გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„მიყვარს სტუდენტები, ჩემი მიღწევების დიდი ნაწილი მათი დამსახურებაა“

სურათი

10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, მკვლევრებს ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადასცა. მათ შორისაა ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ქალბატონი ასიკო ცინცაძე. სრული 35 წელი აუდიტორიაში, მრავალი პუბლიკაცია, რამდენიმე მონოგრაფია, აღზრდილი დოქტორანტები და არაერთი აღსაზრდელი - ეს  ხელწერა წარმატებული პროფესორის საქმიანობის მხოლოდ მცირედი ნაწილია.

_ ქალბატონი ასიკო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი... გთხოვთ, გვიამბეთამ ხანგრძლივი ურთიერთობის შესახებ.

_ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლა ჩემი მოსწავლეობის დროინდელი ოცნება იყო, თუმცა  სწავლა  საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე. მიღებული კვალიფიკაციით (ინჟინერ მექანიკოსი) 1987 წელს მუშაობა დავიწყე ბათუმის  შოთა  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგად ტექნიკური და შრომის კათედრაზე მასწავლებლად. ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში  მიმდინარე გარდაქმნებმა პროფესიის შეცვლის აუცილებლობის წინაშე დამაყენა. პირველად უნივერსიტეტში გავლილი საგნებით  ახლოს ეკონომიკური მიმართულება იყო. კვალიფიკაციის შეცვლის პროცესი არ იყო მარტივი, მაგრამ  სურვილი ახალი სფეროს დაუფლებისა იმდენად დიდი იყო, რომ ეს შევძელი და დიდი შრომის სანაცვლოდ მივიღე ეკონომიკის მეცნიერების კანდიდატის ხარისხი. შემდეგ იყო ფინანსების და კრედიტის კათედრის გამგის, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის პოზიცია, ვიყავი ფინანსებისა და აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უკვე რამდენიმე წელია ვხელმძღვანელობ  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. ვკითხულობ ლექციებს, ვეწევი პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.  ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი შემაქვს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების საქმეში.

_ ქალი, მეცნიერება და ოჯახი - როგორია თქვენეული დროის მენეჯმენტი ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში?

_ სწავლისადმი დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული მქონდა. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა,  ოჯახიო ვიტყვით, მაგრამ  მე განათლებასთან და მეცნიერებასთან დაკავშირებული საქმიანობა არანაკლებ მიყვარს. რთულია დროს ისე გადანაწილება, რომ  რომელიმეს განსაკუთრებულად დიდი დრო დაუთმო, მაგრამ სამეცნიერო საქმიანობისადმი  ჩემი მაღალი პასუხისმგებლობიდან  გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში მეცნიერებაზე დახარჯული დრო სჭარბობდა და სჭარბობს დღესაც.  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ   ჩემს  წარმატებაში დიდი როლი ჩემმა ოჯახმა შეასრულა. ისინი მხარში მედგნენ თითოეული წინსვლის ნაბიჯების გადადგმისას.

_ ქალბატონო ასიკო, გთხოვთ, გვიამბეთ, თქვენი სამეცნიერო მიღწევების შესახებ?

_ დავიწყებ იმით, რომ მიყვარს ახლის ძიება, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად შემოწმება-გამოყენება. მეცნიერული მიღწევა თავისთავად არ მოდის და ეს ყველამ ვიცით. ის მოითხოვს მუდმივ რეჟიმში სიახლეების გაცნობას; დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე,   მოვლენების გაანალიზებას,  მოდელებისა და მეთოდოლოგიების შერჩევას და ბოლოს ახალი წინადადების  ჩამოყალიბებას. მინდა  დაიჯეროთ, რომ  მთელი ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი სამეცნიერო საქმიანობის პორტფელი 60-მდე პუბლიკაციას, 40-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობას, სამ სახელმძღვანელოს, ორ მონოგრაფიას,  მონოგრაფიის  ერთი თავის ავტორობას, საგრანტო პროექტების ფარგლებში სამეცნიერო კვლევას, დოქტორანტთა ხელმძღვანელობას მოიცავს. ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია ოთხი  სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო ოთხი კვლევის პროცესშია. სამეცნიერო სტატიებიდან ცხრამდე  სტატია გამოქვეყნებულია  Web of Science  და  Scopus საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებსა და კონფერენციის მასალებში.

_ ქალბატონო ასიკო, მეცნიერების დღესთან დაკავშირებით, ბსუ- რექტორმა მადლობის სიგელი გადმოგცათ. როგორ ფიქრობთ, თქვენს მიღწევებს შორის, რა არის უმთავრესი?

_ მიჭირს ამაზე საუბარი. ჩემი მოკრძალებული სამეცნიერო  საქმიანობა რომ ასე დაფასდა, ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას. მე ვფიქრობ, უმთავრესი არის საქმისადმი  მაღალი პასუხისმგებლობა, სამეცნიერო კვლევის სამეცნიერო პრიორიტეტთან შესაბამისობა, კვლევის კეთილსინდისიერების  დაცვა. 

_  პროფესორ ასიკო ცინცაძის ერთი ჩვეულებრივი დღე...

_ ალბათ, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე ყველა ადამიანის დღე ჩვეულებრივად დილის რუტინით იწყება, სწრაფად მომზადება და პირველ რიგში ფიქრი იმაზე, რომ მიუხედავად შინაგანი მდგომარეობისა,  ჩავატარო სრულფასოვანი მეცადინეობა. სხვათა შორის,  ბოლო წლებში  მომეტებული საქმის დროულად შესრულების პრობლემის გამო, დავიწყე ეკონომისტებისათვის ცნობილი  პარეტოს პრინციპით დროის მენეჯმენტის გაწერა: შესასრულებელი საქმის დალაგება მნიშვნელოვნების მიხედვით, რომელიც ძალიან დამეხმარა ჩემი ფუნქციების დროულად შესრულებაში. მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან განვიცდი ჩემზე დაკისრებული  ფუნქციის შესრულების დროსაც და ხარისხსაც. 36 წელია ლექტორი ვარ და დამიჯერეთ, დღესაც ყოველ ლექციაზე შესვლისას  გული მიძგერს. დღის დიდი ნაწილი სასწავლო პროცესისათვის  საჭირო  საქმიანობას უჭირავს.

მოგეხსენებათ, სამეცნიერო საქმიანობა მშვიდ გარემოს მოითხოვს, ამიტომაც ჩემთვის დღე უნივერსიტეტში არ სრულდება, გრძელდება  სახლში და ხშირად გვიან ღამემდეც. თუმცა იმდენად დიდია ჩემში ამ საქმიანობისადმი სიყვარული, რომ ნამდვილად არ ვწუწუნებ.

_ თქვენ და თქვენი სტუდენტები - რაში მდგომარეობს თქვენეული ურთიერთობის ხელოვნება?

_ კარგად მახსოვს, სკოლაში  გვისვამდნენ კითხვებს მომავალ პროფესიაზე და ჩემი პასუხი იყო: მასწავლებელი მინდა გამოვიდე მეთქი, მაგრამ ცხოვრებამ  სხვა გზით წამიყვანა - გავხდი ინჟინერი. ამ საქმიანობასაც ხარატის პოზიციიდან დაწყებული ინჟინერ-ტექნოლოგის პოზიციამდე 5-6 წელი ვემსახურე.  გამიმართლა და გავხდი მასწავლებელი.  არ იყო მარტივი იმ გზის გავლა, რომელმაც დღემდე მომიყვანა.   დამეთანხმებით,  მარტივი არაა იყო სასურველი ლექტორი   ყველა სტუდენტისათვის. ზოგჯერ სტუდენტი და ზოგჯერ ალბათ ჩვენც განვაპირობებთ კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ...და მაინც რა არის სტუდენტებთან ურთიერთობის ხელოვნება? _ ჩემი აზრით, პირველ რიგში სტუდენტმა შენში უნდა დაინახოს მასწავლებელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უნდა იყო ობიექტური, მეგობრული აუდიტორიის გარეთ, გამგები მათი პრობლემისა და მომგვარებელიც ისე, რომ არ დააზიანო არც საკუთარი იმიჯი და არც სტუდენტისა. მე მიყვარს სტუდენტები, ჩემი მიღწევების დიდი ნაწილი მათი დამსახურებაა. დამეთანხმებით, თუ სტუდენტებმა არ გაღიარეს მასწავლებლად, სხვა არანაირ ცენზს ფასი არ აქვს.

_ თქვენი სამომავლო გეგმები...

_ სამომავლო გეგმები?  მე ცხოვრების იმ პერიოდში ვარ ახლა, სამომავლო გეგმებს სამეცნიერო საქმიანობასთან უფრო მეტად უნდა ვაკავშირებდე და ეს ასეცაა.  ის ცოდნა, გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა, უკეთეს შესაძლებლობას  მაძლევს  ახალგაზრდა მეცნიერებთან  ერთად  გავაგრძელო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა... რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად...

გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ მკითხველი ეტაპობრივად ინტერვიუებს სხვა მეცნიერ-მკვლევრებთანაც გაეცნობა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა