
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - „თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები მაღალმთიან რეგიონებში, მათი დაძლევის გზები (აჭარის ა.რ. მაგალითზე)“ ფარგლებში მიღებული შედეგების განხილვისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის ვორქშოფი ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე.
შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართული გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა და მოწვეული სტუმრების მოსაზრებების გაზიარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე და რექტორის მოადგილე, გიორგი ქათამაძე. რექტორმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული განვითარების, არსებული გამოწვევების შესწავლისა და მათი გადაჭრის გზების შემუშავების პროცესში.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აჭარის რეგიონული ბიუროს უფროსი ედიშერ შერვაშიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს, საოჯახო მეურნეობების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ფაკულტეტის წევრები.
პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართულნი იყვნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კვლევის მიზანი იყო მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
| უკან |



















