
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შვეიცარიის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში, ფაბიენ ვასერმანი ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. რექტორმა ელჩს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული სიახლეები და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა და შვეიცარიის საელჩოს მედიისა და კომუნიკაციების ოფიცერი ეკატერინე ყვავაძე.
ვიზიტის ფარგლებში, ბსუ-ში გაიმართა გამოფენა - „ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების ისტორიები“. ექსპოზიცია ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ფაბიენ ვასერმანმა გახსნეს.
გამოფენის მიზანია საზოგადოებას გააცნოს საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი ურთიერთობების ისტორია, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირები და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები.
გამოფენა ეფუძნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრის, სალომე ჭანტურიძის ნაშრომს, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ხელშეწყობით წიგნად გამოიცა. წიგნი სახელწოდებით „ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების ისტორიები“ მოგვითხრობს იმ მნიშვნელოვან ურთიერთობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ქართველ და შვეიცარიელ ხალხს აკავშირებდა - შვეიცარიელი ფერმერებისა და მეწარმეების საქმიანობაზე საქართველოში, შვეიცარიული გამოცდილების გაზიარებაზე, ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებმაც განათლება შვეიცარიაში მიიღეს და შემდეგ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
| უკან |



















