
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ბსუ-ს ლექტორის, იაპონისტის ლაშა ბოლქვაძისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ფესტივალი მიზნად ისახავდა საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობასა და საზოგადოებისთვის იაპონური კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, რომელიც აერთიანებდა ქართულ და იაპონურ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, შოდოს (იაპონური კალიგრაფიის) დემონსტრაციას, აიკიდოს საჩვენებელ გამოსვლას, ანიმეს პერსონაჟების წარმოდგენას, იაპონური სიმღერების შესრულებას, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდისა და სხვა შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გამართულ კონცერტს.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონური კულტურის მრავალფეროვნებას. მოეწყო ტრადიციული ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, საბრძოლო ხელოვნების, კალიგრაფიისა და იაპონური კულინარიის სივრცეები, გაიმართა შემოქმედებითი ვორქშოფები და გამოფენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ იაპონიიდან მოწვეული სპეციალისტები და მოხალისეები, ასევე ადგილობრივი ახალგაზრდები და შემოქმედებითი ჯგუფები.
ღონისძიებას საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
| უკან |




















