20-22 აპრილს, ,,ერაზმუს+“-ის პროექტის SQUARE „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ ფარგლებში, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო დოლიძე სასწავლო ტურით, პროექტის ერთი-ერთი პარტნიორის, ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორიის (CNAM) მიწვევით პარიზში იმყოფებოდნენ. CNAM-ი ერთ-ერთი პირველი ინსტიტუციაა საფრანგეთში, რომლის მიზანია ცოდნის გავრცელება უნივერსიტეტების ტრადიციული აუდიტორიის გარეთ.
სასწავლო ტურის შედეგად მონაწილეები გაეცნენ მესამე მისიის განხორციელების მაგალითებს ევროპულ ინსტიტუციებში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან, დაინტერესებული მხარეების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან, რომლებიც ახორციელებენ მესამე მისიის აქტივობების სტრატეგიულ ინტეგრაციას უნივერსიტეტებთან.
საფრანგეთში პროექტს მასპინძლობდნენ CNAM-ის პროფესორი, კარიმ მეჯადი და CNAM-ის ეროვნული ინოვაციების პედაგოგიური გუნდის დირექტორი, პროფესორი ჟან კლოდ რუანო-ბორბალანი. ფრანგმა პროფესორებმა პროექტის მონაწილეებს პარიზში განხორციელებული და მიმდინარე მესამე მისიის აქტივობების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. შეხვედრები შედგა CNAM-ის მუზეუმში, პარიზის მუზეუმსა (Carnavalet) და მეცნიერებისა და ინდუსტრიის ქალაქში (Cité des sciences et de l'industrie). შეხვედრების შემდეგ გაიმართა სამუშაო ჯგუფის დისკუსიები ახალი ცოდნის გაზიარებასა და ქართულ კონტექსტთან მორგების საკითხებზე.
ვიზიტში მონაწილებდნენ საქართველოს 8 უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
უკან |