ბავშვის უფლებათა ცენტრი

„ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად

პროექტის მიზანი იყო ბავშვის უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მდგრადი აკადემიური და პრაქტიკული სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობას, ინოვაციური სწავლებისა და სწავლების მიდგომების დანერგვას, ასევე ბავშვთა უფლებებსა და ინკლუზიური განათლების პრინციპებზე დაფუძნებული პროფესიული კულტურის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრის ბრენდბუქი, კეთილმოეწყო და თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსებით აღიჭურვა ცენტრის სივრცე, რაც უზრუნველყოფს სასწავლო, კვლევითი და პროფესიული შეხვედრების ეფექტიან გარემოს. ცენტრის ბიბლიოთეკა გამდიდრდა ქართულ და ინგლისურენოვანი სპეციალიზებული ლიტერატურით, ხოლო საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა შერჩეული ინგლისურენოვანი მასალების ქართულ ენაზე თარგმნა.

პროექტის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის პროფესიული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება. ამ მიზნით შემუშავდა და განხორციელდა ტრენინგ-მოდულები, ვებინარები და საინფორმაციო შეხვედრები აკადემიური პერსონალის, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მშობლების, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის.

პედაგოგებისა და უნივერსიტეტის ლექტორებისათვის ჩატარებული ტრენინგები მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მულტიკულტურული განათლება, ბავშვთა უფლებების სწავლება, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების ეფექტიანი სტრატეგიები და სწავლებისა და განვითარების თანამედროვე თეორიები.

მოსწავლეებისათვის განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები ფოკუსირებული იყო ბავშვთა უფლებების, უსაფრთხო სასკოლო გარემოს, თანასწორობის, ემოციური კეთილდღეობის, პროექტების მართვის, შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და ციფრული უნარების განვითარების საკითხებზე, მათ შორის Python-ის პროგრამირების შესავალ კურსზე.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ამ მიზნით ჩატარდა თემატური ვებინარები და საინფორმაციო სესიები მშობლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, რომლებიც შეეხებოდა ბავშვთა ტრავმის პრევენციას, ბავშვთა უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, უფლებებზე დაფუძნებული განათლების მიდგომებსა და უსაფრთხო, თანასწორ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში ასევე შეიძინა სპეციალური აღჭურვილობა ბათუმის №26 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, რაც მათ კერამიკის სახელოსნოში პრაქტიკულ საქმიანობაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.

პროექტმა საფუძველი ჩაუყარა ბავშვის უფლებების ცენტრის, როგორც საგანმანათლებლო, კვლევითი და პროფესიული განვითარების სივრცის ჩამოყალიბებას, რომელიც დღემდე ხელს უწყობს ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების პრინციპების გავრცელებასა და დანერგვას როგორც საუნივერსიტეტო, ისე სასკოლო საზოგადოებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა