სემინარები

2024 წლის 19 სექტემბერს, 11 სთ-ზე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის ციალა ნარაკიძის სემინარი თემაზე : ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ლექს-სიმღერები ლაზურში

თანამედროვე ლაზეთი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს, მას მდინარე ჭოროხ­საც და ტრაპიზონს შუა ტერიტორია უკავია. ფიზიკურ-გეოგრაფიულმა გარემომ ხელი შეუწყო ლაზების დაწინაურებას ზღვაოსნობა­ში. ლაზები უძველესი დროიდან კარგი ზღვაოსნები იყვნენ. დახელოვნებული იყვნენ ზღვას­­თან დაკავშირებულ ყოველ საქმიანობაში.  ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონიც მიუთითებდა „კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობისა და შენებათა ნავთა, დიდთა და მცირეთა“ (ვახუშტი, 1941:142). თურქეთის ლაზთა დიდი ნაწილი ამჟამადაც ზღვაოსნობითაა დაკავებული ან მეთევზეო­ბას მისდევს. განვითარებული იყო გემთმშენებლობა. მე-19 საუკუნის ოსმალეთის ფლოტის უმე­ტესობას ლაზი მეზღვაურები შეადგენდნენ ცნობილია, რომ თურქეთის თითქმის ყველაზე დიდი ადმირალი წარმოშობით ლაზეთიდან იყო.

ლაზეთში იმდენად ფესვგადგმული ყოფილა ზღვაოსნობა, რომ სოფლის მამასახლისად ისინი XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე უხუცეს მეზღვაურს ირჩევდნენ. როგორც ცნობილია შრომის არც ერთი დარგი, რომელსაც ქართველ ტომთა ყოფაში ადგი­ლი ჰქონდა და აქვს ისტორიულად, იგი ხალხური სიტყვიერი თუ მუსიკალური შემოქმედების გარე­შე არ დარჩენილა. ასეთ სამეურნეო დარგებს შორის უნდა დავასახელოთ მეთევზეობა-ზღვაოსნობა, რასაც ლაზეთში დიდი ხნის ისტორია აქვს. ლაზური შრომის ლექს-სიმღერების თვალსაჩინო ნიმუშია მეთევზეობა-ზღვაოსნობის თე­მა­ტიკის ამსახველი ტექსტები. ამ პოეტურ ნიმუშებში ხაზგასმულია თევზისა და მისი ნაწარ­მის მნიშვნელობა ადამიანისათვის. თევზი ერთ-ერთი ძირითადი საარსებო წყარო იყო ლაზები­სათ­ვის და მათი გულიც მაშინ მშვიდდებოდა როცა კარგი ამინდი დადგებოდა, რაც ხვავრიელი თევზაობის საწინდარი იყო.

სარფელები, როგორც ზღვისპირა ლაზეთის მკვიდრნი, ბუნებრივია, დიდად აფასებენ ზღვას, რომელიც მათი უმთავრესი საქმიანობის ასპარეზია; ავტორ-მთქმელის, იაშა ბაქრაძე ლექსში „გოკვირონი“ („გასაკვირი) მთელი გულით უმღერის მშობლიურ შავ ზღვას და მოხიბლულია მისი სილამაზით, გამოთქვამს გაკვირვებას, რატომ ეძახიან მას შავს; ლექსში ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე აისისა და დაისის სილამაზეზე, იმ განუმეორებელ გრძნობაზე, რაც ქვაუმხაზედან ზღვაში გადახტომისა ეუფლებათ ლაზებს და ლექსის ბოლოს გამოტანილია დასკვნა: თუ ეს ყველაფერი არ განგიცდია, „მაშინ სარფში სიარული აღარ ღირს:

მეთევზეთა გადმოცემით ადრე ლაზი მეთევზე ვაჭრები ხელოსნები ლაზეთის სხვა­დასხვა სოფლებიდან საკუთარი ნავებით დადიოდნენ აფხაზეთსა და სამეგრელოში, ყირიმის სანაპირო ქალაქებსა დო ოდესაშიც. მთელი ეს მხარე ლაზი მეზღვაურთათვის სათევზაო-სავაჭ­რო ბაზას წარმოადგენდა და ხანგრძლივი დროით უხდებოდათ იქ ყოფნა. ხანგრძლივი დროით სავაჭროდ და სათევზაოდ წასვლას ლაზები „კურბეთობას“ უწოდებდნენ.

მეთევზეობა-ნაოსნობასთან დაკავშირებული ლექს-სიმღერებში მთელი სისრულით გამოვლინდა ლაზ მეთევზეთა გულისთქმა, მათი შეუპოვრობა და უსაზღვრო სიყვარული ზღვისადმი მიზანმიმართულობა და პატივისცემა მამაპაპური ტრადიციისადმი, რომელიც უკავშირდება ზღვაოსნობას.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა