დაიწყო AGRICOOP - შავი ზღვის რეგიონის საერთაშორისო პროექტი

სურათი

შავი ზღვის აუზის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლიერებისა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო საერთაშორისო პროექტი AGRICOOP - „ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობა მავნებლების ინვაზიურ სახეობებთან და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისათვის მდგრადი სოფლის მეურნეობის უზრუნველსაყოფად“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის Interreg VI-B NEXT Black Sea Basin ფარგლებში და მიზნად ისახავს მავნებელთა ინვაზიური უცხო სახეობების (IAS) გამოვლენას, მონიტორინგსა და მათ წინააღმდეგ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბრძოლის მეთოდების დანერგვას.

პროექტის პარტნიორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

AGRICOOP-ის მიზანია სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაზრდა, კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირება და ინვაზიური მავნებლების იდენტიფიკაცია, ასევე მათთან ბრძოლის ერთობლივი და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეთოდების დანერგვა. პროექტი ფერმერებს თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებსა და ცოდნაზე წვდომას შესთავაზებს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება კლიმატისა და მავნებლების გამოვლენის სადგურები (CPDS), განვითარდება მობილური აპლიკაცია MAPPEST, მომზადდება ინვაზიური სახეობების გავრცელების რუკა და გადამზადდება მინიმუმ 100 ფერმერი.

პროექტის ბენეფიციარები არიან ფერმერები, აგროკოოპერატივები, სოფლის მეურნეობის პალატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფერმერების ცნობიერების ამაღლებას და ქიმიური პრეპარატების ინტენსიური გამოყენების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს ეკოსისტემის დაცვასა და გარემოს დაბინძურების შემცირებას.

პროექტის წამყვანი პარტნიორია ტრაპიზონის სასაქონლო ბირჟა. პარტნიორები არიან: ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა