მებოსტნეობას, როგორც სასოფლო-სამეურნეო მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მსოფლიო სორტიმენტში ცნობილი 150-მდე სახეობის ბოსტნეული კულტურიდან თანამედროვე მონაცემებით საქართველოში ამჟამად 70-ზე მეტი სახეობის ბოსტნეული მოჰყავთ, ერთ სულ მოსახლეზე მათი მოხმარების საშუალო წლიური ნორმა 120-180კგ-ს შეადგენს.
მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც საქართველოს მსგავსად არსებობდეს სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის 11 საწარმოო ზონა (3 ქვეზონით). ყოველივე ამის შედეგია ის, რომ გარდა ტროპიკულისა, საქართველოში იწარმოება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. საქართველოში ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებს უკავია 38.9 ათასი ჰა ფართობი (საქსტატი).
საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატური პირობები მეტად ხელსაყრელია მცენარეთა მავნებელ-დაავადებების განვითარების, გამრავლების, გადაზამთრებისა და გავრცელე- ბისათვის.
FAO-ს მონაცემებით ყოველწლიურად სოფლის მეურნეობაში მოსავლის 1/3 ნადგურდება მცენარეთა მავნე ორგანიზმების ზეგავლენით, მათგან მცენარეთა დაავადებების 85 % გამოწვეულია სოკოებით.
საქართველოში ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობას მნიშვნელოვანად ამცირებს შემდეგი სოკოვანი დაავადებები: ფიტოფტოროზი, ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი, კლადოსპორი, ვერტიცელიოზი, ფუზარიოზული ჭკნობა, სეპტორიოზი, ნაცარი, შავფეხა, სველი სიდამპლე და სხვა.
ბოსტნეული კულტურების ძირითადი მავნებლებია: ბოსტანა ანუ მახრა, მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო, ფესვის გალებიანი ნემატოდა, პომიდვრის ჟანგა ტკიპა, სათბურის ფრთათეთრა, კარადრინა ანუ პომიდვრის ხვატარი და სხვა.
ცნობილი ფაქტია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მათ შორის ბოსტნეულ კულტურათა მოსავლიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათ მავნებელ- დაავადებებისგან დაცვის ღონისძიებებზე.
თანამედროვე ეტაპზე მცენარეთა დაცვა არ წარმოადგენს ცალკე აღებულ ერთ რომელიმე მეთოდს. იგი ცალკეული კულტურის მოვლის აგროტექნიკასთან შერწყმული სხვადასხვა მეთოდის ერთობლიობას გულისხმობს. არჩევენ მცენარეთა დაცვის აგროტექნიკურ, სელექციურ, ბიოლოგიურ, ბიოტექნიკურ, მექანიკურ, ფიზიკურ და ქიმიურ მეთოდებს. მათი ურთიერთ შეხამებული მიზნობრივი გამოყენება ინტეგრირებული ბრძოლის სახელწოდებითაა ცნობილი, რომელიც მიმართულია მცენარეთა მავნებლების, ავადმყოფობების და სარეველების წინააღმდეგ, კონკრეტულ ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ზონაში, შესაბამის სასოფლო-სამეურნეო მცენარეზე, რის შედეგადაც მიიღწევა მავნე ორგანიზმთა რიცხოვნობის რეგულირება სასარგებლო ბუნებრივი ორგანიზმების მოქმედების შენარჩუნებით.
უკან |