ბსუ სამეცნიერო კონფერენციას „განათლება გლობალურ სამყაროში: კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა“ მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „განათლება გლობალურ სამყაროში: კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა“. ღონისძიება განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების, კვლევის შედეგებისა და პედაგოგიური გამოცდილების განხილვას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და პროფესიულ დიალოგს ემსახურება.

ორდღიანი კონფერენცია აერთიანებს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, პრაქტიკოს მასწავლებლებს, განათლების ადმინისტრატორებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს.  

კონფერენციის მიზანია განათლების კვლევის, პოლიტიკისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირის გაძლიერება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. მონაწილეები იმსჯელებენ კვლევით მიღებული ცოდნის გამოყენებაზე საგანმანათლებლო გადაწყვეტილებებისა და ყოველდღიური პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, თუ როგორ იცვლება მასწავლებლისა და უნივერსიტეტის როლი თანამედროვე საზოგადოებაში და რა კომპეტენციებს მოითხოვს ციფრული ტრანსფორმაცია და შრომის ბაზარი განათლებისგან.

პლენარულ სესიაზე წარმოდგენილია ორი მოხსენება, რომლებიც განათლების სისტემის თანამედროვე გამოწვევებს განსხვავებული პერსპექტივიდან განიხილავს. პროფესორი, განათლების ექსპერტი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (GIU) ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, მარიამ დარბაიძე წარადგენს მოხსენებას: „უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია: ახალი რეალობა და სტრატეგიული ხედვა“. მოხსენება უმაღლესი განათლების ცვლილებებსა და მისი განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს ეძღვნება.

იოჰანეს გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტის პროფესორი მარკუს ბოენერისმოხსენების თემაა: „სტუდენტთა შეფასება და მოსწრების სამართლიანი განსაზღვრა საგანმანათლებლო სივრცეში, ხელოვნური ინტელექტის გამოწვევების პირობებში“. მოხსენების ყურადღების ცენტრშია სტუდენტის ცოდნისა და მიღწევების სამართლიანი შეფასება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მზარდი შესაძლებლობების პირობებში.

კონფერენციის თემატური მიმართულებებია: განათლების სისტემა, ეკონომიკა და შრომის ბაზარი; ციფრული ტრანსფორმაცია და სწავლების ინოვაციები; სწავლება და პედაგოგიური პრაქტიკა; ინკლუზიური განათლება და ბავშვთა უფლებები

მოხსენებები მოიცავს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საკითხებს. სამეცნიერო კვლევებთან ერთად წარმოდგენილია სასწავლო პრაქტიკის, საგანმანათლებლო პროექტებისა და ინსტიტუციური გამოცდილების ანალიზი.  მონაწილეები განიხილავენ თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციას, პრაქტიკაზე დაფუძნებული მომზადების მოდელებს, რეფლექსიურ სწავლებას, მომავალი პედაგოგების პროფესიულ ჩამოყალიბებაში ინსტიტუციური მხარდაჭერისა და იმიტაციური გარემოს როლს. ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების სპეციალისტთა მომზადებას, პროფესიული პრაქტიკის გამოწვევებსა და მასწავლებელთა უწყვეტ განვითარებას.

მოხსენებების მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს ეხება. განხილვის საგანია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უმაღლეს განათლებაში, დიფერენცირებული სწავლების შესაძლებლობები, მომავალი მასწავლებლების ციფრული და პედაგოგიური კომპეტენციები. მონაწილეები მსჯელობენ ტექნოლოგიების გამოყენების გამოწვევებზე, კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, სტუდენტთა შეფასებასა და აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინკლუზიურ განათლებას, ბავშვთა უფლებებსა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს. მოხსენებები მოიცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერას, საგანმანათლებლო რესურსების ადაპტირებას, ინკლუზიური პრაქტიკისთვის მასწავლებელთა მომზადებასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას. განხილულია ბულინგის პრევენციის, პოზიტიური აღზრდისა და მედიაწიგნიერების საკითხები, ასევე მოსწავლეთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა კულტურულად, ენობრივად და რელიგიურად მრავალფეროვან სკოლაში.

სწავლებისა და შეფასების პრაქტიკაზე ორიენტირებული მოხსენებები შეეხება განმავითარებელ და დიაგნოსტიკურ შეფასებას, ეფექტურ უკუკავშირს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებასა და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მონაწილეები წარმოადგენენ მათემატიკური წიგნიერების, ენების, ლიტერატურისა და ხელოვნების სწავლების გამოცდილებას და განიხილავენ ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენებას.

განათლებასა და საზოგადოებრივ ცვლილებებს შორის კავშირის განხილვისას ყურადღება მახვილდება შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარებზე, უწყვეტ განათლებაზე, პირველკურსელთა აკადემიურ ადაპტაციასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე. პროგრამაში წარმოდგენილია სოფლის სკოლების მდგრადობისა და მოსწავლეთა მიგრაციის საკითხებიც, რომლებიც განათლების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო გარემოს განვითარების განხილვის შესაძლებლობას ქმნის.

კონფერენცია ახალგაზრდა მკვლევრებს საკუთარი ნაშრომების წარდგენის, პროფესიული უკუკავშირის მიღებისა და აკადემიური კავშირების განვითარების შესაძლებლობასაც აძლევს. გამოცდილი მეცნიერების, პრაქტიკოსი პედაგოგებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს როგორც ცოდნის გაზიარებას, ისე ახალი კვლევითი საკითხების გამოკვეთას.

კონფერენციის მეორე დღე, 7 ნოემბერი, ეთმობა ვორქშოფს: „ციფრული ინსტრუმენტები სასკოლო საგანმანათლებლო პრაქტიკაში: ინტერაქტიული სწავლების შესაძლებლობები“. ვორქშოფი ორიენტირებულია სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებასა და ინტერაქტიული სწავლების შესაძლებლობების განხილვაზე. იგი განსაკუთრებით რელევანტურია მოქმედი და მომავალი მასწავლებლებისთვის.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა