სემინარები

სასემინარო თემა: „გარემოს თეორიის“ არსი ქართულ და ევროპულ ფილოსოფიურ აზროვნებაში, ფილოსოფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ირმა ბაგრატიონი, 27 თებერვალი, 14:00 სთ. ტექნოლოგიური ფაკულტეტი, აგრარული მიმართულების სასწავლო კორპუსი

თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსი სერგი ავალიანი (1928-2017) თავის ნაშრომში - “სიცოცხლის არსება” გვთავაზობს სიცოცხლის არსების ტელეოლოგიურ გაგებას თვითშენახვის პრინციპის ფილოსოფიური ანალიზის სახით. ეს უკანასკნელი ემყარება ცოცხალი ორგანიზმების შინაგანი აქტიურობის, სასიცოცხლო ძალის ანუ, გერმანელი ბიოლოგისა და ფილოსოფოსის, ნეოვიტალიზმის ფუძემდებლის ჰანს ადოლფ ედუარდ დრიშის (1867-1941) ტერმინით-ენტელეხიის პრინციპს. ავტორის აზრით, ბრძოლა საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივებისთვის - გარკვეული ენერგიის გარეშე შეუძლებელია და სწორედ ასეთია ენტელეხია.

თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსის კონსტანტინე კაპანელი (1889-1952) კი  ნაშრომში “სული და იდეა” დაბეჯითებით გვამცნობს, რომ გვთავაზობს სრულიად ახალი ტიპის მსოფლმხედველობას სახელწოდებით - ორგანოტროპიზმი. „ტროპიზმის” სამეცნიერო ცნება აღნიშნავს რაიმე გამღიზიანებლის, კერძოდ, გარემოს ზემოქმედების შედეგად მცენარის ორგანიზმის რომელიმე ნაწილის ზრდაში მიმართულების ცვლადობას. კაპანელმა გარემოსა და მცენარის ორგანოებს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი პრინციპი გადაიტანა და გაავრცელა მთელს სამყაროზე; აღნიშნულიდან გამომდინარე, ტროპიზმის მოვლენა ბიოლოგიის საკვლევი სფეროს კუთვნილებაა; რაც შეეხება ორგანოტროპიზმის ცნებას - ეს არის თავისებური ბიოსოციალური ჰიპოთეზის შედეგი, და ამდენად, იგი ფილოსოფიური კვლევის ობიექტია.
შეიძლება ითქვას, რომ ორგანოტროპული მსოფლმხედველობა  „ფაქტორების თეორიის“ სახით ახალი იყო ქართული ფილოსოფიური აზროვნებისთვის, თუმცა იგივეს თქმა ნამდვილად არ შეიძლება ევროპული ფილოსოფიური აზრის გადასახედიდან, რისი ნათელყოფაც შეიძლება შემდეგით:
ფრანგი ფილოსოფოსი იპოლიტ ტენი (1828-93) შემოქმედების შესაძლებლობას უკავშირებს ბიოლოგიურ მდგომარეობას; ნაშრომში  “ხელოვნების  ფილოსოფია” - მხატვრული შემოქმედების არსის ასახსნელად გამორჩეული ანალოგის სახით  სახელდება ბოტანიკა, კერძოდ, ხელოვნების ქმნილების აღმოცენება შედარებულია მცენარეს: როგორც მცენარის ბუნება განისაზღვრება კლიმატითა და ნიადაგის ხარისხით, ზუსტად ასევე მხატვრული შემოქმედების ნიმუშები სრულყოფილად შეგვიძლია შევიცნოთ მხოლოდ მაშინ, თუკი მათ შევისწავლით გარემოცულ არესთან დაკავშირებით.
ფრანგული განმანათლებლობის წარმომადგენელი აბატი ჟან ბატისტ დიუბო (1670-1742) კი ტრა-ქტატში “კრიტიკული განაზრებანი პოეზიისა და ფერწერის შესახებ” ამტკიცებს, რომ შემოქმედებითი გენია სულის ნაყოფია, რომლის „მომწიფებას ხელს უწყობს ან ხელს უშლის დრო და ადგილი: იგივე მარცვლები, ჩათესილი  ერთ  დროს,  აღმოცენ¬დება  უკეთესად, ვიდრე სხვა დროს ჩათესილი, და ნოყიერ ნიადაგში უკეთესად გაიზრდება, ვიდრე ქვა-ღორღიან გრუნტში“.

ამდენად, ქართული ორგანოტროპული მსოფლმხედველობა „გარემოს თეორიის“ სახით გარკვეულწილად იმეორებს ევროპულ ფილოსოფიურ აზროვნებაში ჯერ კიდევ ახალი დროიდან დამკვიდრებულ აზრს იმის შესახებ, რომ შემოქმედების შესაძლებლობა იქმნება შემოქმედისა და გარემოს ურთიერთობაში: მხატვრული სახის შექმნამდე წარმოსახული იდეის კორელატი ხანგრძლივად ტრიალებს იმ ბიოსფეროში, რომელშიც იმყოფება ხელოვანი; შესაბამისად, ხელოვნების ბუნება ორგანოტროპულია, რაც არ უნდა ინდივიდუალისტური იყოს იგი ფორმით ან ფერითი კონსტრუქციით.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა