ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილება

მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილება ჩამოყალიბდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის დადგენილების საფუძველზე ორი სამეცნიერო განყოფილების - მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკის და დაავადებებისგან დაცვისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილებათა გაერთიანების შედეგად.

მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და დაავადებებისგან დაცვის განყოფილება შეიქმნა ფიტოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დაარსებისთანავე, 1959 წელს და იწოდებოდა ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიად, ხოლო 2010 წლის მაისიდან ფუნქციონირებდა, როგორც მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და დაავადებებისაგან დაცვის განყოფილება. ლაბორატორიას შექმნის დღიდან ხელმძღვანელობდნენ: პლატონ ქვარცხავა, რეზო გუნთაიშვილი, ვლადიმერ ლებედევი, ანატოლი კლაჩკო, ედუარდ მეგრელიძე. 2011 წლის ოქტომბრამდე განყოფილებას ხელმძღვანელობდა ავთანდილ მესხიძე.  ლაბორატორიის მიზანი იყო დაავადებების ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა; დაავადების გამომწვევთა პოპულაციების სახეობრივი შედგენილობის იდენტიფიკაცია: პათოგენთა ბიოლოგიის და კულტურალურ – მორფოლოგიური თვისებების შესწავლა.

მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დაფინანსებით (პროექტი G-1093p) 2007 წელს შეიქმნა. ლაბორატორიის თანამშრომლებმა გაიარეს სტაჟირება დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სამეცნიერო ცენტრში (Central Scientific Laboratory York, UK).

მოლეკულური დიაგნოსტიკა, როგორც ცალკე მიმართულება, სწრაფად განვითარდა 70-იანი წლების დასაწყისში, მოლეკულური ბიოლოგიის გარკვეული საკითხების ფუნდამენტური შესწავლის შემდეგ. მსოფლიო ბიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო 1985 წელს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) აღმოჩენა. ამ გამოგონებამ საფუძვლიანად შეცვალა მოლეკულური ბიოლოგიის არსი. PCR- ანალიზს განსაკუთრებული ადგილი უკავია თანამედროვე დიაგნოსტიკაში, PCR-მეთოდმა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა აიყვანა პრინციპულად მაღალ დონეზე – ნუკლეინის მჟავების (დნმდარნმ) განსაზღვრამდე, რაც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ აღმოვაჩინოთ ინფექციის აგენტი ანგენეტიკური მუტაციანების მიერ ბიოტურ და აბიოტურ საკვებარეზე (ნიადაგი, წყალიდაა. შ.).

PCR–ის დიაგნოსტიკური მგრძნობელობა და სპეციფიურობა ბევრად აღემატება კლასიკურ კულტურულ მეთოდს, რომელიც მცენარეთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკაში ცნობილია ,,ოქროს სტანდარტად”. თუ გავითვალისწინებთ დაავადების გამომწვევის სუფთა კულტურაში გამოყოფის პროცედურების ხანგრძლივობას და ობლიგატური სოკოების უუნარობას გაიზარდონ in vitro სისტემაში, PCR მეთოდის უპირატესობა ეჭვგარეშეა.

უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეთა დაავადების გამომწვევის დეტექციისათვის ტესტ-სისტემების შემუშავებას. მსგავსი ტესტ-სისტემები უკვე შემუშავებულია ისეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებებისათვის, როგორიცაა მარცვლოვნების სეპტორიოზები, ჰელმინტოსპორიოზები, ჟანგები, ნაცრები, კარტოფილის ფიტოფტოროზი და სხვა.

გარდა ამისა, PCR დიაგნოსტიკა წარმატებით გამოიყენება დაავადებებისადმი მცენარეთა გამძლეობის სელექციაში. კერძოდ, PCR ანალიზი საშუალებას იძლევა სასელექციო მასალაში გამოვლენილი იქნას კონკრეტული დაავადებისადმი გამძლეობაზე პასუხისმგებელი გენები.

მოლეკულურბიოლოგიური ლაბორატორია თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან: საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ISTC; ვაშინგტონის უნივერსიტეტი და სხვა. 2013 წლიდან განყოფილება ასევე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შემოსავლების სამსახურთან ,,მცენარეთა მავნებლების იდენტიფიკაციის, სარეველა მცენარეების და მათი თესლის იდენტიფიკაციისა და მცენარეთა დაავადებების ლაბორატორიული ანალიზი“, ფარგლებში კვლევითი-სადიაგნოსტიკო მომსახურების მიზნით.

განყოფილებას ეკუთვნის წაღვერის საყრდენი პუნქტი, სადაც ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტმა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები დაიწყო 60-იან წლებში და  დღემდე გრძელდება. ვინაიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი აწარმოებს საკარანტინო ობიექტების (დაავადებები, მავნებლები, სარეველები) მონიტორინგს და დიაგნოსტიკას საქართველოს ყველა რეგიონში, ამიტომ წაღვერის საყრდენი პუნქტი თავისი მიკროკლიმატური პირობებით არის მნიშვნელოვანი საკვლევი ზონა ფიტოსანიტარული მდგომარეობის მრავალწლიანი პროგნოზის შედგენისა და დაავადებებთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისთვის. 

2012 წლამდე წაღვერის საყრდენი პუნქტის საცდელ ნაკვეთზე ითესებოდა ხორბლის იზოგენური ხაზები და ჯიშები ხორბლის სხვადასხვა დაავადების მიმართ გამძლეობის დადგენისა და ჩანასახოვანი პლაზმის ბანკის შენახვა-შევსებისთვის სათესლე მასალის გაახლების მიზნით.

2012 წლიდან სამეცნიერო-თემატური გეგმით გათვალისწინებულია ტრადიციული და ინტროდუცირებული ხორბლის, კარტოფილის, სიმინდის ჯიშებისა და ჰიბრიდების ეკოლოგიური გამოცდა წაღვერში. კვლევის მიზანია ჯიშთა ფენოფაზებსა და კლიმატს შორის კავშირის, ფიტოსანიტარული მდგომარეობისა და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის გაფართოებული კომპლექსური შესწავლა ორ განსხვავებულ აგროეკოლოგიურ ზონაში (ქობულეთი-წაღვერი).

გარდა ამისა, 2013 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,საქართველოს შემოსავლების სამსახურს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ინტროდუცირებული კულტურების სათესლე მასალის ეკოლოგიური გამოცდის მიზნით წაღვერის საცდელ ნაკვეთზე დაითესა კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, მზესუმზირის, იონჯის ჯიშები (ლაბორატორიული ექსპერტზის შემდეგ).

სამეცნიერო თემატიკა

მცენარეთა ეკონომიურად მნიშვნელოვანი დაავადებების მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და დაავადებათა გამომწვევი პათოგენების  ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა კლასიკური და თანამედროვე მოლეკულური მეთოდებით აქტუალობა:  მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ტემპისა და  სურსათზე მოსახლეობის მუდმივად მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს. სასურსათო კრიზისი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია მცენარეთა დაავადებების ეპიდემიებით.

დღეისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობა სუსტადაა განვითარებული და მოსავლიანობაც ხშირად დაბალია, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მცენარეთა დაავადებებია. სამომავლოდ, სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად უნდა იქცეს. ამ პროცესის განსახორციელებლად საჭიროა შიგა მოხმარებისა და საექსპორტო პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის ზრდა. მცენარეთა დაავადებების მონიტორინგი და დიაგნოსტიკა მოსავლის დაცვის რთულ ღონისძიებათა სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რადგან საკვლევ მცენარეებზე მთავარი დაავადებების დროული გამოვლენა, გავრცელებულ პათოგენთა სახეობრივი შემადგენლობის იდენტიფიკაცია პროფილაქტიკური და დამცავი ღონისძიებების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელების საფუძველია.

კვლევის მიზანი: მცენარეთა დაავადებების მონიტორინგი, მთავარი და მეორეხარისხოვანი დაავადებების დროული გამოვლენა, დაავადებების გამომწვევ პათოგენთა სახეობრივი შემადგენლობის ზუსტი იდენტიფიკაცია, ძირითად პათოგენთა ბიოლოგიური, ეკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური თავისებურებების შესწავლა პროფილაქტიკური და დამცავი ღონისძიებების შემუშავება.

ქვეთემა 1:  ძირითადი ერთწლიანი ს/სამეურნეო კულტურების დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების ბიოლოგიის შესწავლა.

  • კარტოფილის  ბაქტერიული  დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების  შესწავლა;
  • კარტოფილის  სოკოვანი დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების  შესწავლა;
  • საქართველოში სიმინდის და რაიონებულ ჯიშებსა და ინტროდუცირებულ ჰიბრიდებზე გავრცელებულ დაავადებათა მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა.

ქვეთემა 2: ძირითადი მრავალწლიანი სუბტროპიკული კულტურების დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების ბიოლოგიის შესწავლა.

  • ციტრუსების დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა;
  • კივის და თხილის დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა;
  • სხვადასხვა პერსპექტიული კულტურების დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების  შესწავლა.

ფიტოპათოგენთა არსებული კოლექციის გაახლება და ახალი შტამების მიღება–შენახვა. კვლევის აქტუალობა: ფიტოპათოგენთა კულტურათა კოლექციას ძალიან დიდი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. იგი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია იმ დამხმარე სამეცნიერო პროგრამათა ფუნდამენტალური ბაზისა, რომელიც გამოიყენება როგორც სასელექციო პროგრამებში, ასევე საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში.

კვლევის მიზანი: ფიტოპათოგენთა კოლექციის გაახლება და ახალი პათოგენთა სახეობების და შტამების მიღება–შენახვა.

  • Phytophthorainfestans არსებული კოლექციის განახლება და ახალი შტამების შენახვა;
  • კარტოფილის მიკრომიცეტთა არსებული  კოლექციის განახლება და ახალი შტამების მიღება-შენახვა;
  • კარტოფილის ბაქტერიული პათოგენების კოლექციის შექმნა;
  • სიმინდის მიკრომიცეტთა კოლექციის განახლება და შევსება;
  • კივის და თხილის მიკრომიცეტთა კოლექციის განახლება და შევსება;
  • ციტრუსების მიკრომიცეტთა კოლექციის განახლება და შევსება;
  • მოცვისებრთა გვარის  დაავადებების გამომწვევი სპათოგენების კოლექციის შექმნა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა