ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა გამარჯვებული სტუდენტური კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „Gather2Gether-2", რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი და უცხოელი სტუდენტების დაახლოებას, კულტურის გაზიარებას, შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებას და ინტეგრაციის გაძლიერებას. პროექტი მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას, მათ შორის პოსტერების კონკურსს სახელწოდებით „ინტეგრაცია და მიმღებლობა" და ფოტოკონკურსს „მრავალფეროვნება რეალურ ცხოვრებაში".
ღონისძიებაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორმა მარინე ქორიძემ და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ პროექტის მნიშვნელობაზე, კულტურული მრავალფეროვნების როლზე ისაუბრეს და კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
პროექტი დასრულდა მასშტაბური ფესტივალით „BSU FEST-2024", სადაც ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნების კულტურა და ტრადიციები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მუსიკალური წარმოდგენები, კულტურული ტრადიციების პრეზენტაციები, მათ შორის მეჰენდით ხელის მოხატვა, სხვადასხვა დამწერლობის გაცნობა და ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ბენდი და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი". ღონისძიებაზე ასევე შედგა უცხოელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ბენდის პრემიერა, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის კულტურულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე გაიმართა პირველკურსელთა თეთრი ხალათებით შემოსვის ცერემონია.
პროექტის ავტორია ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის „დიპლომირებული მედიკოსის" ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტი ფებრიან ნიშანთაჰან აჰიშთანი.
უკან |