
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სპორტულ-შემეცნებითი ღონისძიებებით გაიხსნა. კვირეულის მიზანია ვეტერანთა ღვაწლის დაფასება, მათი დამსახურების წარმოჩენა, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება და სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიმართა და ვეტერანთა დამსახურების, მათი გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისიებას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, მინისტრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი შუქრი ყიფიანი და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სპორტული აქტივობები ჩატარდა მინი-ფეხბურთში, მკლავჭიდსა და ნარდში. გამარჯვებულებს მიღწეული შედეგებისთვის თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ბსუ-ში მრავალფეროვანი სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით გაგრძელდება. დაგეგმილია შეჯიბრებები ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში. ასევე გაიმართება ფილმის ჩვენება და ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მიერ ომის ვეტერანებზე მომზადებული ვიდეორგოლების პრეზენტაცია.
ღონისძიება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოსა და ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
| უკან |




















