გომარდულში ამირან მამალაძის მემორიალური სათხილამურო ტურნირი გაიმართა

სურათი

3–14 მარტს, შუახევის მუნიციპალიტეტში, გომარდულის სათხილამურო ბაზაზე გაიმართა ბსუ-ს სტუდენტის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სათხილამურო სპორტში (სლალომი). ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. ასევე მონაწილეობდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ამირან მამალაძის ოჯახის წევრები.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ბარათაულის, გომარდულის, ოლადაურისა და მაწყვალთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები, ხოლო მონაწილეებს - სამახსოვრო საჩუქრები  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბსუ-ს სტუდენტური პროექტის ფარგლებში მომზადებული წიგნის „რაც დავიწყებით არ იბინდება“ პრეზენტაცია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად, გომარდულში, თხილამურებით რბოლა 2010 წლიდან იმართება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის კაპრალი, I ხარისხის ორდენოსანი ამირან მამალაძე იყო ერთადერთი სტუდენტი აჭარის რეგიონიდან, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და ასევე მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისივე სახელი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა