ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში HERO პროექტის ფარგლებში ოთხდღიანი ტრენინგი გაიმართა

სურათი

27-30 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის HERO (BSB01238) – „Healing Environmental by Reef Options in the Black Sea ფარგლებში, ჩატარდა ოთხდღიანი, ტრენინგი თემაზე

„შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგის პრაქტიკული მეთოდები“.

ტრენინგში მონაწილეობდნენ HERO პროექტის საველე კვლევითი ჯგუფის წევრები, მათ შორის 12 სტუდენტი, მკვლევრები, მყვინთავები, დარგის სპეციალისტები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

ტრენინგის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მონაწილეთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების გაძლიერება საზღვაო ნარჩენების სისტემური მონიტორინგისა და კლასიფიკაციის, ზღვის ჰაბიტატებისა და ბიომრავალფეროვნების შეფასების, სინჯების აღებისა და დოკუმენტირების, GPS/GIS ტექნოლოგიების გამოყენების, მონაცემთა მართვისა და ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო HERO პროექტის კვლევითი მეთოდოლოგიის გაცნობასა და პრაქტიკულ გამოყენებას, მათ შორის ბუნებრივი საზღვაო ჰაბიტატებისა და ხელოვნური რიფების ეკოლოგიური მდგომარეობის საბაზისო და შემდგომი მონიტორინგის ერთიანი მეთოდების შესწავლას.

ტრენინგის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროექტის კოორდინატორი მერაბ დიასამიძე და პროექტის ასისტენტი ინგა დიასამიძე. მოწვეული ტრენერები იყვნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფიო ნიკოლაიშვილი და მადონა ვარშანიძე, რომლებმაც მონაწილეებს წარუდგინეს თემატური პრეზენტაციები და გაუძღვნენ სასწავლო და პრაქტიკულ აქტივობებს.

ოთხდღიანი სასწავლო პროგრამა აერთიანებდა თეორიულ ლექციებს, ინტერაქციულ დისკუსიებს, ჯგუფურ სამუშაოებს, ქეისების განხილვას, ტესტირებასა და პრაქტიკულ საველე კვლევებს.

27 ოქტომბერს მონაწილეები გაეცნენ შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას, საზღვაო ბიომრავალფეროვნების თავისებურებებს, ეკოსისტემებზე მოქმედ ძირითად ანთროპოგენურ ფაქტორებსა და საზღვაო ნარჩენების მართვისა და დახარისხების პრინციპებს. გაიმართა უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და ჯგუფური დისკუსიები.

28 ოქტომბერს სასწავლო აქტივობები დაეთმო საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის მეთოდებს, ზღვის ჰაბიტატებისა და ბიომრავალფეროვნების საველე შეფასების პრინციპებს.      მონაწილეებმა      ჯგუფურად      განიხილეს      საზღვაო      ნარჩენებით დაბინძურებასთან დაკავშირებული სასწავლო ქეისი, გააანალიზეს ეკოლოგიური პრობლემები, მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებსა და დებატებში და შეასრულეს ტესტები.

29 ოქტომბერს გაიმართა პრაქტიკული საველე მეცადინეობა ზღვის სანაპიროზე. მონაწილეებმა შეისწავლეს სანაპირო მონიტორინგის ტრანსექტის მოწყობის მეთოდიკა, განახორციელეს საზღვაო ნარჩენების შეგროვება, დახარისხება და აღრიცხვა. პრაქტიკული აქტივობა მიზნად ისახავდა ნარჩენების მონიტორინგის სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებისა და საველე მონაცემების სისტემური შეგროვების უნარების განვითარებას.

30 ოქტომბერს განხორციელდა ზღვისპირა ჰაბიტატების შესწავლასა და წყალქვეშა მონიტორინგზე ორიენტირებული საველე აქტივობები. მყვინთავებმა ტრანსექტის ფარგლებში ჩაატარეს წყალქვეშა ნარჩენების შეგროვების სამუშაოები. აქტივობები ასევე მოიცავდა სინჯების აღებასა და დოკუმენტირებას, GPS/GIS მონაცემების აღრიცხვას, საზღვაო ნარჩენების დახარისხებასა და საველე კვლევის შედეგების ორგანიზებას.

ტრენინგის შედეგები

ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში განხორციელებულმა თეორიულმა და პრაქტიკულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის მიმართულებით.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკაში გამოეყენებინათ საზღვაო ნარჩენების მონიტორინგისა და კლასიფიკაციის მეთოდები, გაცნობოდნენ ზღვის ჰაბიტატებისა და ბიომრავალფეროვნების შეფასების მიდგომებს, სინჯების აღებისა და დოკუმენტირების პროცედურებს, ასევე სივრცითი მონაცემების შეგროვებისა და მართვის ძირითად პრინციპებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თეორიული ცოდნისა და საველე პრაქტიკის ინტეგრირება, რაც ხელს უწყობს მონაწილეთა მომზადებას HERO პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი კვლევითი და მონიტორინგის სამუშაოებისთვის.

ტრენინგი სრულად განხორციელდა წინასწარ განსაზღვრული სასწავლო პროგრამის, დაგეგმილი მიზნებისა და პროექტის ამოცანების შესაბამისად. განხორციელებულმა აქტივობებმა უზრუნველყო პროექტით გათვალისწინებული ძირითადი მეთოდოლოგიური მიმართულებების განხილვა და მათი პრაქტიკული გამოყენება. ტრენინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საველე კვლევითი ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერებასა და შავი ზღვის ეკოსისტემების მონიტორინგისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებაში.

მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

პროექტი HERO (BSB01238) – „Healing Environmental by Reef Options in the Black Sea“

„შავი ზღვის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება ხელოვნური რიფების მეშვეობით“ ხორციელდება ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მიზანია შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის, ჰაბიტატებისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის, ხელოვნური რიფების გამოყენებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

პროექტის პარტნიორები არიან:

- უკრაინის ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრების ასოციაცია (UABSC);

- IPA სტრატეგიული კონსულტაციების სააქციო ორგანიზაცია (IPA), თურქეთი;

- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;

- შუმენის უნივერსიტეტი, ბულგარეთი.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და შავი ზღვის გარემოს მდგრადი მართვის ხელშეწყობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა