ხელნაწერი მემკვიდრეობის საგანძურში დიდი ადგილი უჭირავს ქალის ხელით გადაწერილ მანუსკრიპტებს, რომლებიც ცუდი მხედრულითაა შესრულებული. ამგვარ წერას ტრადიცია „დედაბრულ ხელს“ უწოდებს. დღემდე ცნობილი იყო, რომ ტერმინი „დედაბრული ხელი“ პირველად სიმონ ჯანაშიამ გამოიყენა 1946 წელს. 1948 წელს ნიკო ბერძენიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ და ივ. ჯავახიშვილმა ის დაუკავშირეს გამაჰმადიანებას, თუმცა ეს ტერმინი არ გვხვდება თავად ივ. ჯავახიშვილის „ქართულ დამწერლობათმცოდნეობაში“. მოპოვებული მასალების თანახმად, აპოლონ წულაძე მას იყენებს 1916 წელს, ასე რომ, აღნიშნული ტერმინი გაცილებით ადრე, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, იყო ცნობილი.
კვლევის შედეგად „დედაბრული“ ხელნაწერების ერთი დიდი ნაწილი პალეოგრაფიული და ლინგვისტური თავისებურებების გამო ცალკე გამოვყავით და „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი“ ვუწოდეთ. იგი მხედრული ანბანის მოდიფიკაციაა. ამგვარი წერის მანერითაა შესრულებული პირადი წერილები, ავგაროზის ტექსტები, ანბანის ნიმუშები ხელრთვები და ა. შ. ახალ კულტურულ გარემოში „დედაბრული ხელმა“ შეიცვალა გრაფიკული და ლინგვისტური მახასიათებლები. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით დამწერლობის ეს მეტად თვითმყოფადი და თავისებური, ჭეშმარიტად უნიკალური სახეა. სხვა ამგვარი ხელნაწერებისაგან განსხვავდება იმით, რომ 1. უშუალოდ უკავშირდება ოსმალთა ბატონობას და 2. განირჩევა პალეოგრაფიული ნიშნებით. ესენია: ასოთა კუთხოვანი მოხაზულობა, ხმოვანმეტობა, სიტყვების გაუმიჯნაობა, უინტერვალო წერა და სასვენი ნიშნების უქონლობა. ეს კი საფუძველს გვაძლევს, მას ვუწოდოთ საიდუმლო დამწერლობის ერთ-ერთი სახე.
უკან |