გარდაიცვალა მათემატიკის დეპარტამენტის წევრი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა ბახტაძე

სურათი

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების  ფაკულტეტის, მათემატიკის დეპარტამენტის წევრი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი  შალვა ბახტაძე.

შალვა ბახტაძე დაიბადა 1952 წლის 29 მარტს შუახევის რაიონის სოფელ ცინარეთში.   1969 წელს დაამთავრა შუახევის რაიონის უჩამბის საშუალო სკოლა, 1973 წელს კი - ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა -მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის სპეციალობა.

1973-1974 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონის სოფელ ბრილის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ  და მასწავლებლად. 1974-1975 წლებში მუშაობდა შუახევის  განათლების განყოფილებაში. 1975 - 1976   წლებში    იმყოფებოდა   სამხედრო სამსახურში. 1976 – 1979 წლებში მუშაობდა ბარათაულის საშუალო სკოლის დირექტორად და მათემატიკის მასწავლებლად. 1979 - 1983  წლებში დაბა  შუახევის საშუალო  სკოლის დირექტორად და მასწავლებლად.

შალვა ბახტაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მიზნობრივი ასპირანტურის დასრულების შემდეგ  1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით - „გეომეტრია და ტოპოლოგია“ მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.      

1986  წლიდან დღემდე უწყვეტად  მუშაობდა  ბათუმის შოთა  რუსთაველის   სახელმწიფო  უნივერსიტეტში,   სხვადასხვა უფროსი მასწავლებლის, დოცენტის,  ასოცირებული პროფესორის თანამდებობზე. 1991 წლიდან 2005 წლამდე  კი უწყვეტად  გახლდათ  ბსუ -ს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი.

იგი წლების განმავლობაში   კითხულობდა ლექციებს   ანალიზურ გეომეტრიაში, გეგმილურ გეომეტრიაში, ალგებრულ ტოპოლოგიაში, დიფერენციალურ გეომეტრიაში, ტოპოლოგიურ ჯგუფებში, მათემატიკურ ლოგიკაში, უმაღლეს მათემატიკაში, წრფივ ალგებრაში, ანალიზურ გეომეტრიაში და სხვ. მისი ინტერესების სფერო გახლდათ „ალგებრული ტოპოლოგია“ , გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო „მათემატიკა  (უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთათვის“, გამოსაცემად მზად ჰქონდა მონოგრაფია „კომპაქტურ  ტოპოლოგიურ სივრცეთა წყვილებისათვის პროექციული (ჭოღოშვილის) და სპეციალური ჰომოლოგიების შესახებ“.

შალვა ბახტაძეს დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის აღზრდაში. ახალგაზრდებისა და მათემატიკის განსაკუთრებულიო სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ორგანიზატორული ნიჭი გახდა ბევრი ახალგაზრდის პედაგოგიური პროფესიით და მეცნიერებით  დაინტერესების ინსპირაცია.

თავისი მოღვაწეობის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც სამშობლოზე,  პროფესიაზე და საქმეზე შეყვარებულმა ადამიანმა, მეცნიერმა, ახალგაზრდა თაობის ჭეშმარიტმა  აღმზრდელმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა