ბსუ-ში სინქრონული თარგმანის პირველი საერთაშორისო სეზონური სკოლა გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სინქრონული თარგმანის პირველი საერთაშორისო სეზონური სკოლა გაიხსნა. სეზონური სკოლის მიზანია სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანის მიმართულებით პრაქტიკული უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დარგის საგანმანათლებლო-აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება.

სეზონური სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.

ხუთდღიან სეზონურ სკოლაში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სტუდენტები, თურქეთის რესპუბლიკის რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მთარგმნელები.

სასწავლო პროცესს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე და სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი თამთა ნაგერვაძე, ბსუ-ს უნივერსიტეტის დარგობრივი თარგმანის სპეციალისტები: პროფესორი თამარ სირაძე,  ასისტენტ-პროფესორი მაია ბოლქვაძე, სინოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი, თსუ-ს პროფესორი თინათინ ბოლქვაძე,  მოლდოვის უნივერსიტეტის სინქრონული თარგმანის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი, თარგმანმცოდნეობის დოქტორი ინა სიტნიჩი, თურქეთის რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ლექტორები, პროფესორი გული მუკერემ ოზთურქი და ასისტენ-პროფესორი სოფიო მახაჭაშვილი.

სინქრონული თარგმანის სწავლება წარიმართება აუდიო-ვიზუალური მასალებით და ოგმენტირებული სასწავლო-კონფერენციების მთარგმნელობითი პრაქტიკით. საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეიძენენ თანმიმდევრული და სინქრონული თარგმანის პრაქტიკულ უნარებს და გაიღრმავებენ დარგობრივ ცოდნას აქტუალური სემინარებითა და ლექციებით.

სეზონური სკოლის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსმა დარინა მსხალაძემ, საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მწერალმა და მთარგმნელმა მანანა დუმბაძემ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა, თსუ-ს პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის პროფესორი გული მუქერრემ ოზთურქი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, სინოლოგი მარინე ჯიბლაძე, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თარგმანის ბიუროს ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი, რომელიც სეზონური სკოლის შემდგომ სასწავლო სესიებში მონაწილეობდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული სინქრონული თარგმანის საერთაშორისო სეზონური სკოლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთარგმნელობითი განათლების განვითარების, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პროფესიული თარგმანის სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის. სკოლა ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ენისა და მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებას, ინსტიტუციური და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა