იურიდიული ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს დაფუძნდა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის (რექტორი პროფ. ნური ვერძაძე)  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე (დეკანი პროფ. მამია ფაღავა). 1992 წელს, სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაზაზე, დაარსდა იურიდიული ფაკულტეტი, რომელსაც დაარსებიდან 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა დოცენტი მურმან გორგოშაძე, 2004 წელს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას ასრულებდა პროფესორი ომარ ფარტენაძე, ხოლო 2005-2006 წწ. - პროფესორი ლევან ჯაყელი.

2006 წლამდე იურიდიული ფაკულტეტი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია. 2006 წელს მის საფუძველზე ჩამოყალიბდა იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი (ხელ-ი ომარ მახარაძე), რომელიც  იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტების შეერთების საფუძველზე შექმნილი ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის  სტრუქტურული ერთეული გახდა.

იურიდიული ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა სამართალმცოდნეობის სპეციალობა ქართული და რუსული სექტორებით (რუსული სექტორი გაიხსნა 1999 წელს და დაიხურა 2007 წელს) და საერთაშორისო სამართლის სპეციალობა (გაიხსნა 1997 წელს და დაიხურა 2007 წელს).

იურიდიულ ფაკულტეტს ყოველთვის დიდ დახმარებას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რომელმაც მართლაც ,,დედა უნივერსიტეტის“ ფუნქცია შეასრულა ჩვენი ფაკულტეტისათვის. ფაკულტეტზე მოწვეულმა პროფესორ-მასწავლებელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იურისპუდენციის  სწავლებაში. 

ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე პირველად შეიქმნა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოცდილი იურისტი, ვაჟა ხახუტაიშვილი. მისი ძალისხმევით დაკომპლექტდა ფაკულტეტი დამსახურებული სწავლული და პრაქტიკოსი იურისტებით. ლექციების წასაკითხად მოწვეული იქნენ პროფესორები:  ბესარიონ ზოიძე,  ასლან აბაშიძე, ბადრი ნაკაშიძე, შოთა ოქროპირიძე, პრაქტიკოსი იურისტები: ვაჟა კვარაცხელია, დავით თამაზაშვილი, გოდერძი ბორჩხაძე, თემურ წულუკიძე, დავით კეკენაძე, რაჟდენ დიასამიძე,  გივი დიასამიძე და სხვები.  სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგის მოვალეობას 2003-2006 წწ. ასრულებდა პროფესორი ომარ ფარტენაძე.
კათედრას თანდათან შემოემატნენ ახალგაზრდა მასწავლებლები და სპეციალისტები: იზოლდა ავალიანი, ომარ ფარტენაძე, ზაზა რუხაძე, ლამზირა ბოლქვაძე, ნინო ვაშაყმაძე, კახა ფალავანდიშვილი, ლინდა შალამბერიძე, რამაზ ბოლქვაძე, თენგიზ გორგოშაძე, ზვიად ვალიშვილი, თემურ ცეცხლაძე, ნინო ვაშაყმაძე, მაია ჭყონია, ასლან ჭანიძე, მალხაზ დიასამიძე, როლანდ გოგიტიძე,  ხათუნა კალანდარიშვილი, სვეტლანა ლოგუა და სხვები.

იურიდიული ფაკულტეტი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებს ფაკულტეტზე მოღვაწე, აწ გარდაცვლილ პროფესორ-მასწავლებლებს: ოთარ ქათამაძეს, ვაჟა კვარაცხელიას, რეზო ჭოღოშვილს, შოთა ოქროპირიძეს, გიორგი ახალაიას, თენგიზ გორგოშაძეს, ირაკლი მახარაძეს, ამირან ნაკაშიძეს, რაჟდენ დიასამიძეს, დავით თამაზაშვილს, ვლადიმერ მკერვალიშვილს, თამაზ ბაზიაშვილს, გივი დიასამიძეს.

1994 წელს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კათედრას გამოეყო სახელმწიფოსა და სამართლის თეორიისა და ისტორიის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძე.
2002 წელს სახელმწიფოსა და სამართლის თეორიისა და ისტორიის კათედრა გაიყო ორ – სახელმწიფო (კონსტიტუციურ) სამართლისა და სამართლის თეორიისა და ისტორიის კათედრად. სახელმწიფო (კონსტიტუციური) სამართლის კათედრას ლიკვიდაციამდე (2006წ.) ხელმძღვანელობდა ასოც. პროფესორი ნუგზარ ფუტკარაძე, ხოლო სამართლის თეორიისა და ისტორიის კათედრას, ასევე ლიკვიდაციამდე (2006წ.)  - ასოც. პროფესორი მურმან გორგოშაძე.

იურიდიულ ფაკულტეტზე თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა საერთაშორისო სამართლის სწავლებას მომავალი იურისტების ფორმირების საქმეში. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით 1997 წელს გამოცხადდა მიღება საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე და დაარსდა საერთაშორისო სამართლის კათედრა, რომელსაც  ხელმძღვანელობდა მოსკოვის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მაშინდელი ასპირანტი როსტომ გუნთაიშვილი.
2003-2006 წწ. საერთაშორისო კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ლევან ჯაყელი. ფაქტობრივად ამ ოთხი კათედრის ბაზაზე 2006 წელს შეიქმნა იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომელსაც დაარსებიდან 2008 წლამდე უძღვებოდა სრული პროფესორი ომარ მახარაძე. 2008 წლიდან 2013 წლამდე იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სრული პროფესორი მურმან გორგოშაძე, 2013-2014 წლებში ასოცირებული პროფესორი ომარ ფარტენაძე, ხოლო 2014 წლიდან დღემდე იურიდიულ დეპარტამენტს კვლავ ხელმძღვანელად დაუბრუნდა პროფესორი მურმან გორგოშაძე.

2006 წლიდან 2014 წლის 15 სექტემბრამდე იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი გაერთიანებული იყო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დეკანიც 2006 წლიდან 2011 წლამდე იყო ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში, ხოლო 2011 წლიდან დღემდე პროფესორი ადამ მახარაძე.
2014 წლის 15 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დაყოფის საფუძველზე ჩამოყალიბდა იურიდიული ფაკულტეტი. დამოუკიდებელ ფაკულტეტად ჩამოყალიბების შემდეგ  დეკანად აირჩიეს პროფესორი ადამ მახარაძე, ხოლო ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელად პროფესორი მურმან გორგოშაძე.

იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი ამჟამად ამ ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულია. 2011წ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ბსუ-ს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო, ხოლო 2012წ. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს სახელმწიფო აკრედიტაცია მიენიჭა. 2008 წლიდან ფაკულტეტზე თანდათანობით შეიქმნა მატერიალ-ტექნიკური ბაზა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა სამართლის არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული სწავლებაც, კერძოდ ფაკულტეტზე ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, საიმიტაციო სასამართლო დარბაზი და კრიმინალისტიკის კაბინეტი;

იურიდიული ფაკულტეტი არის ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციიაციის წევრი. მჭიდრო ურთიერთობები აქვს დამყარებული ავსტრიის ქალაქ გრაცის უნივერსიტეტთან, ლიტვის ნიკოლას რომეროს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტთან, თურქეთის ქალაქ სტამბულის იედიტეპეს უნივერსიტეტთან და სხვ.  ამჟამად გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი 30 ათამდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან. იურიდიულ ფაკულტეტს ამჟამად ჰყავს ერთი ემირიტუსი პროფესორი-რაჟდენ ფუტკარაძე,  საკონკურსო წესით არჩეული სამი პროფესორი, ხუთი ასოცირებული და ექვსი ასისტენტ პროფესორი, ასევე 20-მდე მოწვეული პროფესორ-მასწავლებელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა