ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი გურამ ჩაგანავა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, პედაგოგისა და ემერიტუს-პროფესორის გურამ ჩაგანავას გარდაცვალების გამო.

გურამ ჩაგანავა დაიბადა 1941 წლის 25 დეკემბერს. 1969 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი რუსული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის სპეციალობით. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები  სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. მისი სამეცნიერო საქმიანობა ფსიქოლოგიის არაერთი საკვანძო საკითხის კვლევას ეხება. ის 2010 წლამდე აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა  ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.  ბატონი გურამი  სხვადასხვა დროს იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ინსტიტუტის დირექტორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; იყო  სამეცნიერო ექსპედიციებისა და არაერთი სამეცნიერო აქტივობის ორგანიზატორი, საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციების მონაწილე, სამეცნიერო სტატიებისა და ოთხი მონოგრაფიის ავტორი. თავისი ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობით  ბატონმა გურამმა დიდი წვლილი შეიტანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარების საქმეში.

ბატონი გურამი უამრავი  ღირსებით  გამორჩეული  პიროვნება გახლდათ. იყო მშვიდი, გაწონასწორებული, თავმდაბალი, სასიამოვნოდ მოსაუბრე და ყოველთვის ღიმილიანი, კეთილის მრჩეველი და დიდი გულის ადამიანი.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ფსიქოლოგიური სკოლისა და სამეცნიერო საზოგადოებისათვის. გამორჩეული ადამიანობით კი ის დააკლდა ოჯახს,  მეგობრებსა და სანათესაოს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა