გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ემზარ მაკარაძე - 55

სურათი

ბატონი ემზარი მრავალი წელია ეწევა პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურა როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების მხრიდან. მან თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობით და სანიმუშო პროფესიონალიზმით შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სამეცნიერო სფეროში. ამის დასტურია მის მიერ გამოქვეყნებული ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი თუ სტატია,  ასევე მონოგრაფია, რომლებიც სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენაზე არსებულ შეუცვლელ სახელმძღვანელოებს წარმოადგენენ. მართალია ბატონი ემზარის ძირითად სამოღვაწეო საქმიანობა ბათუმის უნივერსიტეტს უკავშირდება, თუმცა კვლევის სამეცნიერო არეალი საკმაოდ ფართოა. იგი მუდმივად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, სადაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კოლეგებს. იგი არის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტის ავტორი. მუდმივად ჩართულია სტაჟირებისა და ტრენინგების პროცესში.

პროფესორ ემზარ მაკარაძის  სამუშაო გზა ბათუმის მე-18 საბავშვო ბაგა–ბაღის დარაჯის (1987-1992 წლებში) თანამდებობიდან იწყება  და უნივერისტეტის პროფე-სორობამდე გრძელდება.

ამჟამად პროფესორი ემზარ მაკარაძე თავდაუზოგავ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1992-1994 წწ. ის იყო ამ უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის ლაბორანტი,  1994-1998 წწ. ამავე კათედრაზე ასისტენტი, 1999-2000 წწ. დოცენტი და ამავე წლებში ეკავა ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობა. 2000-2005 წწ. მუშაობდა ჰუმანიტარულ-აღმზრდელობითი მუშაობის განყოფილების გამგედ, 2006-2009 წწ. იყო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2013 წწ. მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად, 2013-2015 წწ. ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან, დაინიშნა აღმოსავლეთმცოდნეობის  დეპარტამენტის პირველ ხელმძღვანელად, სადაც დღესაც აგრძელებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

პროფესორ ემზარ მაკარაძის ძირითადი სამეცნიერო ინტერესის სფეროა  თანამედროვე თურქეთის ისტორია, მაგრამ ასევე იკვლევს მსოფლიო ისტორიის, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის  აქტუალურ საკითხებს.  სწორედ ამ საკითხებს ეხება მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები და მონოგრაფიები. ბოლო ათეული წლის განმავლობაში მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 8 მონოგრაფია,  45 ნაშრომი, მონაწილეობა აქვს მიღებული 32 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში, 8 საგრანტო პროექტსა და 34 ტრენინგში.

გარდა ზემოჩამოთვლილი მიღწევებისა, პროფესორ ემზარ მაკარაძის  ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაფუძნდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“, რომელიც 2018 წლიდან დღემდე გამოდის და მას წარმატებით უძღვება როგორც მთავარი რედაქტორი.

ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნემ“, ხელმძღვანელის დიდი შრომის შემდეგ,  საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო დიდი წარმატება მოიპოვა. 2023 წლის 9 იანვარს ჟურნალს ევროპის საცნობარო ინდექსი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში - ERIHPIUS-ი მიენიჭა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ პროფესორ ემზარ მაკარაძის მიდგომები საქმისა და საკუთარი სტუდენტებისადმი. ამას ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციაც ცხადყოფს. ბატონი ემზარი წარმატებით უძღვება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს. კითხულობს რამდენიმე კურსს საბაკალავრო,  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. ის მუდამ მზადაა, რომ დახმარების ხელი გაუწოდოს ახალგაზრდა მეცნიერებს, მისცეს მათ საჭირო რჩევები და გზა უჩვენოს მომავალი სამეცნიერო საქმიანობისკენ.

ემზარ მაკარაძის ხელმძღვანელობით არაერთ ბაკალავრს, მაგისტრსა და დოქტორანტს წარმატებით განუხორციელებია საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობა. მასთან თანამშრომლობა განათლებას, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას ეფუძნება. ბატონი ემზარი საკუთარი პრინციპებითა და ღირებულებებით ქალაქის ერთ-ერთი აქტიური და ცნობილი სახეა. მრავალ სხვა ღირსებასთან ერთად, მისი მეუღლეც და ვაჟიშვილიც, პროფესორის მსგავსად, სამეცნიერო სფეროში წარმატებით საქმიანობენ.

და ბოლოს, ფაკულტეტის, დეპარტამენტის, სტუდენტების, კოლეგების, ახლობლების სახელით ვულოცავთ 55 წლის იუბილეს ბატონ ემზარს! ჯანის სიმრთელეს, წარმატებულ კვლევით-შემოქმედებით საქმიანობას,  მხნეობას და უშრეტ ენერგიას ვუსურვებთ ერთიან და ძლიერ ქვეყანაში. 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა