ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილება

ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილება 1961 წელს, ინსტიტუტის გაფართოების შემდეგ შეიქმნა და ეთნოგრაფია-არქეოლოგიის განყოფილება ეწოდა, რითაც მყარი საფუძველი ჩაეყარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საფუძვლიან არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. შედგა პირველი არქეოლოგიური ექსპედიციები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩოლოქის აუზის რკინის მეტალურგიის კერების შესასწავლად. ცნობილი მკვლევარების: იოსებ გრძელიშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ასლან ინაიშვილის, თეიმურაზ მიქელაძის, ანდრია აფაქიძის, ოთარ ჯაფარიძის, დავით ხახუტაიშვილის გვერდით წლების განმავლობაში წარმატებით იკვლევდნენ ძველ სადგომებსა და ნამოსახლარებს, ნაქალაქარებსა და ნაციხარებს, ნაეკლესიარებსა და სამაროვნებს, სხვადასხვა დროისა და ტიპის სახელოსნოებს, მელითონეთა განძებსა და სადნობებს, გამოცდილ არქეოლოგთა არაერთი თაობის წარმომადგენლები: ა. კახიძე და ს. გოგიტიძე, ნ. ვაშაკიძე, ლ. ჩხაიძე, ან. ჯაველიძე, მათ გვერდით ნ. ინაიშვილი, ირ. ჩავლეიშვილი, ნ. ხახუტაიშვილი, გ. თავამაიშვილი, მ. ხალვაში და სხვები. მათ სახელთანაა დაკავშირებული ნეოლითური ხანის ნამოსახლარების (ქობულეთი, ხუცუბანი, კვირიკე, ჯიხანჯური, მახვილაური), ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარის, ფიჭვნარის ნაქალაქარის, ბათუმისა ციხის, პეტრა-ციხისძირის, გონიო-აფსაროსის, ხინოს საეპისკოპოსო კომპლექსის, აჭარისწყლის ხეობის საკულტო, საფორტიფიკაციო და სხვა სახის სიძველეთა აღმოჩენა-შესწავლა.

1986 წელს განყოფილებამ  დაიწყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხების კვლევა და შეისწავლა უმნიშვნელოვანესი პრობლემები: გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ზღვისპირეთის მოსახლეობის სოციალური და სამეურნეო ყოფა, მატერიალური და სულიერი კულტურა; ადრეული ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები და გაერთიანებები, ცალკეული ტომების ვინაობა-წარმომავლობის საკითხები; აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული და რომაული კოლონიზაციის ასპექტები; XIX-XX საუკუნეების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის პრობლემები. ინტენსიური ხასიათი მიიღო რეგიონში მცხოვრები აფხაზების, ბერძნების და რუსების დასახლების, მათი ყოფითი ტრადიციების კვლევამ. აგრეთვე შემდეგმა საკითხებმა: აჭარა შუასაუკუნეების საქართველოს ადმინისტრაციულ და საეკლესიო-ეპარქიულ სისტემაში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეთნიკური და კონფესიური ცხოვრების პრობლემები; საინტერესო გამოკვლევები გამოაქვეყნეს განყოფილებაში სხვადასხვა დროს მოღვაწე მეცნიერებმა: აბ. სურგულაძემ, მ. სიორიძემ, დ. ბერძენიშვილმა და სხვ.

2010 წლამდე  განყოფილებამ 170-მდე წლიური ნაშრომი გამოსცა, სხვადასხვა ენაზე (ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, თურქული) გამოქვეყნდა 430-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 50-მდე წიგნი და მონოგრაფია.

2003 წელს ისტორიის განყოფილებაში შეიქმნა ტბელ აბუსერისძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემსწავლელი ჯგუფი, რომელმაც მუშაობა წარმართა განვითარებული ფეოდალიზმის ხანის აჭარის პოლიტიკური ისტორიის, მატერიალური კულტურის ძეგლების და ტბელ აბუსერისძის მემკვიდრეობის შესასწავლად. ამ მიმართულებით გამოქვეყნდა საინტერესო ნაშრომები.

ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილებების მეცნიერ-თანამშრომლების კვლევის შედეგები აისახებოდა როგორც ცალკეულ სტატიებსა და მონოგრაფიებში, ისე კვლევების მიმართულებათა დარგობრივ კრებულებში:

  1. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები –I-XXII ტომი (1964-2012);
  2. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები –I-V ტომი (1991-2010);

განყოფილების ძირითადი საკვლევი თემა არის „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის  საკითხები უძველესი დროიდან დღემდე“. მოეწყო სამეცნიერო ექსპედიციები აჭარასა და მეზობელ შავშეთ-იმერხევში. წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები აისახა სამეცნიერო ნაშრომებსა და მრავალრიცხოვან პუბლიკაციაში, 2011-2016 წწ. გამოიცა 50-ზე მეტი ნაშრომი, გამოქვეყნდა 15 წიგნი, 1 ფოტო-ალბომი, 170-მდე სამეცნიერო სტატია. განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლეთა აქტიური მონაწილეობით გამოიცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარის) ისტორიის ოთხტომეულის მე-4 ტომი (2012) და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო – “აჭარა – ტურისტულ-მხარეთმცოდნეობითი რესურსები” (2016); 2016 წელს, განახლებული სახელწოდებით − „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხები I (VI)“, აღდგა განყოფილების დარგობრივი კრებულის გამოცემა.

განყოფილების თაოსნობით ყოველწლიურად ტარდება ორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია − “ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა” და “ჩვენი სულიერების ბალავარი” (ეს უკანასკნელი იმართება ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრთან ერთად), იბეჭდება შესაბამისი კრებულები: „ჩვენი სულიერების ბალავარი” – I-VIII ტომი (2009-2016) და „ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა” – I-VII ტომი (2009-2016); 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა