სემინარები

სემინარის თემა „ანთროპონიმიის ტრანსფორმაციის ძირითადი ტენდენციების შესახებ ზემო აჭარაში“. ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თემურ ავალიანი. 12 აპრილი 15 საათი, I კორპუსი, 37-ე აუდიტორია

ანთროპონიმია, ისევე როგორც საერთოდ ონომასტიკა, ენის ლექსიკის ის პლასტია, რომლის ჩამოყალიბება ხდება არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ეტაპზე, არამედ მთელი ისტორიის მანძილზე. ამიტომაც მასში ნათლად და მკაფიოდაა ასახული დროისა და ეპოქების კვალი. მისი, ისევე როგორც მთლიანად ენის კონცეპტუალური ბაზის ფორმირების პროცესი ადამიანთა სოციალიზაციისა და მათი ერთობლივი წარსულის შესახებ კოლექტიური მეხსიერების ფორმირების პროცესების შემადგენელი  კომპონენტია.  შესაბამისად ის უაღრესად საინტერესო სურათს ქმნის ხალხის (ეთნოსის, ერის)   ეროვნულ–კულტურული იდენტობის ჩამოყალიბება–შენარჩუნების ან პირიქით,  დაკარგვის თვალსაზრისით.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს სოციალური, პოლიტიკური, ბუნებრივი თუ სხვა სახის კატაკლიზმების და სხვა სახის ცვლილებების ფონზე.  ისინი  რადიკალურად ცვლის სოციუმის ცხოვრების ჩვეულ, ტრადიციულად დამკვიდრებულ წესს და ღრმა კვალს ტოვებს ისტორიულ მეხსიერებაში. ყოველივე ეს უშუალოდ აისახება ენაში: იწყება სამყაროს ენობრივი სურათის ტრანსფორმაცია (ძვ. ლათ. transformatio — «გარდაქმნა»)  რაც უნივერსალური ხასიათის მოვლენაა. სპეციფიკა  ვლინდება  ამა თუ იმ კონკრეტულ ენაში, რადგან ესა თუ ის ენა ეკუთვნის კონკრეტულ სოციუმს (ეთნოსს, ხალხს), ცალკეულ სოციუმთა ეთნო–კულტურული იდენტობის შენარჩუნება/დაკარგვის პროცესები კი ყველგან ერთნაირად არ მიმდინარეობს.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ზემო აჭარა, რომელიც  მე–16 საუკუნის მეორე ნახევრიდან საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და შესაბამისად ისლამურ გარემოში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე,  ჩვენი მიზანია  იმ ცვლილებათა არსისა და ხასიათის მაქსიმალურად წარმოჩენა, რაც განიცადა აქაურმა ქართულმა ანთროპონიმიამ ოსმალურ და შემდგომ პერიოდებში. საუბარია იმ სოციოლინგვისტურ (ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ) ფაქტორებზე, რომელთა  ზეგავლენითაც იყო განპირობებული ეს ცვლილებები XVI-XIX საუკუნეებში და მე-19 საუკუნიდან დღემდე, კერძოდ, როგორ წარიმართა  ქართული გვარებისა და განსაკუთრებით საკუთარი სახელების ტანსფორმაცია, რა ზეგავლენა იქონია მან აქ მცხოვრებ ქართველთა ეთნოკულტურული იდენტობაზე და ა.შ. სემინარზე ზემო აჭარაში ანთროპონიმული სურათის  ტრანსფორმაციის  ძირითადი ტენდენციები საარქივო მასალებისა და მოსახლეობის კოლექტიური მეხსიერების მონაცემთა საფუძველზე წარმოდგენილია შემდეგი ეტაპების მიხედვით:

  •  ანთროპონიმული სურათი მე-16 ს. მიწურულს
  •  ანთროპონიმული სურათი მე-20 ს. 20-იან წლების დასაწყისში
  •  ანთროპონიმული  სურათი საბჭოთა პერიოდში
  •  ანთროპონიმული სურათი  პოსტსაბჭოურ პერიოდში
     
  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა