ისტორიული ქართული პროვინციის _ ტაოს (დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა) ზეპირსიტყვიერებამ ბოლო დრომდე ცოცხალ ფორკლორულ ბრუნვაში შემოინახა მარადიული გაზაფხულის, წყლის განმასახიერებელი ქალღვთაების, “ამირანიანის”, წყლისა და ხმელეთის სტიქიათა ბრძოლისა და თამარ მეფის ციკლის სამშენებლო თემატიკის შემცველი ტრადიციული ქართული მითოსური ნარატივები.
ტაოს ქართულენოვანი სოფლების მკვიდრთა ისტორიულ მეხსიერებაში შემორჩენილი მარადიული გაზაფხულის, ანუ დაკარგული სამოთხის, მითოსის ყველა ვარიანტის თანახმად, პირველი თოვლის მოსვლა ქრისტიან ბერს (“ქეშიშს”) შეუნიშნავს და ამბის შესატყობად კაცები გაუგზავნია; როცა დაადგინეს, რა მოვლენაც იყო, იმ ადგილიდან აიყარნენ და თბილ ადგილზე გადავიდნენ.
ზოგადქართული მარადიული გაზაფხულის მითოსისაგან განსხვავებით, რომელიც თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება, ტაოს მითოსური ნარატივების თანახმად, პირველი თოვლის მოსვლა ბერების სამყოფელის მოშლასთან ასოცირდება, თუმცა, სად წავიდნენ ქრისტიანი ღვთისმსახურები, ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია; ზოგი ვარიანტის მიხედვით, ბათუმში წასულან; მთავარი გზავნილი კი ისაა, რომ “აქობადან წასულან” და იქ ქრისტიანები აღარ ბინადრობენ.
მართალია, ტაოური მარადიული გაზაფხულის, ანუ მიწიერი სამოთხის, მითოსს ჩვენებურები თამარ მეფის “ოქროს ხანას” აღარ (ვეღარ) უკავშირებენ, მაგრამ ეს სანუკვარი ხანა მათ ისტორიულ მეხსიერებაში მაინც ქრისტიანული ღვთისმსახურების სივრცესთან ასოცირდება, რაც ადასტურებს, რომ ტაოელ ქართველთა ცნობიერება ერთიანი ქართული კულტუროლოგიური წიაღიდან მომდინარეა.
ტაოელ ჩვენებურთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული და ზოგადკავკასიური წყლის განმასახიერებელი ქალღვთაების არქაული სახის შემცველი ნარატივები. ტაოს მითოსის პერსონაჟი _ წყლის ქალღვთაება _ “ფერი”, ანუ “დეკაცი” _ საქართველოს სხვა კუთხეთა მითოსურ ნარატივებში დადასტურებული წყლის ქალღვთაებისაგან განსხვავებით, ბოლომდე დემონიზებული არ არის, შემორჩენილი აქვს ღვთაებრივი ნიშნები, რაც მას კიდევ უფრო მეტი არქაულობის სტატუსს ანიჭებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ქართული მითოლოგიის კვლევაში.
ტაოს ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილია ხმელეთისა და წყლის სტიქიათა ბრძოლის არქაული მითოსი, რაც, აგრეთვე, ზოგადქართული მითოსის ნაწილია და ამდიდრებს მას.
ტაოს ქართულენოვანი ჩვენებურების ისტორიულმა მეხსიერებამ შემოინახა, აგრეთვე, ქართულ ფოლკლორში მრავალ ვარიანტად თავჩენილი თამარის ციკლის სამშენებლო მითოსი, რომელიც ოთხთა ეკლესიის მშენებლობას უკავშირდება.
ტაოს ზეპირსიტყვიერებაში დასტურდება წარმართული ნაყოფიერების კულტის ამსახველი მითები, რაც დასავლეთ საქართველოში ბოლო დრომდე შემორჩენილ “აგუნას” რიტუალთან ასოცირდება.
ტაოს მკვიდრთა მითოსური მემკვიდრეობის სრული სურათის აღსადგენად ძალზე საინტერესოა ტოპონიმები : “დიდი ბალხი”, “პატარა ბალხი”, “ბალხიბარი”, “ქაჯი კარი” და “კალმახეთი”, რომლებიც ჩვენი ეროვნული ეპოსის სიამაყის _ “ამირანიანის” გენეზისის პრობლემას უკავშირდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართულ მითოლოგიურ კვლევებში.
ტაოელი ჩვენებურების ისტორიულ მეხსიერებაში ბოლო დრომდე შემონახული მითოსი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტაოს ძირძველი ქართული მოსახლეობის ზეპირსიტყვიერება ერთიანი ქართული კულტუროლოგიური სივრცის ნაწილია და ცხადად გახაზავს მათ იდენტობას.
უკან |