ქართული ეთნოლოგიური მეცნიერება განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს დასახლების ფორმების, სტრუქტურისა და მორფოლოგიის საკითხების მიმართ. არსებული გამოკვლევების სიუხვის მიუხედავად არ ჩამქრალა ინტერესი და კვლავაც ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხების მეცნიერული შესწავლა. ეს გასაგებიცაა, რადგან საზოგადოებრივი ყოფის, ეკონომიკური და კულტურული ვითარების შესწავლისათვის დასახლების სტრუქტურის საკითხების შესწავლასაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეთნოლოგიური თვალსაზრისით მკვლევართა ყურადღებას იმსახურებს მთიანი აჭარა, საკუთრივ სოფელი ბაკო სადაც ბუნებრივი თუ სოციალ-ეკონომიკური ფაქტორების გავლენით, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჩამოყალიბდა დასახლების თანამედროვე სურათი.
ბაკოს განსახლებას ბარის ზონასთან შედარებით არათანაბარი, ვერტიკალურ ზონალობას დაქვემდებარებული კერობრივი ხასიათი აქვს. იგი მეზობელი სოფლებისაგან ღელე-ხევებითაა გამოყოფილი და ქალაქის ტიპის დაბის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბაკო წარმოადგენს უძველეს ერთეულს, ქალაქური ტიპის დასახლებას. მთისთვის არასპეციფიკური დასახლების ტიპის გაჩენა დაკავშირებული უნდა იყოს შემდეგ ფაქტორებთან:
ა. შესაძლოა ბაკო იყო ბეგების საზაფხულო რეზიდენცია, სადაც მათი მოჯამაგირეები
ცხოვრობდნენ მიწების გარეშე (ბეგებს რეზიდენცია ჰქონდათ ნიგაზეულშიც);
ბ. არაა გამორიცხული, რომ ბაკო თავიდანვე წარმოადგენდა ქალაქის ტიპის დაბას, რომლის მოსახლეობა მონაწილეობდა ხიხანის ციხის მშენებლობაში.
განსახლების წესი, დაგეგმარება, მათი მორფოლოგიური და მეურნეობრივი ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ მთიანი აჭარის სოფელი ბაკო შესაძლოა მივაკუთვნოთ დასავლეთ საქართველოს ბარის ტიპის დასახლებას.
დასახლების ტიპების საკითხზე მსჯელობისას ინტერესმოკლებული არ იქნება ხეობის ზოგიერთი სოფლის მოსახლეობის (საკუთრივ ბაკო, მთისუბანი, სკვანა, თხილვანის ნაწილი) ენობრივი თავისებურებების საკითხის გარკვევა. ამ სოფლებში სათუთად იქნა შენარჩუნებული ყოფისა და კულტურის ზოგადქართული თავისებურებანი.
მაშ რამ განაპირობა ენობრივი თავისებურება მხოლოდ ამ ოთხ სოფელში? ეს საკითხი დელიკატურობის გამო ნაკლებადაა მოქცეული მკვლევართა ყურადღების არეალში. პასუხს მოითხოვს ენობრივი თავისებურებების მიზეზები, რაც ენათმეცნიერების, ეთნოლოგების და ისტორიკოსების ერთობლივ კვლევებს უნდა დაეფუძნოს.
უკან |