საქართველოს დაცული ტყეები და მათი როლი ბუნებრივი გარემოს
შენარჩუნებასა და გაუმჯობესების საქმეში
დღეს, დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში, ფაქტიურად არ არსებობს ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ტოლი ფართობი ეკავოს და მისი ცალკეული კუთხეები ასე მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც ოროგრაფიული, ისე ბუნებრივ-კლიმატური ზონალობით, ფლორისა და მცენარეულობის განვითარებით გეოლოგიურ წარსულთან დაკავშირებით, ზღვასთან სიახლოვით, მცენარეულობის დიდი სახეობრივი ნაირფეროვნებით, ტყეების რთული აღნაგობით, სტრუქტურით, მოსახლეობის სიმჭიდროვით და ა. შ.
გარემოს შემქმნელი ფუნქციებიდან უმთავრესია: ტყის გავლენა ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურაზე; ქარისა და ჰიდროლოგიურ რეჟიმზე; ატმოსფეროზე; სანიტარიულ-ჰიგიენურ დონეზე; წყლის-მიერი და ქარის-მიერი ეროზიის პროცესებზე; ბალნეოლოგიური, რეკრეაციული, აგრო-სატყეო - სამელიორაციო, აგრეთვე, ტყის მნიშვნელობა, როგორც ძვირფასი გენოფონდის რეზერვატი. იგი არეგულირებს და აჯანსაღებს ქვეყნის წყლისა და კლიმატის რეჟიმს, ხელს უწყობს მრავალდარგობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებას, იცავს უარყოფით ბუნებრივი მოვლენებისაგან (ეროზია, წყალდიდობა, ზვავები და სხვ.)
საქართველოს მცენარეულ საფარს 300 მილიონი წლის ისტორია აქვს. ღვაწლმოსილი ბუნების მცოდნე მეცნიერების დაუღალავი შრომით და დიდი რუდუნებით მოპოვებული ფაქტობრივი მასალები, გარკვეული დათარიღებული, გაანალიზებული და ყველასათვის სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებში გასაგები ფორმითაა გამოცემული.
საქართველოს ტყე ბუნებრივი გარემოს უმთავრესი ელემენტია. ის არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი და მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი.
საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყით დაფარული (2,8 მლნ ჰა) ფართობს უკავია. აქედან დაახლოებით 600 000 ჰა (21,43%) დაცული ტერიტორიებია, 850 000 ჰა (30,36%) განსაკუთრებით დანიშნულების (სხვა სახის) დაცული ტყეების კატეგორიას წარმოადგენს, ტყეების 98% რთული ოროგრაფიისა და მაღალი მთების ტყეებს მიეკუთვნება, რომლის 80% 350 და მეტი დახრილობის ფერდობზეა განთავსებული.
საქართველოს ბუნებრივი ტყეები უნიკალურია მრავალი ასპექტით, უწინარესად კი სახეობრივი და ფიტოცენოზური შედგენილობის მრავალფეროვნებით. იგი განპირობებულია, უმთავრესად, სამი გარემოებით: ქვეყნის ადგილობრივი ფლორის სიმდიდრით, გარემოპირობების (უწინარესად - რელიეფისა და ჰავის) მრავალგვარობით, ფლორისა და მცენარეულობის განვითარების ხანგრძლივი და უწყვეტი გზით (მესამეულიდან - 67-40 მლნ წლიდან დღემდე) (2).
საქართველოში განვითარებულია წიწვოვანი (16,4%) და ფოთლოვანი (83,6%) ტყეები. ბარში და მთის კალთების ქვემო ნაწილში ფართო გავრცელებას აღწევს მესამეულ - რელიქტური მცენარეულობის წარმომადგენლები (ფიტოცენოზები). განსაკუთრებით დიდი მრავალფეროვნებით ეს უძველესი მცენარეულობა უფრო დასავლეთ საქართველოშია წარმოდგენილი, რაც იმითაა განპირობებული, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ცვლილებების გარეშე იქნა შემონახული მესამეული პერიოდის რელიქტური ჰავა (შავი ზღვის ძლიერი გავლენა). აღმოსავლეთ საქართველოში მესამეულ-რელიქტური მცენარეულობა, ძირითადად არასრული სახით (რელიქტურია ფიტოცენოზთა ცალკეული იარუსები), მხოლოდ მის დასავლურ ნაწილში და კახეთშია შემორჩენილი. საქართველოს ტყეების დიდი უმრავლესობა ძირეული ტყეებია, რომელთა ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბება განხორციელდა, როგორც აღვნიშნეთ, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე (მესამეულიდან დღემდე), ეს ტყეებია: წიფლნარი, მუხნარი, წაბლნარი, სოჭნარი, ნაძვნარი. ამ ფორმაციის ტყეების წილად მოდის ქვეყნის ბუნებრივი ტყეების ორ მესამედზე მეტი. ძირეულ ტყეებს მიეკუთვნება შედარებით შეზღუდული გავრცელების ფორმაციები: ჭალის მუხის, მაღალ მთის მუხის, იმერული მუხის, კავკასიური ფიჭვის, ძელქვნარი და სხვ. სადღეისოდ საქართველოს ძირეული ტყეები (ფიტოცენოზები) მეტ-ნაკლებად სტაბილურ, ე. წ. კლიმაქსურ მცენარეულობას წარმოადგენს. ძირეული ტყეები საუკეთესო და გამორჩეულია როგორც უშუალო გამოყენების, ისე ბუნებრივი გარემოს სტაბილურობის დაცვის თვალსაზრისით. ამით არის განპირობებული ის დიდი ყურადღება, რაც უკანასკნელ ათწლეულებში დაეთმო ძირეული ტყეების გადარჩენის და მათი არეალის გაფართოების პრობლემების კვლევას და მიღებული მეცნიერული დასკვნების საფუძველზე შესაფერისი უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამუშავებას.
საქართველოს ძირეული ტყეების, უპირველესი, დაცვითი ფუნქციების (ნიადაგდამცავი, წყალ-დაცვითი, წყალ-მარეგულირებელი, ზვავ და ეროზიის საწინააღმდეგო, სანიტარიულ-ჰიგიენური და სხვ.) შენარჩუნების მიზნით შექმნილია დაცული ტერიტორიების (ნაკრძალების, ეროვნული პარკების და ა. შ.) ფართო ქსელი.
საქართველოს ტყე, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციებისა და ტყის მართვის ძირითადი მიზნების გათვალისწინებით, საქართველოს კანონის - ,,ტყის კოდექსი“ (2021, 2022, 2025წ.წ.) იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
1) დაცული ტყე, - ამ კატეგორიის ტყეს მიეკუთვნება: ა) ტყე, რომელსაც მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი (პირველი კატეგორიის დაცული ტყე); ბ) ბუნებრივი ლანდშაფტის წარმომქმნელი ჭალის ტყე და არიდული ტყე, აგრეთვე ტყე რომელშიც ეროვნულ დონეზე დაცული ტყის შემქმნელი სახეობების კონცენტრაცია მაღალია, ანუ გაბატონებულია (მეორე კატეგორიის დაცული ტყე). მათი მართვის ამოცანაა ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა.
2) დაცვითი ტყე,-რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, კულტურის, ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი ტერიტორიის დაცვის ფუნქციას რომლის მართვის ამოცანაა ტყის დაცვითი ფუნქციის (მარეგულირებელი ეკოსისტემური მომსახურებების) შენარჩუნება და გაძლიერება. ამ კატეგორიის ტყეს მიეკუთვნება:
ა) სუბალპური ტყე; ბ) ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ სივრცეებს შორის მდებარე ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული 30 ჰა-მდე ტერიტორია, - ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე, ფართობის ერთეულზე, შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს;
გ) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე 200 მ-მდე სიგანის ტყე;
დ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე;
ე) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშალის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედა-ქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100მ-მდე სიგანის ტყე;
ვ) რკინიგზის ან საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;
ზ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;
თ) ქვათა-ცვენის ან კლდოვანი ტერიტორიის ნაპირიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ი) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
კ) ეროზირებულ ფართობზე და ამ ფართობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ლ) მცოცავ ნიადაგზე და ამ ნიადაგიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
მ) მეწყერ საშიშ ფერდობზე და ამ ფერდობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის /ისტორიული ძეგლიდან 250 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე.
3) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე, - რომლის მართვის ამოცანაა ტყის კურორტოლოგიური ფუნქციის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ამ კატეგორიის ტყეს მიეკუთვნება:
ა) კურორტის სანიტარიული დაცვის ზონაში მდებარე ტყე;
ბ) სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური წყაროდან 1 კმ-ის რადიუსში მდებარე ტყის უბანი;
გ) ქალაქის ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე, რომელსაც მოსახლეობა მასობრივი დასვენებისთვის, ტურისტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის იყენებს.
4) სამეურნეო ტყე - რომლის მართვის ამოცანაა ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა და ტყის დაცვითი ფუნქციის შენარჩუნებ. ამ კატეგორიის ტყეს მიეკუთვნება:
ა) ტყე, რომელიც არ არის დაცული და საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყე;
ბ) ტყე, რომელიც ასრულებს ნიადაგ-დაცვით და წყალ-მარეგულირებელ ფუნქციებს და რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილი წესით განხორციელდეს ტყით სარგებლობის ყველა სახე.
ნაკრძალები - საქართველოში 12 ნაკრძალია. ესენია: ბიჭვინთა-მიუსერის, ბიჭვინთის, გუმისთის, კინტრიშის, ლიახვის, მიუსერის, რიწის დაცული ტერიტორია, საგურამოს, სათაფლიის, სკურჩის, ფსხუ-გუმისთის, ქობულეთის. იგი განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა ბუნებრივ-კლიმატურ ზონაში, რაც საშუალებას იძლევა საიმედოდ იყოს დაცული ძირეული ტყეების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი (ფორმაცია). რიგი მეცნიერების მიერ მიღებული და დადასტურებულია, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების გამოყოფის და მათი ქსელის, არსებულთან შედარებით, კიდევ უფრო გაფართოების ყველა საფუძვლები და სათანადო მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტირებაც არსებობს. ზემოთ მოტანილი მოსაზრებების გათვალისწინებით სპეციალური ექსპერტთა ჯგუფის მიერ მუშავდება პერსპექტიული გეგმა დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა. გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა პროექტი - “გურიის ეროვნული პარკის დაარსებისათვის“. მომზადდა კანონპროექტი რაჭის რეგიონში, - „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნის და მართვის შესახებ“ დაცული ტერიტორიის დაარსების თაობაზე. გამოთქმულია ვარაუდი, რომ დაცული ტერიტორიის სისტემაში მოექცეს საქართველოს მთელი ტერიტორიის 20 %-ზე მეტი (ქვაჩაკიძე, იაშაღაშვილი, ლაჩაშვილი, 2004). ამ მხრივ უდავოდ პერსპექტიულია ეროვნული პარკი (დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი კატეგორია), რომელსაც ნაკრძალთან შედარებით ზოგიერთი უპირატესობაც გააჩნია: როგორც წესი მისთვის გაცილებით დიდი ტერიტორიის გამოყოფა ხდება, ამასთან, ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის და მდგრადი გამოყენების უფრო მიზანშეწონილი სტრუქტურა გააჩნია და სხვ.
ეროვნული პარკი - ზოგადად იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მნიშვნელობით გამორჩეული ეკოსისტემის დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონის პოპულარიზაციაში. ის ფაქტიც ნიშანდობლივია, რომ ამჟამად, საქართველოში, 13 ეროვნული პარკია, საერთო ფართობით 445797 ჰა-ს. ეს პარკების: ალგეთის, ბორჯომ-ხარაგაულის, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, ფშავ-ხევსურეთის, ყაზბეგის, ჯავახეთისა და ურუშეთის (ეს უკანასკნელი მიმდინარე, 2021 წლის პირველი იანვრიდან შევიდა დაცული ტერიტორიების კატეგორიაში). აქვე გასათვალისწინებელია, და საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, საქართველოს, მსოფლიოს გაცილებით დიდი ქვეყნის ტერიტორიებთან შედარებით, დაცული ტერიტორიები რაოდენობრივი და ქვეყნის მთლიან ტერიტორიასთან შედარებით, დაკავებული ფართობის პროცენტული მაჩვენებლით ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.
სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, ბუნების ძეგლი, დაცული ლანდშაფტები, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებია. ნიშანდობლივია, რომ ამ დაცული ტერიტორიებიდან, 2021 წელს, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დასავლეთ საქართველოში არსებულ ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკების, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა და პლანეტის იმ 210 ტერიტორიის რიცხვს შეუერთდა, რომელთაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
სახელმწიფო ნაკრძალი - დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. საქართველოში არის 14 სახელმწიფო ნაკრძალი. ესენია: ბაწარას, ბაბანეურის, ბიჭვინთა-მიუსერის, ბორჯომის, ვაშლოვანის, თუშეთის, კინტრიშის, ლაგოდეხის, ლიახვის, სათაფლიის, მარიამჯვარის, რიწის, ფსხუ-გუმისთის და ქობულეთის. დღეისათვის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის 2,4 % ნაკრძალადაა გამოცხადებული და ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის.
ჩვენს ქვეყანაში ნაკრძალების, ისევე, როგორც სხვა დაცული ტერიტორიების გამოყოფის პრინციპები და არგუმენტირება მეცნიერულ დონეზეა აყვანილი. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. სახელმწიფო ნაკრძალისთვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდისა და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.
შეიძლება სიამაყით აღინიშნოს, და ამას ზემოთ მოტანილი მონაცემებითაც დაკვირვებული მკითხველი ადვილად გაიგებს, რომ გაცილებით დიდი ტერიტორიების მქონე ქვეყნებთან შედარებით, დაცული ტერიტორიების რაოდენობრივი, ასევე, მათ მიერ დაკავებული ფართობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლების მხრივ და, რაც მთავარია, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებითაც, საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია. ღვთით ბოძებული წყალობაა, რომ ასეთი ბუნება და ბუნებრივი სიმდიდრე გააჩნია საქართველოს. სხვა შთამბეჭდავი ციფრებითაც ყურადღებას იპყრობს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, კერძოდ: მსოფლიოში 52 ტიპის ნიადაგია აღიარებული და აღწერილი, აქედან 49 საქართველოში გხვდება. ამ პატარა ქვეყანაში - 26 060 მდინარე, 856 ტბა და 44 წყალსაცავია… 300 ჰექტარზეა გადაჭიმული ტორფის საბადო… ბენტონიტური თიხის მარაგი 10 მლნ ტონაზე მეტია… 315 კმ ზღვის სანაპიროა… ქვეყნის მინერალური, თერმული და მტკნარი წყლების რესურსი 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით… რკინა, კვარცი, სპილენძი, ტყვია, თუთია, საცემენტე ნედლეული… ტყეებს კი 40 % უკავია. ვუბრუნდებით ისევ თხრობას საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ.
რელიქტი უძველესი დროის მცენარე და ცხოველია, რომლებიც დედამიწის ზურგზე დღემდე მხოლოდ იშვიათ ადგილებში შემორჩა. ეს ერთადერთი ცოცხალი რგოლია, რომელიც გვაკავშირებს შორეულ წარსულთან და მათ მნიშვნელობა აქვთ არამარტო ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არამედ ცოცხალი სამყაროს ევოლუციის ისტორიის შესწავლისა და, რაც მთავარია, სოციალური და სამეურნეო ამოცანების დასაკმაყოფილებლად. სწორედ რომ უძველესი წარმოშობის რელიქტური სახეობები წაბლი, უთხოვარი, ბზა და სხვ. ხასიათდებიან მაღალი სამეურნეო მნიშვნელობის მქონე მერქნით, ნაყოფით და ა. შ. უთხოვრის (ურთხლის) მსოფლიოში ყველაზე დიდი ადგილსამყოფელი შედარებით უფრო კავკასიაშია შემორჩენილი, ვიდრე არეალის სხვა ნაწილში. ცალკეული ხის ჯგუფები და მცირე კორომების გვხვდება ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში (ხოსტა, მდ. ბზიფის ხეობა), კავკასიის სახელმწიფო ნაკრძალში (მდ. ლაბის სათავე), აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტის რაიონში, მდ. ბაწარას (მდ. ალაზნის შენაკადის ხეობაში). აჭარაში გვხვდება უთხოვრის 1500-1800 წლიანი მცენარეც, სიმაღლით 25-30 მ (33 მ), სიმსხოთი - 40 -160 სმ. კავკასიური ფიჭვის მრავალი გვარის ჰაბიტუსის მქონე ფორმებია დაცული მარიამ-ჯვრის ნაკრძალში; ხმელთა შუა ზღვის ფლორის იშვიათი წარმომადგენლებია დაცული ბიჭვინთის ნაკრძალში; იმერეთის მუხის და ძელქვის დაცული კორომებია აჯამეთსა და ბაბანეულში; კავკასიაში წაბლის ყველაზე უხნესი კორომები დაცულია გუმისთის ნაკრძალში და ა. შ.
მესამეული და უფრო ახლო ასაკის რელიქტები კი დედამიწის ჩრდილო-ნახევარსფეროში სულ მცირე ადგილასაა შემორჩენილი. ეს ის ადგილებია, სადაც მეოთხეულმა გამყინვარებამ, გარკვეული მიზეზების გამო, მკაცრად ვერ მოიკიდა ფეხი და ძველი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებმა შეაფარეს თავი და გადარჩენ. ამ თავშესაფრებიდან (ანუ როგორც მას ბოტანიკურ ლიტერატურაში უწოდებენ - რეფუგიუმებს), ყოფილ სსრ კავშირში სულ სამია შემორჩენილი - კოლხეთში, ლენქორანში და შორეულ აღმოსავლეთში. ასაკის მიხედვით თვით ეს რეფუგიუმებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან - არიან უძველესი ასაკის რეფუგიუმები, სადაც შემორჩენილია მესამეული პერიოდის მცენარეულობა და, რომელთა ასაკი 5-10 მილიონი წელია, და არიან კიდევ უფრო ახალგაზრდებიც, რომლებიც დაახლოებით გამყინვარების დროინდელი, ე. ი. დაახლოებით 1 მილიონი წლის (2).
ჩვენი კოლხეთის რეფუგიუმი სწორედ, რომ უძველესია და ამიტომაცაა აქ არსებული რელიქტების შემონახვა-შენარჩუნებას უდიდესი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. შეზღუდული გავრცელების გამო ჩვენი რელიქტების უმრავლესობა ენდემებია ანუ ისეთები, რომლებიც მხოლო კოლხეთში ან კავკასიაში არიან გავრცელებული და დედამიწის ზურგზე სხვაგან არსად არ გხვდებიან (3).
რელიქტებითა და ენდემებით გამოირჩევა კოლხეთი, განსაკუთრებით აჭარა და აფხაზეთი. უახლოესი წარსულის მონაცემებით მთელს კოლხიდაში 450-მდე ენდემური სახეობა იზრდება, რომლებიც მისი ფლორის 25%-ს წარმოადგენს. მათ შორის, აფხაზეთში 319 კოლხური ენდემია, და ამათგან 133 კერძოდ აფხაზეთის ენდემს წარმოადგენს. აჭარაში კი 163 სახეობის ენდემია, მათგან კავკასიის - 87, კოლხეთის - 28, აჭარა-ლაზისტანის -17, აჭარის სხვა რეგიონების - 9 და საქართველოს სხვა რეგიონების - 22. მარტო კინტრიშის ხეობაში, კავკასიის ენდემების ჩათვლით 144 ენდემური სახეობაა რეგისტრირებული. აქ გვხვდება 50-ზე მეტი დასახელების ფრინველი, მათ შორის, ისეთი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები, როგორიცაა კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო, შევარდენი და მთის არწივი, რომლებიც შეტანილია სსრ კავშირის წითელ წიგნში. ამრიგად ნაკრძალში დაცულია სსრ კავშირის და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი 22 სახეობა, მათ შორის 11 ცხოველი. იგივე, კინტრიშის ხეობაში წარმოდგენილია ძველი (მესამეული) ფლორის 193 ელემენტი, მაშინ როდესაც რსფრ-ის ტყის ზომიერ სარტყელში თითქმის ვერ შევხვდებით ენდემურ და მითუმეტეს რელიქტურ სახეობას, ან თუ შევხვდებით - თითო-ოროლას. ფლორის ამ ორიგინალობის წყალობით კოლხიდა მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს. სწავლულების ლირიკული გამოთქმით, იგი ენდემებისა და რელიქტების არანაკლებ მნიშვნელოვანი ბუნებრივი სალაროა, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის (კალიფორნიის) ცნობილი სექვოიას ტყე, რომელიც გაცილებით ღარიბია რელიქტური სახეობებით (4).
კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე გვხვდება 75-ზე მეტი დასახელების ხე და ბუჩქი, მათ შორის მრავალი ენდემი და რელიქტია, რომელთაგან აღსანიშნავია, იშვიათი კოლხურ-ლაზისტანური რელიქტური სახეობა პონტოს მუხა, ძლიერ იშვიათი კოლხური რელიქტული ენდემი მედვედევის არყი, აჭარა-ლაზისტანური ენდემი უნგერნის ჩქერი, იშვიათი რელიქტური სახეობა, კოლხური ფლორის მნიშვნელოვანი ელემენტი - კოლხური ბზა, იშვიათი რელიქტური სახეობები: უთხოვარი (ურთხელი), წაბლი, ჯონჯოლი, ლაფანი, კავკასიური ხურმა, კაკალი, ლეღვი, საქართველოს ფლორის ერთ-ერთი იშვიათი სახეობა - იმერული მუხა და სხვები. ჩამოთვლილი თერთმეტივე სახეობა შეტანილია ზოგი სსრ კავშირის, და ყველა საქართველოს წითელ წიგნში.
როგორც ცნობილია, საქართველოს სუბტროპიკული რაიონების დაბალი ზონის ბუნებრივი პირობები სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის და საკურორტო მშენებლობის ფართო განვითარების საუკეთესო პირობებს ქმნის. ამის გამო გასული საუკუნის 30-40-იანი წლებიდან ამ ზონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ამოიძირკვა ბუნებრივი ტყე და გაშენდა მაღალინტენსიური, ძვირფასი სამხრეთული და სუბტროპიკული მცენარეები - ჩაი, ციტრუსები, ტუნგი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ზონის ბუნებრივი მცენარეული საფარი, შედარებით მაღლა მთის წინა კალთების მხოლოდ მცირე ფართობებზეა შენარჩუნებული, ფასდაუდებელია მისი გარემოს შემქმნელი როლი სუბტროპიკული მემცენარეობისა და საკურორტო მეურნეობის განვითარებაში, ქალაქების და მათი მიმდებარე დასახლებული პუნქტების სასმელი წყლით მომარაგების, ატმოსფეროს სანიტარიულ-ჰიგიენური დონის ამაღლებისა და ბუნების უარყოფითი მოვლენებისაგან დაცვაში.
მტირალას ეროვნული პარკი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სახელდობრ აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15 678 ჰა-ს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ამ ზონის ბუნებრივი მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს სახეობრივი შემადგენლობა უნიკალურია, განუმეორებელია ევრო-აზიაში, ხოლო მსოფლიოში იგი მეორდება მხოლოდ ლაზისტანისა და თურქეთის მცირე რეგიონებში. აქ გავრცელებული რელიქტური მცენარეულობის მრავალი სახეობა იშვიათი და გადაშენების გზაზეა დამდგარი და შეტანილია წითელ წიგნში, ე. ი. სახელმწიფო დაცვაშია, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მსოფლიოში განუმეორებელი - ეპიგეა, აჭარა-ჭანეთის ვიწრო ენდემი, მესამეული პერიოდის რელიქტი, რომელიც თავდაპირველად (1860 წ.) აღწერილი და შემდეგ დაწვრილებით შეისწავლა იქნა აკადემიკოს ა. ტახტაჯიანის (8) მიერ, როგორც ორფანიდეზიას სახელწოდებით. მხოლოდ აქ შეიძლება შევხვდეთ ევრო-აზიის ფლორის ისეთ შესანიშნავ წარმომადგენლებს, როგორიცაა უნგერნისა და სმირნოვის ჩქერი, მედვედევის არყი, ჩაგრისებრი ფირუსულა და სხვ. მხოლოდ აჭარაშია გავრცელებული სპეციფიკური მცენარეული თანასაზოგადოება „შქერიანი“ - სახეობრივი შემადგენლობით მდიდარი, მარადმწვანე ბუჩქნარებისა და დაბალი ხეების რაყები. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი შემადგენლობაც ასევე დიდ ინტერესს იწვევს. აქ არსებული ტყის მობინადრეებიდან „სსრ კავშირის წითელ წიგნშია“ შეტანილი ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა ამიერკავკასიის (სირიული) დათვი, შევარდენი, გრძელი მცურავი, კავკასიური გველგესლა, აჭარის ხვლიკი, კავკასიური ჯვრიანა, კავკასიური სალამანდრა და სხვ.
სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო მცენარეული საფარის და ცხოველთა სამყაროს უიშვიათესი უძველესი სახეობრივი წარმომადგენლების ევოლუციური განვითარების საკითხების შესწავლა, დასავლეთი ქვეყნებიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მოვლენილი მეცნიერების კვლევა-ძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტადაა მიჩნეული.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცენარეული საფარის ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ქვეყანას წარმოადგენს, მთის ძირეული ტყეების ცალკეულ ფორმაციებში ბუნებრივი განახლების საერთო მდგომარეობით და მისი განმაპირობებელი მიზეზების თვალსაზრისით, ბუნებრივ კომპლექსებზე ანთროპოგენური დატვირთვების გაზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს ძირეული ტყეების დაცვის, მათი მდგრადი განვითარების, ტყიდან ოპტიმალური ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მიღწევისთვის იგი სრულიად არასაკმარისია. მცენარეულ ბიო-მრავალფეროვნებაში მომხდარი წონასწორობის არასასურველი რღვევის მიზეზი სხვადასხვაა. საქართველოში იგი გამოიწვია წარსულში, ხანგრძლივი წლების განმავლობაში ბუნებრივი მცენარეული საფარის არარაციონალური სარგებლობით, - მიწის ფონდის უკმარისობამ, ტყის გადაჭარბებულმა უსისტემო ჭრებმა, - ტყის შემატებასა და ტყის მოხმარებას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულმა დისპროპორციამ, ბუნებრივი სათიბ-საძოვრების უკმარისობამ, საქონლის მოუწესრიგებელმა ძოვებამ, ამასთან, აჭარისათვის დამახასიათებელმა მკაცრი ამინდის პირობებმა, მნიშვნელოვნად დაარღვია რეგიონის ტყეების ეკოლოგიური სტაბილურობა, რომელიც, უმთავრესად, გამოვლინდა ძირეული ტყის სახეობების გაუფასურებული უტყეო ფიტოცენოზების წარმომქმნელი სახეობების შეცვლაში, ტყის კორომების სიხშირის დადაბლებაში, დაბალხარისხოვანი, დაბალ პროდუქტიული მარტივი სტრუქტურის კორომების შექმნაში, ძირეული ტყის შემქმნელი ჯიშების თვითაღდგენის უნარის დაკარგვაში, ტყის ვერტიკალური სარტყლიანობის კომპლექსში დარღვეულია წყალშემკრებ აუზთა ოპტიმალური ტყიანობა, მიმდინარეობს სუბალპური ტყის კლიმატური საზღვრების დაბლა დაწევის მეტად უარყოფითი პროცესი და მათი დეგრადაცია. ამასთან იზრდება სწრაფვა ბუნებრივი ლანდშაფტების გადარჩენისა და დაცვისაკენ. ამ საკითხებზე მრავალჯერ გამოითქვა მეცნიერთა აზრი (ძირითადად, სამეცნიერო ნაშრომებში), მაგრამ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ჩვენ დღეს და მომავალშიც ვდგავართ უალტერნატივო პრობლემის წინაშე - უნდა აღვადგინოთ წლების მანძილზე არასწორი ექსპლოატაციით გამეჩხერებული ტყის კორომები (1).
ქართველ მეცნიერთა მიერ შემუშავებულია ტყის აღდგენის, მისი დაცვის და ტყის რესურსების რაციონალური, გონივრული გამოყენების ღონისძიებათა რიგი სისტემები, რაც, პირველ რიგში, ითვალისწინებს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომ საქართველოში ხე-ტყის დამზადება-
ექსპლუატაციის წარმოებისას მხედველობაში იქნას მიღებული, მთაგორიან პირობებში ტყეების არა მარტო გარემოს შემქმნელი და დაცვითი ფუნქციების შენარჩუნება, არამედ ამ თვისებების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. რისთვისაც საქართველოს ტყის ფონდის მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მეჩხრებს, განუახლებელ, მარადმწვანე და ფოთოლმცვენ ბუჩქების რაყებს უკავია, რაც პრაქტიკულად გამოუყენებელი მიწების კატეგორიას მიეკუთვნებიან, ნაწილი ფართობისა გამოყენებული იქნას ტყის ხელოვნური განახლების სამუშაოების ჩასატარებლად, ნაწილი კი მიზანშეწონილია კაკალ- ნაყოფიანების და კენკროვნების სამრეწველო დანიშნულების პლანტაციების გასაშენებლად იქნას გამოყენებული. ამ ღონისძიების გატარებით არა მართო ავითვისებთ სატყეო მეურნეობისთვის ამჟამად უსარგებლო უბნებს, არამედ მნიშვნელოვნად გავზრდით სატყეო მეურნეობების რენტაბელობასაც.
ზემოთქმული გარემოების გათვალისწინებით, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში არსებული პრაქტიკული გამოცდილების მხედველობაში მიღებით, მრავალწლიანი სტაციონარულ საცდელ-ექსპერიმენტული ცდების საფუძველზე, დამუშავებულია კოლხეთის დაბლობის სუსტად დაჭაობებულ ტერიტორიაზე მაღალპროდუქტიული, სწრაფმზარდი მერქნიანი ტყის ჯიშების სამრეწველო დანიშნულების პლანტაციების შექმნის ტექნოლოგია, რომლის პრაქტიკული რეალიზაციით გადაწყდება სერიოზული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები, იმ თვალსაზრისით, რომ შემცირდება ქვეყნის მთის ტყეებში უსისტემო, გადაჭარბებული სამრეწველო დანიშნულების ტყის ჭრები და ამით გადაწყდება ტყეების აღდგენა-განახლების და სახალხო მეურნეობის თვალსაზრისით მთის ტყეებზე წაყენებული ძირითადი, დაცვითი ფუნქციების გაუმჯობესების ქვეყნისათვის ესოდენ აუცილებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა (9).
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:
- გიგაური გ. საქართველოს ტყეების დაყოფა ფუნქციონალური დანიშნულების ანუ ე. წ. კატეგორიების მიხედვით. /საქართველოს ტყეები/. თბილისი. 2004. გვ. 88-94.
- Гулисашвили В. З. Происхождение древесной растительности субтропического и умеренного климата и развитие ее наследственных особенностей. Тбилиси. „МЕСНИЕРЕБА“. 1967. С. 197.
- ქვაჩაკიძე რ., იაშაღაშვილი კ., ლაჩაშვილი ნ. საქართველოს ძირეული ტყეები. ანთროპოგენური სუქცესიები, აღდგენა, რეკონსტრუქცია. თბილისი, 2004. გვ. 100.
- Манджавидзе Д. В. Реликтовые леса Аджарии и их народно-хозяйственное значение. „МЕЦНИЕРЕБА“. Тбилиси. 1982. С. 261.
- საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
- საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბერის კანონი №2245 – ვებგვერდი, 13..12.2022წ.
- საქართველოს 2025 წლის 25 ნოემბერის კანონი №1072 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.
- Тахтаджян А. Л. ..Неогеновая флора Годердзского перевала. Тр. Ин-та Ботаники АН СССР. 1963 сер. 8. Вып. 4. С. 191-203.
- Papunidze V. Water-Regulating And Soil-Protective Function of Mountain Forests of Ajara and the Technology for Creating of Industrial Plantations. //Georgian National Academi Press. Tbilisi. 2025. 164 p.
| უკან |
