
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ლილე თანდილავას, დაბადებიდან სამოცდახუთი წელი შეუსრულდა.
ქალბატონი ლილე თანდილავა დაიბადა 1961 წლის 12 მაისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში. 1977 წელს დაამთავრა სარფის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თურქული ენისა და ლიტერატურის და თურქული ენის მასწავლებლის სპეციალობით, რომლის სრული კურსი დაასრულა 1982 წელს.
ქალბატონი ლილე თანდილავა 1983-1987 წლებში მუშაობდა სარფის საშუალო სკოლაში ჯერ დაწყებითი კლასის, ხოლო შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
1992 წლის სექტემბრიდან ქალბატონმა ლილემ მუშაობა დაიწყო გონიოს კოოპერატიულ ინსტიტუტში თურქული ენის მასწავლებლად, ხოლო 1994 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში: იყო ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის მასწავლებელი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2015 წლიდან დღემდე მოღვაწეობს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში.
ლილე თანდილავამ 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა თურქული ენის სპეციალობით და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს თურქული ენის, თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობების კვლევა.
ლილე თანდილავა ერუდირებული, მაღალკვალიფიცირებული ლექტორია. წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თურქოლოგიის სპეციალობაზე.
ლილე თანდილავას 35 წლის პედაგოგიური სტაჟი აქვს; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები; მონაწილეობს საერთაშორისო სემინარებში, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში; საგრანტო პროექტებში; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია.
ლილე თანდილავას ხელმძღვანელობით არაერთ ბაკალავრს, მაგისტრსა და დოქტორანტს წარმატებით განუხორციელებია საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობა. მასთან თანამშრომლობა განათლებას, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას ეფუძნება. ქალბატონი ლილე, საკუთარი პრინციპებითა და ღირებულებებით ქალაქის ერთ-ერთი აქტიური და ცნობილი სახეა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტმა, ღვაწლმოსილ პედაგოგს, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის, ლილე თანდილავა დააჯილდოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მადლობის სიგელით.
…და ბოლოს, ფაკულტეტის, დეპარტამენტის, სტუდენტების, კოლეგების, ახლობლების სახელით ვულოცავთ 65 წლის იუბილეს ქალბატონ ლილეს! ჯანის სიმრთელეს, წარმატებულ კვლევით-შემოქმედებით საქმიანობას, მხნეობას და უშრეტ ენერგიას ვუსურვებთ ერთიან და ძლიერ ქვეყანაში.
პროფესორი ემზარ მაკარაძე
აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი
| უკან |
