სემინარები

ტრანსლაცია, როგორც პოლიტიკური ტერმინი და თარგმანის მეტაფორა. ხათუნა ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 9 იანვარი, 37 აუდიტორია, 15:00 საათი

მხატვრული თარგმანის თეორია, როგორც მეცნიერება, მოიცავს სწავლების ისეთი დარგებს, როგორიც არის პოლიტიკა და იდეოლოგია.  ყოველი ნარატივი იტევს ისეთ სოციოლინგვისტურ კონცეპტს, როგორიცაა „ენობრივი პოლიტიკა“,  ნარატივის მიკროსამყაროს სუბიექტური რეფლექსია SL ენაზე TL,  ნაამბობი - გულისხმობს მთხრობელის სუბიექტურად შერჩეულ ფაბულასა და პერსონაჟებს, მაშასადამე, მას აქვს წარმოდგენილი სრული  სურათი: კოლოსალური კომპოზიცია დასაწყისით, განვითარებითა და კულმინაციით, ჟანრობრივი ხდომილების პერიპეტიებითა და ინვარიანტებით, როგორც ერთი კულტურის ავტორისეული ვიზუალიზაცია. კომპოზიციის არსს განსაზღვრავს  ავტორის იდეოლოგია. ავტორი, როგორც სუბიექტური მთხრობელი, სათანადო ჟანრულ ფორმასა და  ვერბალურ და არავერბალურ (გრაფიკულ) ნიშნებს მიმართავს კომპოზიციის ასამეტყველებლად.

კომპოზიციამ ავტორის ხედვა, მისი იდეოლოგია უნდა გადმოსცეს. ყოველი სინტაქსური კონსტრუქცია და ლექსიკური ერთეული, დენოტაციური თუ კონოტაციური მნიშვნელობით, ემსახურება ავტორის ინტენციას, გამოხატოს საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულება ამბისა და პერსონაჟისადმი,  სწორედ ეს არის ავტორის ენობრივი პოლიტიკა,  რომელიც ავტორის იდეოლოგიით არის მოტივირებული და  ამ იდეოლოგიის რელევანტურად არის დეტერმინირებული. შედეგად, ავტორის იდეოლოგიით პირობადებულია ენობრივი პოლიტიკაც: სუბიექტივიზმი (სუბიექტური იდეოლოგია) განაპირობებს სელექციურ დამოკიდებულებას ენობრივი და გრაფიკული ნიშნებისადმი. ამასთან, ლინგვისტურ ინფორმაციას თან ერთვის ექსტრალინგვისტური ინფორმაციაც.   თარგმანის პროცესში, ნებსით ან უნებლიეთ, სუბიექტური მიზეზებით თუ ობიექტური გარემოებებით, ავტორის იდეოლოგიასა და ენობრივ პოლიტიკას ერწყმის მთარგმნელის  იდეოლოგია და ენობრივი პოლიტიკა და ეს ორი ხმა ან ჰარმონიაშია ერთმანეთთან, ან დისონანსში.

რა საერთო აქვს ტერმინ „ტრანსლაციას“ თარგმანთან? მეტაფორულად, ეს ეროვნული იდენტობის კულტურული ტრანსლაციაა, ანუ ერთი ვითარებიდან მეორე ვითარებაში ტრანსლაცია-გადატანა, ხოლო ინგლისურ ენაში ტერმინი translation აღნიშნავს როგორც გადატანას, ასევე გადათარგმნას. 

გიფიტცი და ნირანიანა აღწერენ, თუ როგორ გარდაიქმნება  თარგმანი კოლონიალიზმის, დომინაციის ინსტრუმენტად. ისინი ქუინის (ავტორი წიგნისა: „თარგმანი და ანალიტიკური ფილოსოფია“, 1960) ფილოსოფიური ტრადიციის კვალდაკვალ ეთნოგრაფიას სწავლობდნენ. ნირანიანა ინდოეთის ინგლისელი კოლონიზატორების მიერ თარგმნილი წიგნების წინასიტყვაობასა და ბოლოსიტყვაობას იკვლევდა. კვლევის შედეგად, ნირანიანა წერს, რომ  თარგმანი ის ძალადობაა, რაც ყოველი კოლონიური თემის კონსტრუირებას თან ახლავს. (1992:2). ნირანიანა მიიჩნევს, რომ მთარგმნელობითი პრაქტიკა ესაა ინტერპრეტაციისა და კითხვის შუალედური პროცესი, თარგმანი ორივე ფენომენში  მონაწილეობს, თუმცა მთელი სისრულით არც ერთ მათგანს არ ეკუთვნის; ამდენად, ის ჰგავს მეტაფორას - ესაა  გადაადგილების, გადატანის ფორმა. ამ კონტექსტში, პოსტკოლონიური თემის სიტუაცია არის „თარგმანის პროცესში მყოფი“. 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა