
3-4 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანია ,,ექსპო ბათუმის" პარტნიორობით, რიგით VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება თემაზე: „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“.
კონფერენციის მთავარი მიზანი ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების სიღრმისეული ანალიზი და მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავებაა. ღონისძიება შექმნის დიალოგის უნიკალურ პლატფორმას აკადემიურ წრეებს, სამთავრობო სექტორსა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ინდუსტრიის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს კონფერენციას დაესწრონ როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
პანელური დისკუსიები და თემატური მიმართულებები:
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც დელეგატები საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას შემდეგი 3 ძირითადი თემის ირგვლივ განიხილავენ:
1. განათლება მდგრადი ტურიზმისთვის: გამოწვევები და საერთაშორისო პერსპექტივები;
2. ტურიზმი საქართველოში და გლობალური გამოწვევები;
3. ტურიზმის მდგრადი განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა.
სესიებში მუშაობა გადანაწილდება შემდეგი 8 ძირითადი მიმართულებით:
5. მომსახურება და ოპერაციული მენეჯმენტი ტურიზმში;
6. ტურიზმის ეკონომიკური ტენდენციები და გლობალური გამოწვევები;
7. მარკეტინგი და ბრენდინგი ტურიზმში;
8. ტურიზმის ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაციები;
9. მდგრადი განვითარება, ეკოტურიზმი და მწვანე ეკონომიკა;
10. კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი;
11. ტურისტული დანიშნულების ადგილების მართვა და სახელმწიფო პოლიტიკა;
12. ადამიანური კაპიტალის განვითარება: განათლება და კომპეტენციები ტურიზმში.
კონფერენციაზე დარეგისტრირებულია 217 აკადემიური პირი და ახალგაზრდა მკვლევარი. მათგან 52 უცხოელი დელეგატია, რომლებიც გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებს წარმოადგენენ.
საერთაშორისო კონფერენციას ადგილზე, ფიზიკურად დაესწრება 124 მონაწილე და 50-მდე დაინტერესებული პირი, რაც ხელს შეუწყობს კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის გაღრმავებასა და უცხოელ კოლეგებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.
კონფერენციის შედეგების საფუძველზე, იგეგმება აბსტრაქტების კრებულისა და ძირითადი მიმართულებების მიხედვით ერთობლივი მონოგრაფიის გამოცემა: „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“.
კონფერენციის მეორე დღე (4 ივლისი) დაეთმობა კულტურულ-შემეცნებით ტურს მაჭახელას ხეობაში, რაც მიზნად ისახავს უცხოელი და ადგილობრივი სტუმრებისთვის აჭარის რეგიონის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bsu.edu.ge/sub-86/page/2-759/index.html?lang=ge
| უკან |
