გვარი ქართული ზმნის ერთ-ერთი ყველაზე რთული და სამსჯელო კატეგორიაა. სირთულეს განაპირობებს ქართული ზმნის პოლიპერსონალურობა. გვარის კვალიფიკაცია ეძლევა ისეთ ზმნურ ფორმებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან სემანტიკისა და სინტაქსის ერთეულებს შორის შესატყვისობის შებრუნების შემთხვევაში, კერძოდ, სუბიექტ-ობიექტისა და ქვემდებარე-დამატების ურთიერთშენაცვლების (კონვერსიის) შემთხვევაში.
ქართულ საენათმეცნიერო წრეში გვარის კატეგორიასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ტერმინი „დიათეზისი“ არისტოტელესთან განმარტებულია, როგორც მთელის ნაწილთა გარკვეული მიმდევრობა. დიონისე თრაკიელის მიხედვით „დიათეზის“ გაგება თანამედროვე ენათმეცნიერულ ლიტერატურაში ემთხვევა „გვარის“ გრამატიკული კატეგორიის გაგებას.
გვარისა და დიათეზის შესახებ ახლებურ შეხედულებებს გვთავაზობს პროფესორი დამანა მელიქიშვილი. აკაკი შანიძის მიხედვით ქართულ ენაში სუბიექტსა და ობიექტს ან ობიექტებს შორის გრამატიკული ურთიერთობის მიხედვით ზმნები განაწილდა უღლების ოთხ ტიპში.
დ. მელიქიშვილის მიხედვით კი ქართული ზმნების უღლებადი ფორმები განაწილდა მორფო-სინტაქსური თვალსაზრისით გაანსხვავებული დიათეზის სამ ძირითად ჯგუფში. უღლების სამ ტიპს იგი „|დიათეზებს“ უწოდებს. თითოეული დიათეზა წარმოადგენს მორფოლოგიური სტრუქტურისა და სინტაქსური კონსტრუქციის ერთიანობას ისევე, როგორც თითოეული სერია წარმოადგენს ერთგვარი მორფოლოგიური სტრუქტურისა და სინტაქსური კონსტრუქციის ერთიანობას. დ.მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ ქართულ ზმნაში ერთი და იგივე ფორმა შიძლება გადმოსცემდეს როგორც პასივის, ისე აქტივისა და ავტოაქტივის შინაარსაც. სწორედ ამის მიხედვით აჯგუფებს იგი ზმნებს საკლასიფიკაციო ცხრილში.
გვარი არის ზმნაში გრამატიკულად მარკირებული დიათეზა.
დიათეზის ცნება ყველა ენაში უნივერსალურია. თანამედროვე ლინგვისტიკაში დიათეზა ემყარება პრედიკატების სემანტიკურ-სინტაქსურ კლასებს.
დიათეზის საკითხზე მსჯელობს ასისტენტ პროფესორი ლევან ხალვაშიც თავის სახელმძღვანელოში ზოგადი ენათმეცნიერება.
სასემინარო თემაში განვიხილავთ მეცნიერთა შეხედულებებს გვარისა და დიათეზის საკითხებთან დაკავშირებით, წარმოვადგენთ უღლების ტიპებს დიათეზთა მიხედვით.
უკან |