ბსუ პირველ საერთაშორისო კონფერენციას „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ საერთაშორისო კონფერენციას „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მასპინძლობს. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის შესახებ აკადემიურ დისკუსიას, ცოდნის გაზიარებას ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართეს აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, პარლამენტის წევრებმა გიორგი  ამილახვარმა და ელისო ბოლქვაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და  სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

ორდღიან კონფერენციას ესწრებიან პარლამენტის, ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობების, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სკოლამდელი დაწესებულებების  წარმომადგენლები. კონფერენცია ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროს სპეციალისტების  პროფესიულ განვითარებას  და  ფართო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას ადრეული  განათლების მნიშვნელობის შესახებ.

საერთაშორისო კონფერენციაზე 150 მონაწილე საქართველოდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან წარმოადგენს 95 მოხსენებას და მონაწილეობას მიიღებს თემატურ პანელურ დისკუსიაში, რომლებზეც განიხილება ადრეულ განათლებისა და   ზრუნვასთან  დაკავშირებული მართვის, დაფინანსების, ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ინკლუზიის საკითხები. 

კონფერენციის სესიები უზრუნველყოფს  პლატფორმებს აქტიური განხილვებისთვის და მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების პრეზენტაციებს ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა: კოვიდ-19-ის პანდემიის ზეგავლენა ადრეულ  განათლებაზე, ადრეული განათლების ინოვაციური და ალტერნატიული მიდგომები, თამაშის როლი ადრეულ განათლებაში, ბავშვის უფლებები  ადრეული  განათლების  კონტექსტში, პროფესიული  კომპეტენციები, აღმზრდელთა-პედაგოგთა განათლება და პროფესიული განვითარება, მშობლების ჩართულობა და  პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერა, ინკლუზიური პრაქტიკა და ადრეული ინტერვენცია, რეგულაციები, სტანდარტები და  საერთაშორისო  საუკეთესო პრაქტიკა.

ადრეული განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა  ბავშვისთვის და წარმოადგენს საძირკველს მათი შემდგომი ზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვისთვის ხარისხიანი ადრეული განათლების მიწოდების შეფერხება მნიშვნელოვნად აზიანებს მის მომავალს, ვინაიდან მას  არ  ეძლევა შესაძლებლობები  თავისი პოტენციალის სრული რეალიზებისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ადრეული და  სკოლამდელი  განათლებისა  და  ზრუნვის შესახებ კანონის შემუშავებასა და   აღსრულებაში, რომელიც  მნიშვნელოვან  რეფორმებს  მოიაზრებს საქართველოში ადრეული განათლების ხარისხისა და  თანაბარი ხელმისაწვდომობის მისაღწევად.

 

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა