სემინარზე გაანალიზდება უწმინდესი სინოდის ხსენებული განჩინება, მისი მიღების მოტივი და შესრულების მიზნით გადადგმული პირველი ნაბიჯების მართებულება (მიტროპოლიტ ა. ჯაფარიძის კვლევის შედეგები), შეფასდება და განიხილება თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული დებულება ,,სანამ დასავლეთ საქართველო პოლიტიკურად ბიზანტიის ხელისუფლების ქვეშ იმყოფებოდა, ოფიციალური ეკლესიისა და სახელმწიფო კანცელარიის ენის როლს ბერძნული ასრულებდა“ და თეორიები ე.წ. „ ქართიზაციისა და ქართული ეკლესიის პროზელიტიზმის შესახებ, რაც ფაქტიურად საქართველოს სახელმწიფოებრივი და საეკლესიო იურისდიქციიდან დასავლეთ საქართველოს ამოვარდნას ნიშნავს მთელი ხუთი საუკუნის (IV-IX სს.) განმავლობაში.
სემინარზე ნაჩვენები იქნება ამ დებულებათა უსაფუძვლობა და დასკვნის სახით ითქმება, რომ განჩინების შესრულების მიზნით კვლევა უნდა წარიმართოს არა ცნობილი საეკლესიო ცენტრების (ბიჭვინთა, სებასტოპოლისი, ფაზისი, პეტრა...) სამხრეთ შავიზღვისპირეთში ძებნის მიზნით, არამედ იმის დასასაბუთებლად, რომ ბიზანტიის პოლიტიკური ბატონობა დასავლეთ საქართველოში სულაც არ გულისხმობს ბერძნული ენის გაბატონებას ქვეყნის საერო მმართველობასა და საეკლესიო ღვთისმსახურებაში მით უმეტეს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებულია ეროვნულ ენებზე ღვთისმსახურება. ამასთან, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ თვით ბიზანტიაში სახელმწიფო ენად VII საუკუნემდე ლათინური იყო. ამდენად, მთელი ადრე შუასაუკუნეების მანძილზე დასავლელი ქართველები აქაური საეკლესიო ცენტრების კონსტანტინეპოლის საპატრიარქოზე დამოკიდებულების მიუხედავად, ლოცულობდნენ და საერო საქმეებს აწარმოებდნენ ქართულ ენაზე. შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოზეც.
დანართიუკან |