ენიგმატური ეპიტაფიები (ტერმინი ჩვენია – თ.შ.), რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურა ,,თავსატეხი ეპიტაფიების” (Epitaph puzzles) და ,,ეპიტაფია-გამოცანის” (Epitaph riddles) სახელით იცნობს, ეპიტაფიის ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეს წარმოადგენს გამოყენების კოეფიციენტის მიხედვით. მაგრამ ლინგვოკულტურული თვალსაზრისით ისინი საინტერესო ფენომენს ქმნიან, რომელიც სპეციალურ კვლევას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ ,,ეპიტაფია–გამოცანების” ძირითადი მახასიათებლები და ვნახოთ რამდენად ინფორმაციულია ისინი; იწვევენ თუ არა ენიგმატური ეპიტაფიები მკითხველთა გაკვირვებას, დაბნევას, დაფიქრებას, გაღიზიანებას და საერთოდ, რა მიზანს ემსახურება ამ სახის ეპიტაფია.
ბუნებრივია, რომ ეპიტაფია საფლავის ქვაზეა მიწერილი და მისი ძირითადი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ გვამცნოს გარდაცვლილის ვინაობის, მისი ცხოვრების, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების შესახებ. თუმცა, ამის თქმა ნაკლებად შეიძლება ენიგმატურ ეპიტაფიებზე. ჩვენი დაკვირვების საფუძველზე თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ, ერთი მხრივ, არის ,,ეპიტაფია – გამოცანები”, რომლებიც ინფორმაციული თვალსაზრისით მწირია, მაგრამ მათი აზრის გაგება, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი აზრის ამოცნობა შესაძლებელია, რადგან ისინი ძალიან მცირედ, მაგრამ მაინც ინარჩუნებენ ეპიტაფიისათვის დამახასიათებელ ისეთ ძირითად ნიშნებს, როგორიცაა გარდაცვლილის სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. მეორე მხრივ, არსებობს აბსოლუტურად დაფარული აზრის მატარებელი, სწორედ რომ ენიგმატური ,,ეპიტაფია–გამოცანები”, რომლებიც გამოცანას უფრო გვანან, ვიდრე ეპიტაფიას და რომელთა მნიშვნელობის გაგება მკითხველთა უმრავლესობას არ ძალუძს და თუკი მკითხველი ამას მაინც ახერხებს, ეს ხდება დიდი ძალისხმევისა და ფიქრის შედეგად.
ცნობილია, რომ ეპიტაფია – გამოცანებს უმეტესად კონკრეტული მიზნებისთვის ქმნიდნენ, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ასეთ ხერხს უბრალოდ გასართობად მიმართავდნენ. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მიზეზები შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. ეს მიზეზები გახლავთ:
ა) რაიმე სამარცხვინო ფაქტის ჩადენა და ამის გამო ვინაობის დაფარვა;
ბ) საფლავის ქვაზე გაძნელებული წერის გამო ინფორმაციის შემჭიდროვებული სახით, უფრო სწორად წინადადების პირველი ასოებით ჩაწერა, რომელიც გაშიფრვას საჭიროებს;
გ) დასამახსოვრებელი და გასართობი ეფექტის მქონე ეპიტაფიის შექმნა.
ემპირიული მასალის ანალიზმა დაგვანახა, რომ ენიგმატური ეპიტაფია, როგორც ენობრივი ფენომენი საუკუნეებს ითვლის, იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო XVII –XVIII საუკუნეებში ევროპის ქვეყნებში (ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი), მაგრამ დღეს იგი ნაკლებად პოპულარული უნდა იყოს, რაზეც ჩვენ მიერ მოპოვებული და გაანალიზებული მასალა მეტყველებს. ენიგმატური ეპიტაფია სხვადასხვა სახით პოულობს გამოვლინებას. ესენია ეპიტაფიის ისეთი ჰიბრიდული ფორმები, როგორიცაა: ეპიტაფია - გამოცანა, ეპიტაფია - თავსატეხი, ეპიტაფია – ამოცანა და ა.შ.
ამგვარად, ენიგმატური ეპიტაფიები ერთ-ერთი იშვიათი და უცნაური ფორმის ეპიტაფიაა, რომელიც ამავდროულად შეიძლება გამოცანის ჰიბრიდულ ფორმადაც ჩაითვალოს. იგი იმ სახის გამოცანაა, რომელშიც კითხვა პირდაპირ არ არის გამოხატული ვერბალურ სტრუქტურაში. როგორც უ. ჩერჩილი იტყოდა: It is a riddle, wrapped in a mystery, inside an enigma. ამ სახის გამოცანებს არ ახასიათებს მეტაფორული თუ ალეგორიული აზროვნება. მის იდუმალებას ქმნის ზოგჯერ ლექსიკური ერთეულები, ზოგჯერ ინიციალები და აბრევიატურები, ზოგჯერაც მათემატიკური ამოცანები და ციფრები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტყვიერი ნიღბის ქვეშ მოქცეულია გარდაცვლილი ადამიანის მოკლე ბიოგრაფია, რომელიც მიგნება – გამოცნობას, ახსნას მოითხოვს. იგი გვაიძულებს, გონება ვავარჯიშოთ, ჩავწვდეთ დაფარულ აზრს და ამავდროულად გავერთოთ მაშინაც კი, როცა თითქოსდა გასართობი არაფერია.
დანართიუკან |