გარდაიცვალა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ბასილაძე

სურათი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშრომლის, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის, ნოდარ ბასილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდ დანაკლისს.

ნოდარ ბასილაძე 1969 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის, დოცენტის და ასოცირებული პროფესორის პოზიციებზე.  მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული განათლების სისტემის აქტუალური საკითხების შესწავლაში. მისი კვლევის ძირითად ობიექტს აღზრდის თეორია და ქართული პედაგოგიკის ისტორია წარმოადგენდა. ბატონი ნოდარი არის არაერთი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 300-ზე მეტი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური სტატიის ავტორი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი წიგნები, როგორებიცაა: „სკოლამდელი აღზრდის განვითარება აჭარაში (1921-1981)“ „ჰუმანიზმის პედაგოგიკა“, „ქართული პედაგოგიკის ისტორია“, „ერისა და ქვეყნის მსახურნი“ და სხვა. აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძისა და ნოდარ დუმბაძის პედაგოგიურ შეხედულებებზე.

სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ნოდარ ბასილაძე აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. მან ქართველ მკითხველს შემოუნახა ვ. სუხომლინსკის „წერილები ვაჟიშვილს“ (1996) და „ძნელად აღსაზრდელი ბავშვები“ (2019).  გერმანული ენიდან თარგმნა იუმორისტული მოთხრობების კრებული „მუსიკა მეზობლის ოთახიდან“ (2008) და მოთხრობების კრებული „პატიოსანი სიტყვა“ (2014). მკითხველისთვის ასევე ნაცნობია მისი ლექსთა კრებული „გულის კარნახით“.

იგი იყო მრავალი საერთაშორისო ფორუმისა და კონფერენციის მონაწილე.  მისი ღვაწლი ღირსეულად იქნა დაფასებული: დაჯილდოებული იყო ღირსებისა და იაკობ გოგებაშვილის მედლით, ვ. სუხომლინსკის სამკერდე ნიშნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის საპატიო სიგელებით.

ბატონი ნოდარი გახლდათ ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა