ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ზოია სიხარულიძემ სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,მარცვლოვანი კულტურების კვლევის თანამედროვე მდგომარეობა“. მომხსენებელმა კვლევის შედეგებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან პირობას - სასურსათო უზრუნველყოფას. მარცვლოვანი კულტურების წარმოება ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი პირობაა. მარცვლეულ კულტურებს შორის ხორბალი მილიონობით ადამიანებისთვის უპირველეს სასიცოცხლო საკვებ კულტურას და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. მცენარეთა დაავადებების კვლევა პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან, რადგან მათგან გამოწვეული მოსავლის დანაკარგები რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით დღემდე საკმაოდ სერიოზულია.
მნიშვნელოვანია მარცვლოვანთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა. დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური, ეკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, გენეტიკური და სხვა სპეციფიკური თავისებურებების შესწავლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კლასიკურ, ტრადიციულ მეთოდებთან ერთად მიმდინარეობს მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდებით. კერძოდ, გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა პოლიმერაზა ჯაჭვური რექციის (PCR) სხვადასხვა ტექნოლოგიები: სპეციფიკური PCR, Real-time PCR, BOX-PCR, NEST-PCR, PCR-AFLP, PCR-RFLP PCR-RAPD, PCR-SSR, PCR-SNP და სხვა. ამ დროისთვის მარცვლოვანთა ჟანგების, გუდაფშუტების, სეპტორიოზების, ჰელმინტორიოზების, ფუზარიოზების და ძირითადი ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების გამომწვევი პათოგენების გენომი გაშიფრულია, გამოვლენილია პათოგენთა სახეობის შიგნით არსებული პოლიმორფიზმი SSR და SNP მარკერებით, ჩატარებულია პათოგენთა ფილოგენეტიკური ანალიზი და შექმნილია ცალკეულ პათოგენთა გენომის გლობალური რუკები. აღნიშნული კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია საფუძვლად უდევს ცალკეული დაავადების კონტროლის მექნიზმების შესწავლას და საბოლოოდ, მცენარეთა დაცვის ეფექტური მიდგომების, საშუალებების და სტრატეგიის შემუშავებას.
უკან |