნდა, არჩევნები არ ჩატარებულა. ოსმალეთთან ომის გამო არჩევნების ჩატარება შეუძლებელი გახდა ახალციხესა და შულავერში. აბასთუმანმა აღარ მოინდომა ქალაქის სტატუსისათვის ბრძოლა და შესაბამისად, არც არჩევნები ჩაუტარწებია. ქალაქი ზაქათალაც კონტროლს მიღმა დარჩა და საქალაქო არჩევნებიც არ შედგა. საქალაქო არჩევნები აღარც ახაქალაქში ჩატარებულა.
მკაცრი ზამთრის, ეპიდემიების, ომიანობის მიუხედავად, ქალაქების უმრავლესობაში წინასაარჩევნო კამპანიამ აქტიურად ჩაიარა და მოქალაქეთა აქტივობის მაჩვენებელი საშუალო და საშუალოზე მაღალი იყო. პარტიათა წარმომადგენლობის ცვლილებების კუთხით, ყველაზე რადიკალური ცვლილება- ბოიკოტის გამო-დაშნაკცუტიუნმა განიცადა, რომლის დეპუტატებიც გამოაკლდნენ ტფილისის ქალაქის საბჭოს, თუმცა მომდევნო ხანებში პარტიის წარმომადგენლებმა რიგ ქალაქებში პარტიათა ბლოკებთან შეერთებით მაინც გაიყვანეს თავისი დეპუტატები, 1920 წელს უკვე ახალციხის საქალაქო არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა და უმრავლესობა მოიპოვეს. ძალზე შეუმცირდა ხმოსანთა რიცხვი ესერთა პარტიას, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და პარტიის გაეროვნულების გამო ჩამოსცილდა რუსი წევრების უმრავლესობა. ასევე, კავკასიიდან რუსული არმიის ევაკუაციისა და არამოქალაქეთა არჩევნებიდა გამორიცხვის გამო, 1917 წლის საარჩევნო მაჩვენებლები 1919 წელს უკიდურესად დაეცა. საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ შეინარჩუნა ლიდერის პოზიციები ქალაქთა უმრავლესობაში. ქალაქთა მნიშვნელოვან ნაწილში გაიუმჯობესეს ეროვნულ- დემოკრატიულმა პარტიამ და ფედერალისტებმა. რამდენიმე ქალაქში არჩევნების შედეგები იმდენად მრავალფეროვანი გამოდგა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობა ჯამში ზოგან მიუახლოვდა, ზოგან კი გადაუსწრო კიდეც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხმოსანთა რიცხვს და მრავალპარტიული მმართველობის საინტერესო პრეცენდეტები შექმნა.
უკან |