ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება

ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება ინსტიტუტის დაარსებიდან, 1958 წლიდან ფუნქციონირებს. მისი დაარსებით მყარი საფუძველი ჩაეყარა აჭარისა და მისი მომიჯნავე რეგიონების, მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პრობლემურ მეცნიერულ ეთნოგრაფიულ (ეთნოლოგიურ) შესწავლას, რაც მანამდე ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. განყოფილებას 1979 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი ალექსი რობაქიძე და დღემდე მის მუშაობას უძღვება მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტ. მეცნ. დოქტორი ნოდარ კახიძე. სხვადასხვა წელს განყოფილებაში მუშაობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ვახტანგ შამილაძე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატები: ნეჯათ ჩიჯავაძე, იზოლდა სამსონია, მზია ბექაია, თემურ აჩუგბა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: ნუგზარ მგელაძე, თამაზ ფუტკარაძე,

1958-1968 წლებში ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება იკვლევდა აჭარის ტრადიციული და თანამედროვე ყოფისა და კულტურის საკითხებს. შემდგომ ათწლეულში ეთნოგრაფიული კვლევა-ძიება გაფართოვდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მასშტაბით და შესაბამისად შეისწავლებოდა ამ რეგიონის ყოფისა და კულტურის უმთავრესი საკითხები (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობის დარგები, დასახლების ფორმები, საოჯახო და საზოგადოებრივი ყოფა, მიგრაციის პრობლემები, ალპური დასახლება, ხალხური დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები და ა.შ.). 2009-2010 წლებში მომზადდა მოძრავი ეთნოგრაფიული სტენდი, რომელიც 200-მდე ერთეულს ითვლის. ზემო აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობა დღესაც გრძელდება.

განყოფილების არსებობის მანძილზე ჩატარდა 50-მდე ეთნოგრაფიული ექსპედიცია აჭარასა და საქართველოს სხვა კუთხეში, ამ  მასალების საფუძველზე დაიწერა 300-ზე მეტი ნაშრომი, 20 მონოგრაფია, 20-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების დარგობრივი კრებული (“სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა“, „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის პრობლემები“), სულ გამოქვეყნდა 450-მდე სამეცნიერო სტატია. განყოფილების ფონდებში ინახება მდიდარი საველე-ეთნოგრაფიული მასალა დღიურებისა და ფოტო-ილუსტრაციების სახით, რომლებიც ნახევარი საუკუნის მანძილზე იკრიბებოდა.

2010 წლიდან განყოფილებამ კიდევ უფრო აქტიურად იკვლევს თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ძირძველი და მუჰაჯირი ქართველი მოსახლეობის ისტორიულ-ეთნოლოგიური საკითხებს, ყოველწლიური ექსპედიციები ტარდება ტაო-კლარჯეთის სხვადასხვა რაიონში.

განყოფილების არსებობის უმთავრეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს ეთნოგრაფთა (ეთნოლოგთა) კადრების მომზადება. განყოფილებაში დაარსების დღიდან 1965 წლამდე არცერთი ხარისხის მქონე თანამშრომელი არ იყო. 2007 წლამდე საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თორმეტმა ეთნოგრაფმა, სადოქტორო – ოთხმა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია განყოფილების მუშაობა სამეცნიერო გრანტების მომზადებასა და წარდგენაში როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, ასევე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში. 1997-2005 წლებში აკადემიის დაფინანსებით განხორციელდა შემდეგი სამეცნიერო გრანტები: „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ხელოსნობის კულტურულ-ისტორიული და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ჭოროხის ხეობის ქართველი მოსახლეობა“ (წერილობითი წყაროებისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით“), „აჭარის სოფელი XIX საუკუნის მეორე ნახევარში“, „ქალაქი ბათუმი XIX საუკუნის მეორე ნახევარში“. განყოფილების სამი მეცნიერი თანამშრომელი (როინ მალაყმაძე, თამილა ლომთათიძე, ნაილა ჩელებაძე) მონაწილეობდა სამეცნიერო გრანტში „სტამბოლის ქართული სავანეს ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა“ (2013-2016 წლები), რომელშიც  კონსულტანტად მიწვეული იყო მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტ. მეცნ. დოქტორი ნოდარ კახიძე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა