ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

გურამ მემარნე - 70

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო და ტექნიკური პერსონალი ბატონ გურამ მემარნეს 70 წლის იუბილეს ულოცავს. გურამ მემარნე დირექტორის რანგში ინსტიტუტს ორ ათეულ წელზე  მეტი  ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დიდი ღვაწლი მიუძღვის ინსტიტუტის განვითარების,  საუნივერსიტეტო სისტემაში გაერთიანების, ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ცნობადობის გაფართოების საქმეში.

იგი გახლავთ სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი. აქვს სამეცნიერო კვლევითი მუშაობის 40 - წლიანი გამოცდილება. მისი კვლევითი საქმიანობა დაკავშირებულია მანდარინის სელექციური ჯიშების შესწავლასა და წარმოებაში დანერგვასთან, აქტიურად ახორციელებს მნიშვნელოვანი სასოფლო-სამურნეო, სუბტროპიკული კულტურების მრავალფეროვნების კვლევასა და კონსერვაციას. ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობას იღებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ჩართულობით  შეიქმნა ნარინჯოვანი კულტურების, კივის, თხილის, ფეიჰოას ათეულობით ჯიშითა და ფორმით წარმოდგენილი სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების სადედე კოლექციები. 

სხვადასხვა დროს აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში.

2004-2011 წლებში კოორდინაციას უწევდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის ორ პროექტს. მოგვიანებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სადიაგნოსტიკო სამუშაოებს. მონაწილეობდა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებში, იყო აჭარის რეგიონული ასოციაცია: ,,კივი - მომავლის კულტურა’’, პრეზიდენტი, USAID/EPI-ის ციტრუსების წარმოების სასწავლო პროგრამის მენეჯერი. გავლილი აქვს ტრენინგები მენეჯმენტში, ბიორისკების მართვასა და შეფასებაში, ,,Global Gap სტანდარტიზირება პირველადი წარმოებისათვის“ და სხვა.

გურამ მემარნე დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამთავრობო მადლობის სიგელებით უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის.

ბატონ გურამ მემარნეს ვუსურვებთ ჯანის სიმრთელეს, დღეგრძელობას, აქტიურ შემოქმედებით საქმიანობასა და მრავალ წარმატებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა