
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კვლევითი პროექტის „CauLaGeNet - კავკასიური ენების ქსელი საქართველოში ფარგლებში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „CauLaGe - ,,კავკასიური ენები საქართველოში“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლა აერთიანებს სტუდენტებს, პროფესორებსა და მკვლევრებს მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან და წარმოადგენს კავკასიური ენების კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებას.
CauLaGeNet არის საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში გავრცელებული კავკასიური ენების შესწავლა, აღწერა, დოკუმენტირება და მეცნიერული ანალიზი. პროექტი აერთიანებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და აზიის 10 პარტნიორ კვლევით ინსტიტუციასა და 35 მკვლევარს, რომლებიც სპეციალიზდებიან კავკასიური ენების კვლევაში. ქსელში ჩართულნი არიან ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები.
„CauLaGe“ ორკვირიანი საერთაშორისო აკადემიური და საველე კვლევითი საზაფხულო სკოლაა, რომელიც აერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ კვლევას. მონაწილეები დაეუფლებიან ზოგადი ლინგვისტიკის თანამედროვე მეთოდებს, ხოლო გამოცდილი მეცნიერების ხელმძღვანელობით ჩაერთვებიან საველე ენათმეცნიერულ კვლევებში.
პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთობლივი სამეცნიერო კვლევა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები და პროფესორები ერთად იმუშავებენ საქართველოში გავრცელებული ენების აღწერასა და ანალიზზე. კვლევის შედეგად შეიქმნება ახალი სამეცნიერო მასალები, რომლებიც ხელს შეუწყობს ენათმეცნიერული კვლევების განვითარებას.
საზაფხულო სკოლას ერთობლივად ორგანიზებას უწევენ საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრი (CNRS) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ღონისძიება წარმოადგენს საერთაშორისო ქსელ CauLaGeNet-ის ერთ-ერთ მთავარ აკადემიურ აქტივობას.
2026 წლის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 50 სტუდენტი, ახალგაზრდა მკვლევარი და სპეციალისტი, მათ შორის 20–25 პროფესორი და წამყვანი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან.
წლევანდელი კვლევის მთავარი მიმართულებაა აფხაზური ენის დოკუმენტირება და შესწავლა სოფელ ფერიაში. პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული ნაკლებად აღწერილი ენების მეცნიერული შესწავლა და დოკუმენტირება. წინა წლებში პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა წოვა-თუშური (ბაცბური) ენის კვლევა, რომლის შედეგადაც კახეთში, ზემო ალვანში ჩამოყალიბდა გრძელვადიანი საერთაშორისო კვლევითი ბაზა.
კვლევა სრულად აკადემიური და აღწერითი ხასიათისაა. იგი მოიცავს ენის გრამატიკული სისტემის შესწავლას, სტრუქტურირებულ ინტერვიუებს, ენობრივი მნიშვნელობების ანალიზს, გრამატიკული კონსტრუქციების ტესტირებასა და ენობრივი თავისებურებების დოკუმენტირებას თანამედროვე ლინგვისტური მეთოდების გამოყენებით.
საზაფხულო სკოლა 3-17 ივლისს გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფერიის საჯარო სკოლაში.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „CauLaGe Peria 2026“ ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული ენების მეცნიერულ დოკუმენტირებას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებასა და საქართველოს, როგორც საერთაშორისო ლინგვისტური კვლევების მნიშვნელოვანი ცენტრის წარმოჩენას.
| უკან |














