
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ გაიხსნა. ცენტრი ახალგაზრდებისთვის კონფლიქტების, ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლისა და გააზრების ახალ საგანმანათლებლო სივრცეს შექმნის.
ცენტრი აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნეს.
ცენტრის გახსნის ცერემონიაზე გამომსვლელებმა სამშვიდობო განათლების, დიალოგისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ახალი ცენტრი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება მშვიდობის კულტურის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების თემატური გამოფენა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების საღამო.
ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სამშვიდობო სწავლების ცენტრის საქმიანობა დაეფუძნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიან გამოცდილებას ისტორიული კვლევების, კონფლიქტების შესწავლისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით. ცენტრს უხელმძღვანელებს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნატალია ლაზბა.
ცენტრის მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შესთავაზოს აკადემიური და პრაქტიკული შესაძლებლობები მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების ანალიზის, დიალოგისა და შერიგების მიმართულებით. ცენტრი გააერთიანებს განათლებას, კვლევას და პრაქტიკულ საქმიანობას, ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში.
ცენტრის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების, სემინარების, კვლევითი პროექტების, საჯარო დისკუსიებისა და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მედიაციის, მოლაპარაკებების, კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
ინიციატივას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აჭარის რეგიონისთვის, სადაც ისტორიულად იკვეთებოდა მრავალფეროვანი კულტურული, სოციალური და საზოგადოებრივი პროცესები. ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში განსხვავებული გამოცდილებების გააზრებას, ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებას და საზოგადოებრივ დიალოგს.
პლატფორმა ასევე მიზნად ისახავს სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და კონფესიური კუთვნილების მქონე სტუდენტებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ცენტრი ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, ასევე მხარს დაუჭერს მშვიდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ მიმართულ ახალგაზრდულ პროექტებს.
ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან. პროგრამებში ჩართულნი იქნებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები, ექსპერტები და პრაქტიკოსები, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმის“ დაფუძნება წარმოადგენს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გაგრძელებას და ქმნის სივრცეს, სადაც სტუდენტები, მკვლევრები და პრაქტიკოსები საერთო მიზნების გარშემო გაერთიანდებიან.
| უკან |



















